ცაციაა თუ არა ბავშვი, სამი წლის ასაკიდან ვლინდება ახალშობილის ტვინის ნახევარსფეროები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებენ. ამიტომ არის, რომ ახალშობილს მოძრაობა არაკოორდინირებული, ქაოსური აქვს, მიუხედავად იმისა, მემარჯვენეა თუ ცაცია. ამის ჩამოყალიბება, როგორც დადგენილია, მუცლადყოფნის პერიოდშივე ხდება, მაგრამ რეალურად სამი წლის ასაკის კრიზისის შემდეგ ვლინდება, ცაციაა თუ არა ბავშვი. მარცხენა ჰემისფეროს დომინირებისას ბავშვი უპირატესად მარჯვენა ხელს იყენებს, ხოლო მარჯვენა ჰემისფეროს დომინირებისას - მარცხენას. ვარჯიშის შედეგად შესაძლებელია მემარცხენეებმა მარჯვენა ხელით წერა და ხატვა შეძლონ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამგვარი ვარჯიშების შემდგომ თავის ტვინში ისეთი პროცესები ვითარდება, რომლებიც ნეგატიურად აისახება ადამიანის მდგომარეობაზე, მის ფსიქოემოციურ ფონზე, მეტყველების პროცესზე და სხვა.
ტვინი განსაზღვრავს ჩვენს ყველა ქმედებას, არეგულირებს ორგანიზმის მუშაობას, აკონტროლებს ქცევას. როგორც აღმოჩნდა, ჩვენ შეგვიძლია თავის ტვინის ნახევარსფეროების კოორდინირებულ მუშაობაზეც ვიზრუნოთ. გასაოცარია, მაგრამ ბავშვი ტვინის ორი მარჯვენა ნახევარსფეროთი იბადება. ეს, რა თქმა უნდა, ხატოვანი თქმაა. საუბარია თავის ტვინის ნახევარსფეროების ფუნქციურ სპეციალიზაციაზე. შემდგომ, ბავშვის ზრდასთან ერთად, ვლინდება მარცხენა ჰემისფეროს ფუნქციებიც. ამ პროცესის სტიმულატორი კი არის მეტყველების ათვისება და საკუთარი თავის შეცნობა. სწორედ ამის გამო იჩენს თავს მარჯვენა და მარცხენა ჰემისფეროების ფუნქციები სამი წლის ასაკის კრიზისის შემდეგ - ვლინდება, ცაციაა თუ არა ბავშვი. მარცხენა ჰემისფეროს დომინირებისას ბავშვი უპირატესად მარჯვენა ხელს იყენებს, ხოლო მარჯვენა ჰემისფეროს დომინირებისას - მარცხენას.
მთელის ორი ნაწილი
შვიდი წლისთვის ბავშვს სავსებით უნდა ჰქონდეს განვითარებული, უპირველეს ყოვლისა, მარჯვენა ჰემისფეროს ფუნქციები. მოდი, გავარკვიოთ, რას ნიშნავს ეს. მარჯვენა ჰემისფერო განაგებს მუსიკალურ და მხატვრულ შემოქმედებას, ინიციატივას, ხატოვან აზროვნებას, ნახევარსფეროთა შორის ურთიერთქმედებას, ხოლო მარცხენა - მეტყველებას, წერისა და კითხვის უნარს, აბსტრაქტულ აზროვნებასა და ლოგიკურ გადაწყვეტილებებს, მოტორულ სფეროს. ეს ფუნქციები მაქსიმალურად მოწაფეობის პერიოდში ვითარდება.
მოძრაობა სტიმულია
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის აუცილებელია მისი მაღალი ფიზიკური აქტიურობა. თავის ტვინის ნახევარსფეროებისა და მათ შორის კავშირის განვითარების სტიმულირებისთვის სასარგებლოა კინეზოლოგიური ვარჯიშების კომპლექსი. კინეზოლოგია მეცნიერებაა მოძრაობის შესახებ. ის ემსახურება მოძრაობათა გამოყენებას ადამიანის სულიერი და ფიზიკური განვითარებისთვის. როდესაც ბავშვი რეგულარულად ასრულებს შემხვედრ მოძრაობათა კომპლექსს, წარმოიქმნება თავის ტვინის ნახევარსფეროების დამაკავშირებელი უფრო მეტი ნერვული ბოჭკო, ეს კი ხელს უწყობს ბავშვის უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების განვითარებას. ნახევარსფეროთა შორის ურთიერთქმედების განვითარებისთვის მოწოდებული ვარჯიშები აუმჯობესებს აზროვნების პროცესს, ხელს უწყობს ნახევარსფეროების მუშაობის სინქრონიზაციას, აუმჯობესებს მეხსიერებას, ყურადღებას, აადვილებს წერის სწავლას.
მნიშვნელოვანი წესები:
ხუთი-შვიდი წლის ბავშვის ვარჯიში 20-35 წუთს უნდა გრძელდებოდეს.
აუცილებელია ვარჯიში ყოველდღე.
თითოეული კომპლექსი 45-60 დღის განმავლობაში უნდა შესრულდეს.
სასურველია, ვარჯიშიდან ვარჯიშამდე ორი კვირით შევისვენოთ.
კომპლექსი #1
რგოლი. სთხოვეთ ბავშვს, რიგრიგობით და რაც შეიძლება სწრაფად მიადოს ცერა თითს დანარჩენი თითები ჯერ საჩვენებლიდან ცერისკენ, შემდეგ კი პირიქით. ვარჯიში შეასრულებინეთ ჯერ ცალი ხელით, შემდეგ - ორივეთი.
მუშტი-კიდე-ხელისგული. ერთმანეთს ენაცვლება ხელის სხვადასხვაგვარი მდგომარეობა. ხელისგული დევს მაგიდაზე გაშლილი, იკვრება მუშტად, მუშტი გვერდულად იდება მაგიდაზე, შემდეგ ხელი კვლავ იშლება. ვარჯიში ჯერ მარჯვენა ხელით სრულდება, შემდეგ - მარცხენით, მერე მუშაობს ორივე ხელი. გამეორება საჭიროა 8-10-ჯერ. თუ ბავშვს ამ ვარჯიშის შესრულება უჭირს, უნდა დავეხმაროთ მითითებით: "მუშტი! კიდე! ხელისგული!"
ლეკური. მარჯვენა ხელი მუშტად იკვრება, ცერი განზე უნდა იყოს გაშვერილი. მარცხენა ხელის გაშლილი მტევანი ეხება ცერს. შემდეგ იგივე მოძრაობა პირიქით სრულდება. მოძრაობები ჩქარ-ჩქარა მეორდება.
ბაყაყი. ბავშვი ორივე ხელს მაგიდაზე აწყობს, ერთს - გაშლილს, მეორეს - მუშტად შეკრულს, და ჩქარ-ჩქარა ცვლის მტევნების მდგომარეობას.