ეს მარხვა თევზით ხსნილი არ არის, მხოლოდ 19 აგვისტოს - ფერისცვალებას შეგიძლიათ იხმიოთ თევზი დღეიდან მარიამობის მარხვა დაიწყო, ის ორკვირიანია და 28 აგვისტოს ღვთისმშობლის მიძინების დღეს - "მარიამობას" დასრულდება.
მარიამობის მარხვის მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ მარხვა, ნარიყალას წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი გვესაუბრება.
- საეკლესიო სწავლებით წელიწადში დადგენილია ოთხი მარხვა, - მარიამობის, შობის, აღდგომისა და პეტრე-პავლობის. ყველა მარხვის შინაარსი ერთი და იგივეა, მაგრამ ხანგრძლივობით და ისტორიით სხვადასხვა.
მარხვებს შორის უპირატესი დიდი, ანუ აღდგომისა და შობის მარხვაა. ვინმემ შეიძლება გაიკვირვოს, მიძინება ხომ იგივე გარდაცვალებაა და როგორ შეიძლება შენი საყვარელი ადამიანის გარდაცვალება იდღესასწაულო? ეკლესიური სწავლებით წმინდანი, რომელიც გარდაიცვლება, ანუ მიიძინებს, უფრო ახლოს მიდის ღმერთთან და მას უფრო მეტი დახმარების გაწევა შეუძლია ჩვენთვის.
საეკლესიო გადმოცემით, ქმნილებათა შორის, მხოლოდ ღვთისმშობელი ბრძანდება დღეს სასუფეველში სხეულებრივად. როცა ადამიანი გარდაიცვლება, სული გაეყრება ხორცს, სასუფეველში მარტო წმინდანთა სულები არიან, აღდგომას მათი სულები ისევ ხორცს შეუერთდება, მაგრამ ღვთისმშობელი ერთადერთი ქმნილებაა, რომელიც სულით და ხორცით არის სასუფეველში.
ამას გარდა, ღვთისმშობელი იერარქიულად ყველაზე მაღლა დგას. არსებობს ლოცვა "ღირს არს", რომელიც ასე გამოითქმის - "უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესა სერბიმთასა" ანუ საეკლესიო სწავლებით, სანამ ღვთისმშობელი სასუფეველში ამაღლდებოდა, მანამდე წმინდა სამების შემდეგ იერარქიულად იყვნენ სერაბიმ-ქერუბიმები, ღმერთმა კი მათზე მაღლა ღვთისმშობელი დააყენა, ეს ძალიან დიდი წყალობაა.
- რატომ აღინიშნება მარიამობა 28 აგვისტოს?
- საეკლესიო ახალი წელი 14 სექტემბერს არის, ხოლო 19-ში ღვთისმშობლის შობაა, ანუ საეკლესიო დღესასწაული ღვთისმშობლის შობით იწყება, საეკლესიო წელიწადი კი ღვთისმშობლის მიძინებით სრულდება, ეს საეკლესიოა მამების მიერაა დადგენილი. ამ დღეს მიიცვალა ღვთისმშობელი. მისი მიძინებით მთავრდება საეკლესიო წელიწადი და ღვთისმშობლის შობით იწყება ახალი საეკლესიო წელიწადი. გაგრძელება