რა მათემატიკური უნარები უნდა ჰქონდეს ბავშვს, რომელიც სკოლაში შედის - გადაამოწმეთ და შეამზადეთ სკოლისთვის - მშობლები

რა მათემატიკური უნარები უნდა ჰქონდეს ბავშვს, რომელიც სკოლაში შედის - გადაამოწმეთ და შეამზადეთ სკოლისთვის

2015-08-26 05:42:42+04:00

თუ პატარა მოსამზადებელ ჯგუფშია, მაშინ იქაც უნდა აათვისებინონ ეს უნარები - რეკომენდაციები სპეციალისტისგან

არის გარკვეული უნარები და ცოდნა, რაც სკოლაში მიმავალმა ბავშვმა უნდა იცოდეს. რასაკვირველია, ამასაც და ბევრ სხვა რამესაც, სკოლაშიც ასწავლიან, მაგრამ სწავლა და ათვისება რომ არ გაუჭირდეს, გარკვეული ცოდნა და მომზადება უკვე უნდა ჰქონდეს. განსაკუთრებით, თუ პატარა მოსამზადებელ ჯგუფშია და სასკოლედ ემზადება, იქაც უნდა აათვისებინონ ეს უნარები. ამ საკითხზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნუგზარ აბაკელია გვესაუბრება და რეკომენდაციებს აძლევს მშობლებს. გთავაზობთ მის წერილს:

"ბავშვის ცხოვრების არსი მდგომარეობს მის სწრაფვაში, გახდეს დიდი, აღნიშნული ტენდენცია ვლინდება მის ყოველდღიურ ცხოვრებაში – თამაში, ცელქობა, კოგნიტური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება (ისწავლოს ასოები, თვლა, დაეუფლოს კითხვას და ა.შ.). მას ასევე ძალიან უნდა, გახდეს სკოლის მოსწავლე და მოემზადოს სკოლაში სწავლისათვის. ჩვენ, უფროსები, ვთანხმდებით მოსაზრებაზე, რომ საჭიროა ისე მოვაწესრიგოთ სააღმზრდელო პროცესი, რათა ბავშვი მომზადებული შეხვდეს თავისი ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს, რომელსაც ჰქვია სკოლაში სწავლა.

ვვარაუდობთ, რომ ბავშვის განვითარების ამ ეტაპზე უპრიანია განსაკუთრებული აქცენტები არ გავაკეთოთ გასაცნობი მასალის ათვისების ისეთ ფორმებზე, რომელებიც გულისხმობს რაიმე წესისა თუ პოსტულატის სწავლებას. ჩვენი ძირითადი მიზანია, შეთავაზებული ინფორმაცია გახდეს ძალიან კარგად ნაცნობი. მოგვიანებით, დაწყებით კლასებში ეს ინფორმაცია ძალიან დიდ როლს ითამაშებს მათემატიკის სწავლის პროცესში.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სკოლაში წამსვლელმა ბავშვებმა უნდა იცოდნენ:

- თვლა ათის ფარგლებში და უკუთვლაც; ციფრების სწორი დასახელება და მათი ცნობა ბეჭდვურად; რაოდენობრივი და რიგობითი რიცხვითი სახელების სწორი გამოყენება; ნუმერაციული შეკრება და გამოკლება (რიცხვზე ერთის მიმატება-გამოკლება);

- შეეძლოთ საგანთა შედარება ზომისა და რაოდენობის მიხედვით. საუბარია პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით ტერმინების - ტოლია, არატოლია, მეტია, ბევრია, ნაკლებია, ცოტაა, გრძელია, მოკლეა, დიდია, პატარაა, მაღალია, დაბალია, განიერია, ვიწროა - მართებული ხმარება;

- დაასახელონ და დაახასიათონ მარტივი გეომეტრიული ფიგურები. აქ საუბარია ბავშვებისთვის კარგად ნაცნობ მოცულობით ფიგურებზე ე.წ. ”საშენ მასალაზე“: ბირთვზე, კუბზე, ცილინდრზე, კონუსსა და პირამიდაზე; მათთან ერთად ვაცნობთ აგრეთვე - სამკუთხედს, ოთხკუთხედსა და წრეს.

- უფროსის დახმარებით, პრაქტიკული თვალსაჩინო მასალის გამოყენებით შეძლონ ელემენტარული მარტივი ამოცანა-სურათის ამოხსნა. აქ მთავარია საკვანძო სიტყვების გააზრება: კერძოდ "მოიტანა", "მოფრინდა", "მოვიდა" განსაზღვრავს მიმატებას, ხოლო "წავიდა", "წაიღო", "გაფრინდა" - გამოკლებას;

- განახორციელონ სივრცესა და დროში ორიენტაცია - ბავშვებმა, ერთის მხრივ სწორად უნდა განსაზღვრონ მიმართულება და საგნებს შორის არსებული ურთიერთობანი; მიზანმიმართულად გამოიყენონ ეს ცოდნა სივრცეში ორიენტაციისათვის: საგნებსა და ობიექტებს მიუჩინონ შეთავაზებული ადგილი, გადაადგილდენ განსაზღვრული მიმართულებით და სხვა. მეორეს მხრივ სასურველია მართებულად იხმარონ სიტყვები: გუშინ, დღეს, ხვალ, ადრე, გვიან, მანამდე, ჯერ, მერე; დაასახელონ წელიწადის დროები, მათი დამახასიათებელი ნიშნებით; კონტექსტში გამოიყენონ თვეებისა და კვირის დღეების სახელწოდებები.

აქ განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საკითხი გააზრებული ცოდნის ათვისების შესახებ:

ასამდე სხაპასხუპით თვლას, ჯობია ესმოდეს, რომ ყოველი რიცხვი მიიღება წინასაგან ერთის მიმატებით და მომდევნოსგან ერთის გამოკლებით, რომ თითოეულ რიცხვს აქვს თავისი განსაკუთრებული სახელწოდება და ადგილი, რომ თვლის დრო არ უნდა გამოვტოვოთ არც ერთი რიცხვი და არ დავთვალოთ იგი ერთჯერ მეტად და რომ მიმატების დროს შედეგი ადრინდელზე მეტია, ხოლო გამოკლების დროს - ნაკლებია;

ტოლობის შემთხვევაში აღვნიშნავთ, რომ ერთ მხარეს არის იმდენივე რაოდენობის ან ისეთივე სიგრძის (სიმაღლის,...) ობიექტი, რაც მეორე მხარეს. უტოლობის შემთხვევაში კი აღვნიშნავთ, რომ ”ერთ მხარეს არის იმდენი, რამდენიც მეორე მხარეს და კიდევ ამდენით მეტი (ბევრი) ან ნაკლები (ცოტა)”, ან “ისეთივე, რაც მეორე მხარეს, ოღონდ ამდენით გრძელი (მოკლე), მაღალი (დაბალი), დიდი (პატარა)“ და ა.შ.

ზოგიერთი მოცულობითი ფიგურა მომრგვალებული და ადვილად გორავს (ბირთვი, ცილინდრი, კონუსი), ზოგიც კუთხოვანია და მათ უჭირს გაგორება (კუბი, პირამიდა). კუთხოვნობითა და მრგვალობით ვასხვავებთ აგრეთვე ბრტყელ ფიგურებსაც: წრე მრგვალია, ხოლო სამკუთხედი და ოთხკუხედი - კუთხოვანი, და ა.შ."