უსაფრთხოების წესები – ბავშვისთვის ყველაზე სახიფათო ადგილები სამზარეულოში სანამ პატარა არ დადის, მისი უსაფრთხოების დაცვა ძალიან მარტივია – ის სულ ერთ ადგილას არის. მაგრამ როგორც კი ფეხს აიდგამს თუ ცოცვას დაიწყებს, რისკის ზონა იზრდება. ყველაზე სახიფათო კი სამზარეულოა, სადაც მას ბევრი საფრთხე ელის. თქვენი ვალია, მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოების წესები და რისკი მინიმუმამდე დაიყვანოთ.
გაზქურა
• ეცადეთ, შედარებით უკან მდებარე კამფორებით ისარგებლოთ და ცხელი, ადუღებული ქვაბები თუ ჩაიდნებიც ყოველთვის უკანა ფლანგზე განათავსოთ, რომ ბავშვი ვერ მიწვდეს.
• მაქსიმალურად შემოსაზღვრეთ ადგილი გაზქურის გარშემო და ბავშვს აუხსენით (თუნდაც არაფერი ესმოდეს), რომ იმ ზონაში შესვლა საშიშია.
• არაფრით არ დატოვოთ ბავშვი სამზარეულოში უმეთვალყუროდ.
მაგიდა და კარადები
• თუ მაგიდაზე გადასაფარებელი გაქვთ, ეცადეთ, რომ მისი ნაპირები ნაკლებად იყოს ჩამოკიდებული – ბავშვმა შეიძლება ჩამოქაჩოს, ან ადგომა სცადოს სუფრაზე მოჭიდებით, მერე რა იქნება – გასაგებია.
• ნაკლებად უნდა სწვდებოდეს კარადის უჯრებსა და თაროებს. არ უნდა დატოვოთ ღია, პირველ რიგში იმისთვის, რომ ხელი არ მოიყოლოს მისი ჩაკეტვისას, და ასევე იმისთვის, რომ სახიფათო ნივთები არ აიღოს – დანები, ჩანგლები, თეფშები...
• ბავშვის დონეზე დადექით და მოათვალიერეთ, რას შეიძლება მისწვდეს. პოტენციურად მისაწვდომ ადგილებში არ დატოვოთ დანები, ჩანგლები, ცხელი ჭურჭელი და სხვა სახიფათო ნივთები.
ფანჯრები
• გახსოვდეთ, ბავშვი რომც არ დადიოდეს ჯერ და მხოლოდ დაცოცავდეს, ნებისმიერ მომენტში შეუძლია ფეხზე ადგომა. ბავშვის განვითარებაში პროგრესი ხშირად მოულოდნელი და სწრაფია. ამიტომ ეცადეთ, ფანჯარასთან ახლოს არ დატოვოთ სკამი ან ნებისმიერი სხვა ნივთი, რომელიც პაწია ცნობისმოყვარეს ფანჯრამდე აცოცებაში დაეხმარება.
• არასდროს ენდოთ მწერების საწინააღმდეგო – მას თუ მიაწვება, ბადე ვერ გაუძლებს ბავშვის წონას. ბევრი ტრაგიკული შემთხვევა ყოფილა, როცა მწერების საწინააღმდეგო ბადეს უმტყუნია... მხოლოდ ჩაკეტილ ფანჯარასთან დააყენეთ ბავშვი, თქვენივე ხელში მყოფი, და ისე, რომ საკეტს ვერ სწვდებოდეს.
• დღესდღეობით ძალიან ბევრი დამცავი ნივთი იყიდება, დაინტერესდით – მაგიდის კუთხეებზე მისამაგრებელი ბურთულები, რომ ახალფეხადგმულმა პატარამ კუთხეებს თავი არ ურტყას, "შტეფსელებზე" მისამაგრებელი დამცავები, სახელურების და საკეტების ფიქსატორები და ა.შ.
და კიდევ ერთხელ გახსოვდეთ – არასდროს დატოვოთ ბავშვი სამზარეულოში უყურადღებოდ. ერთი წუთითაც რომ გადიოდეთ, ფანჯარაც უნდა ჩაკეტოთ, გაზიც გამორთოთ და კარადაც დახუროთ.
ასევე დაგაინტერესებთ