ბალიში-სათბური ალუბლის კურკებისგან - საუკეთესო საშუალება თქვენს საოჯახო აფთიაქში - მშობლები

ბალიში-სათბური ალუბლის კურკებისგან - საუკეთესო საშუალება თქვენს საოჯახო აფთიაქში

2015-06-08 04:17:18+04:00

გაოცდებით, ისეთი ეფექტი აქვს მუცლის, თავის ტკივილისას, სპაზმების დროს, ბრტყელტერფიანობისას ამ მშრალი სათბურის შესახებ შეიძლება, გაგიგონიათ კიდეც. გამოცდილი დედები, განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებში, მას კარგად იცნობენ. საუკეთესო საშუალებაა მუცლის ტკივილის, ჩვილებში კოლიკების დროს, ასევე ბრტყელტერფიანობის დროს - მასაჟისთვის, და ბევრი სხვა დადებითი თვისებაც აქვს. თუ მოინდომებთ, საკუთარი ხელით გაკეთებაც შეიძლება.

ბალიში-სათბური ივსება ბრინჯით, ყურძნის წიპწებით, ბარდით, თუმცა ერთ-ერთი საუკეთესო ეფექტი მათ შორის, ალუბლის კურკებს აქვს. მისი უნიკალობა იმაშია, რომ დიდი ხნით ინარჩუნებს სითბოსა და სიცივეს. ღუმელში (150 გრადუსზე, 5 წუთით), მიკროტალღურში (1-2 წუთით) ან გამათბობელზე გამთბარი სათბური ან საყინულეში გაყინული, სწრაფად ცხელდება და სწრაფად ცივდება, სამაგიეროდ, დიდხანს ინარჩუნებს ტემპერატურას. კურკები თანაბრად ანაწილებს სითბოს და ნელ-ნელა გამოსცემს, რაც გამორიცხავს დამწვრობის ან გადახურების რისკს. ასევეა სიცივის შემთხვევაში. ცივ წყალში დასველებული პირსახოცის თუ მალე დნობადი ყინულისგან განსხვავებით, ის დიდხანს რჩება თანაბრად ცივი.

mshoblebi

სათბურის გამოყენება ძალიან ბევრ შემთხვევაში შეიძლება.

სასარგებლო, მშრალი სითბო შეიძლება გამოიყენონ როგორც უფროსებმა, ასევე პატარებმა, საჭირო სიტუაციის დროს.

თბილი სათბურის გამოყენება შეიძლება კოლიკებისას, კუნთების, ყურის, კისრის ტკივილის ან გაციების დროს. დაღლილობისას, სტრესის მოსახსნელად, სპაზმებისას, მენსტრუალური ტკივილის დროს.

ცივი სახით კარგია მაღალი ტემპერატურის, თავის ტკივილის, ცხვირიდან სისხლდენის, დაჭიმულობის დროს, ასევე დაცემის ან სხვა შემთხვევისას, უცებ მისადებად.

მისი გამოყენება ასევე შეიძლება, როგორც მასაჟორი, რომელიმე უბნის მასაჟისთვის და განსაკუთრებით, ბრტყელტერფიანობის დროს.

ალუბლის სათბური აუცილებლად მრავალმხრივ გამოყენებას ჰპოვებს თქვენს სახლში და ერთი სასარგებლო ნივთი შეემატება თქვენს საოჯახო აფთიაქს.

mshoblebi

ახლა კი მისი დამზადება ვისწავლოთ:

რაც შეეხება კურკებს, სეზონზე მათი მოძიება იოლია, თუ ზამთარში მოგინდებათ მისი შეკერვა, არც ეგაა პრობლემა. ბებიები ზამთრისათვის იმარაგებენ ალუბლის კომპოტსა თუ მურაბებს. სწორედ მისი კურკებიც გამოდგება ჩვენი ბალიშისათვის. მოაგროვეთ კურკები (დაახლოებით 250-300 გრამი) და შეკერეთ ბალიში-სათბური მთელი ოჯახისათვის. აუცილებელი პირობაა კურკების კარგად გარეცხვა და ღუმელში გამოწვა!

აიღეთ ე.წ. „ბიაზის“ ნაჭერი (ან ბამბაზიის, ან რომელიმე სხვა, რბილი ნაჭერი). იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობის კურკები გაქვთ, გამოჭერით შესაბამისი ზომის კვადრატი (2 ცალი ). გაკერეთ ყველა გვერდი ერთის გარდა. ამოატრიალეთ თითქმის მზა კვადრატი და ჩაყარეთ შიგნით კურკები. დარჩენილი ადგილი გაკერეთ ხელით ან მანქანით.

შეგიძლიათ, მას არა კვადრატის, არამედ რომელიმე ცხოველის ფორმა მისცეთ, პატარა თათებიც მიაკეროთ და ბავშვისთვის ნამდვილ სათამაშოდ აქციოთ - სასარგებლო სათამაშოდ.

mshoblebi