როგორ დავამეგობროთ დედმამიშვილები ერთმანეთთან - მშობლები

როგორ დავამეგობროთ დედმამიშვილები ერთმანეთთან

2015-06-11 17:57:34+04:00

მთავარი წესები ფსიქოლოგებისგან, რომ ბავშვები მეგობრებად ჩამოყალიბდნენ და არა მტრებად მიეცით ბავშვებს უფლება, გამოავლინონ ყურადღება და მზრუნველობა ერთმანეთის მიმართ. არ დააძალოთ, მაგრამ მიესალმეთ ინიციატივას. მაგალითად, ბავშვმა აწყენინა ვიღაცას. მიეცით უფლება, რომ თვითონ დაამშვიდოს განაწყენებული ბავშვი, თქვენ ნუ ჩაერევით. ასე ბავშვი მიხვდება, რომ ყველამ შეიძლება დაუშვას შეცდომა, მთავარია, იცოდეს, როგორ გამოასწოროს. უკარნახეთ, რითი შეიძლება დაეხმარონ ერთმანეთს, როდესაც ერთად აკეთებენ საქმეს. ხაზი გაუსვით თითოეული ბავშვის ინდივიდუალურობას და მნიშვნელობას თქვენთვის. არასოდეს შეადაროთ ბავშვები ერთმანეთს. ეს ერთმანეთთან კონკურენციის არაჯანსაღი სტიმულია, მშობლების ყურადღების დასამსახურებლად. ნუ დაარქმევთ სახელებს: „ჩემი მომღერალი“, ან „ჩემი მათემატიკოსი“. ამით მშობლები აუფასურებენ ბავშვის დანარჩენ შესაძლებლობებს. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება თითოეულ მათგანს. თუ ორივე ბავშვი ერთდროულად ითხოვს თქვენს ყურადღებას, პერიოდულად მიაქციეთ ყურადღება ჯერ უფროსს, შემდეგ - უმცროსს. ნუ ჩაახშობთ კონფლიქტს, მაგრამ ასწავლეთ თავიანთი ემოციის სწორად გამოხატვა. ბავშვებს აქვთ უფლება, გამოხატონ ნეგატიური გრძნობა ერთმანეთის მიმართ. ყოველთვის არაა საჭირო ჩარევა ბავშვების კონფლიქტსა თუ შელაპარაკებაში და საკუთარი განაჩენის გამოტანა. კონფლიქტის დროს ნუ მიემხრობით ნურც ერთ მხარეს. შეახსენეთ ურთიერთობის პოზიტიური და სახალისო სიტუაციები. როგორ დაეხმარა, გააცინა, ასწავლა მეორეს. ხაზი გაუსვით იმას, რომ ეს ყველაფერი მან გააკეთა მის მიმართ სიყვარულის გამოსახატავად. უთხარით, რომ ოჯახი მთავარი და მნიშვნელოვანია. რომ დედმამიშვილები ყველაზე ახლობელი და საყვარელი ადამიანები არიან, როგორც არ უნდა გაბრაზდნენ ერთმანეთზე. გახსოვდეთ, რომ „უფროსები“ მაინც ბავშვები არიან. არ არის სწორი, როდესაც მათგან ითხოვთ მეტს იმიტომ, რომ უკვე „დიდები" არიან და მეტი მოეთხოვებათ. ნუ დაავალდებულებთ უფროსებს, უმცროსებზე მზრუნველობას. თუ უფროსმა თავად გამოხატა სურვილი უმცროსზე მზრუნველობისა და ამას აკეთებს სიამოვნებით, თქვენი მხრიდან გამოხატეთ მადლიერება. თუ 2 წლის უფროსი შვილი გთხოვთ ახალშობილის ხელში დაჭერას, მოფერებას და მზრუნველობას გამოხატავს მის მიმართ, უარს ნუ ეტყვით, რომც გეშინოდეთ, მაინც. უფროს ბავშვს ნუ მისცემთ ფუჭ იმედებს, რომ მისი პატარა და ან ძმა მალე გაიზრდება და მასთან ერთად ითამაშებს. უკეთესი იქნება, თუ რეალურად დაუხატავთ უახლოეს მომავალს: რომ ის ჩქარა ვერ ითამაშებს მასთან, რომ სანამ გაიზრდება, ბევრს იტირებს. უფროსმა უნდა იცოდეს, რომ პატარამ უნდა ჭამოს და ხშირად იძინოს დედის გვერდზე. მოაწყვეთ „თოჯინების თეატრი“ უმცროს შვილთან მანამ, სანამ ის არ ლაპარაკობს. წარმოთქვით მის მაგივრად ფრაზები, ითამაშეთ უფროსთან ერთად დაჭერობანა და სხვა თამაშები. ნუ შეუზღუდავთ ბავშვებს კონტაქტს მაშინ, როდესაც უფროსს გულწრფელად უნდა უმცროსთან დაახლოება. არ ჩაუხშოთ ეს სურვილი თქვენი უხეში რეაქციებით. არ გააცალკევოთ ბავშვები ერთმანეთისაგან. თუ პატარის გაჩენის შემდგომ უფროსს მიაბარებთ ბებიას ან ძიძას, მაშინ ბავშვებს ერთმანეთთან მეგობრული ურთიერთობის ნაკლები შანსი ექნებათ. დადგით ბავშვების საწოლები გვერდიგვერდ, რათა ერთმანეთთან ახლოს იყვნენ. მიეცით უფლება უფროსს, იზრუნოს უმცროს დასა თუ ძმაზე: დაიხმარეთ ბავშვის გახვევაში. უთხარით, რომ მისცეს მატყუარა, დართეთ ნება, მასთან ერთად იწვეს საწოლში, მოუყვეს ზღაპარი. თქვენ კი გამუდმებით ადევნეთ თვალყური. მიეცით უფროსს თოჯინა, რათა მანაც შეძლოს ის, რასაც თქვენ აკეთებთ: გაახვიოს, გამოუცვალოს პამპერსი, აჭამოს და ა.შ. ფოტოების დათვალიერებისას აღნიშნეთ მსგავსება თავის დასთან (ძმასთან) და ხაზი გაუსვით ინდივიდუალურობას. გამოუყავით თითოეულ ბავშვს თავისი ზონა და მხოლოდ მისი ნივთები, რომლებსაც ვერავინ შეეხება დაუკითხავად. გაითვალისწინეთ თითოეული ბავშვის ინტერესი. არ ატაროთ მეორე ბავშვი იმავე წრეზე, რაზეც ერთი დადის. მით უმეტეს, თუ მისთვის ეს წრე საინტერესო არ არის. არ ჩააცვათ ერთნაირად, გაითვალისწინეთ მათი ინდივიდუალური მოთხოვნილებები. ბავშვებთან თამაშის დროს უფროსს შეუძლია მისცეს რაიმე სათამაშო უმცროსს და ამით ყურადღება გადაუტანოს, რათა უმცროსს აღარ ჰქონდეს უფროსებთან ერთად თამაშის სურვილი, არ შეიჭრას უფროსის ტერიტორიაზე და არ ჩაუშალოს თამაში.