ვაჟა-ფშაველას ნამდვილი სახელი შეიძლება ბევრმა იცოდეს, თუმცა ბუმბერაზი პოეტის პირადი ცხოვრება და სიყვარულის ისტორიები - ცოტამ. ცნობილია, რომ ვაჟას ორი ცოლი ჰყავდა, სიყვარულით კი ბევრჯერ ჰყვარებია, თუმცა საპირისპირო სქესს სიყვარულში ხშირად ვერ უტყდებოდა.
ლუკა რაზიკაშვილის პირადი ცხოვრების დეტალებზე AMBEBI.GE-ს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ შარაბაძე ესაუბრა.
"ვაჟა, როგორც თავის დაუმთავრებელ ავტობიოგრაფიაში წერს, ხშირად ყოფილა შეყვარებული, მაგრამ ეს სიყვარული დარჩენილა მასში, სანამ ერთხელაც ამილახვრის უკანონი შვილს სიყვარულში არ გამოუტყდა.
ვაჟა ცნობილი თავადის, ოთარ ამილახვრის ოჯახში შინა მასწავლებლად მიიწვიეს, სწორედ ამ ოჯახში შეუყვარდა ამილახვრის უკანონო შვილი, დაქვრივებული ქალი კეკე. იმ დროს უკანონო შვილი შვილად არ ითვლებოდა, ამიტომ კეკეს დედის გვარი, ნებიერიძე ჰქონდა. ის იყო ძალიან წყნარი და მშვიდი. ვაჟასთან ოთხი შვილი - თამარი, მარიამი, გულქანი და ლევანი შეეძინა, მეხუთე შვილზე კი მშობიარობას გადაჰყვა.
კეკეს სიკვდილის დროს ვაჟა მასთან არ ყოფილა. პოეტი ხშირად დადიოდა თავის დასთან ყვარელში, სადაც ნადირობდა და სხვა პროდუქტებთან ერთად ოჯახში ნანადირევიც მიჰქონდა. კეკეს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, სახლში არავინ იყო, ბავშვები ვერც კი მიხვდნენ, რომ დედა გარდაიცვალა, მეზობლებმა მას შემდეგ შეიტყვეს, როდესაც შიშველი ბავშვები გარეთ გამოცვივდნენ.
ყვარელში ფშავიდან კაცი ჩამოვიდა და ვაჟას უთხრა "ვაჟა ცოლ-შვილი გიჟივისო". როგორც გადმოსცემენ ამის გაგების შემდეგ ვაჟამ დალია, ფანდური აიღო და სწორედ მაშინ შეიქმნა მისი ლექსი "იას უთხარით ტურფასა, მოვა და შეგჭამს ჭიაო". ამ ლექსში მან თავისი გულისტკივილი ჩააქსოვა.
კეკეს გარდაცვალების შემდეგ ვაჟას შვილების აღზრდაში მისი ძმის, ბაჩანას ცოლი ეხმარებოდა, მაგრამ ყველამ ურჩია, მეორე ცოლი მოეყვანა. პოეტის რჩეული თამარ დიდებაშვილი გახდა.