პატარა გაჭირვეულდა, დააწყებინა ცემინება, ხველა, აუწია ტემპერატურამ... - რა უნდა ქნათ ექიმის მოსვლამდე? - მშობლები

პატარა გაჭირვეულდა, დააწყებინა ცემინება, ხველა, აუწია ტემპერატურამ... - რა უნდა ქნათ ექიმის მოსვლამდე?

2015-09-25 14:26:48+04:00

მშობელს პირველი დახმარების გაწევა უნდა შეეძლოს პატარა გაჭირვეულდა, დააწყებინა ცემინება, ხველა, აუწია ტემპერატურამ... ასეთ დროს ექიმის მოსვლამდე მშობელს პირველი დახმარების გაწევა უნდა შეეძლოს. მოდი, გავიგოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ და რა უნდა გვქონდეს ამისთვის საოჯახო აფთიაქში. გვესაუბრება პედიატრი ლია სხირტლაძე.

- ყველამ ვიცით, რომ თვითმკურნალობა საშიშია, მეტადრე მაშინ, როცა საქმე ბავშვს ეხება, მაგრამ როცა პატარა ავად არის და წუხს, ნუთუ გულხელდაკრეფილი უნდა ველოდოთ ექიმის მოსვლას? იქნებ შეგვიძლია, მანამდე ბავშვს მდგომარეობა ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ?

- ეს მართლაც საჭირბოროტო საკითხია. როცა პატარა ავად არის, საუკეთესო გამოსავალია ექიმის გამოძახება ან ბავშვის პოლიკლინიკაში წაყვანა, მაგრამ ეს ყოველთვის როდია შესაძლებელი. საბედნიეროდ, არსებობს საშუალებები, რომელთა გამოყენება ექიმის დანიშნულების გარეშეც შეიძლება.

მაღალი სიცხის დროს

ტემპერატურის მომატება იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმი დაავადების გამომწვევს ებრძვის. თუ პატარას ამცივნებს, ჯერ სიცხის დამწევს ნუ მისცემთ, უმჯობესია, ჩააცვათ თბილად, ფეხებთან დაუდოთ სათბური, დაალევინოთ თბილი სითხეები - ჩაი, კომპოტი. როდესაც გახურდება და ტემპერატურა მაქსიმუმს მიაღწევს, გახადეთ და დაზილეთ ოთახის ტემპერატურის წყლით. სველი პირსახოცით დაუზილეთ ხელისგულები, ფეხისგულები, იღლიები, მუცელი, გულმკერდი, ზურგი. გაამშრალეთ და ჩააცვით. შეგიძლიათ, ასე დაზილოთ რამდენჯერმე, ვიდრე ტემპერატურა 1-2 გრადუსით არ დაიკლებს. გაანიავეთ ოთახი, ოღონდ არ მოაწყოთ ორპირი. შეიძლება სიცხის დამწევის მიცემაც. თუ ბავშვს ამცივნებს, დაზელა არ არის რეკომენდებული. იოლად რომ ჩაიძინოს, მიეცით ძუძუ, დაარწიეთ ხელში. გაითვალისწინეთ - განურჩევლად იმისა, როგორი ტემპერატურა აქვს ბავშვს, ექიმის გამოძახება აუცილებელია, თუ:

ბავშვმა გონი დაკარგა; აუვარდა პირღებინება; დაეწყო კრუნჩხვა; შეუშუპდა კისერი; გაუჭირდა სუნთქვა; შეინიშნება გაუწყლოების სიმპტომები - ბავშვი ტირის უცრემლოდ, 6 საათზე მეტია, არ მოუშარდავს; ტემპერატურა 39 გრადუსზე მაღალია და დაბლა არ იწევს.

- რა ფორმით მივცეთ ბავშვს სიცხის დამწევი საშუალება?

- საბავშვო სიცხის დამწევი საშუალებები, პარაცეტამოლი და ნუროფენი, გამოდის სიროფის, სანთლების, ტაბლეტების სახით. ჩვილებისთვის მაღალი ტემპერატურის დროს დამახასიათებელია პირღებინება. ამიტომ სანთლები უფრო მოხერხებულია. სიცხის დამწევი საშუალება უნდა გამოვიყენოთ, როცა ტემპერატურა ასცდება 38,5 გრადუსს, მაგრამ თუ ბავშვს მაღალ ტემპერატურაზე კრუნჩხვითი რეაქცია აქვს, ჯობს, უფრო მეტად აწევას აღარ დაველოდოთ და 38 გრადუსზეც მივცეთ.

ყელის ტკივილის დროს

ყელის ტკივილი არანაკლებ შემაწუხებელია, ვიდრე ცხვირით სუნთქვის გაძნელება. ბავშვს უჭირს ჭამა, ნერწყვის ყლაპვა, დაძინება, გაღიზიანებულია და ჭირვეულობს. თუ ცხვირით სუნთქვა უჭირს და ამის გამო პირით სუნთქავს, ყელი უშრება და ტკივილი უძლიერდება. ყელის ტკივილს ამსუბუქებს გვირილის ნაყენი: 1 ჩაის კოვზ გვირილას დაასხით 200 მლ წყალი, ადუღეთ 5 წუთი წყლის აბაზანაში, გააცივეთ და გაწურეთ. მიეცით ბავშვს თბილ-თბილი - თითო ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ. გაითვალისწინეთ: შესაძლოა, ყელის ტკივილი სერიოზული დაავადების ნიშანი იყოს. ასეთი დაავადებებია ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ინფექციური მონონუკლეოზი, დიფტერია (თუ ბავშვი აცრილი არ არის). თუ ყელის ტკივილს თან ახლავს საერთო მდგომარეობის სწრაფი გაუარესება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. განაგრძეთ კითხვა