რა უნდა იცოდეთ შარდის შეუკავებლობაზე და რით ვუშველოთ პატარას? - მშობლები

რა უნდა იცოდეთ შარდის შეუკავებლობაზე და რით ვუშველოთ პატარას?

2015-11-17 04:41:16+04:00

არაფრით არ შეიძლება ამ დროს ბავშვის დასჯა ”ენურეზი”, შარდის შეუკავებლობა, მეტად გავრცელებული დაავადებაა. ენურეზი ბერძნული სიტყვაა და შარდის ბუშტის უნებლიე დაცლას ანუ შარდის შეუკავებლობას ნიშნავს. როგორც სპეციალისტები ამბობენ, მისი მიზეზი შეიძლება იყოს გადატანილი ინფექციები, შარდ-სასქესო სისტემის ფუნქციის დარღვევა, მოუმწიფებელი ნერვული სისტემა, სტრესი, ნევროზი და ფსიქიკის სხვა დარღვევები, გენეტიკური ფაქტორი; გამოღვიძების პროცესის დარღვევა; შარდის ბუშტის დაცლის კონტროლის უნარის დარღვევა; ენდოკრინული ფაქტორი (ანტიდიურეზული ჰორმონის გამოყოფის შემცირება, რაც ზრდის ღამის საათებში შარდის გამომუშავებას); ხერხემლის სვეტის დაზიანება ან უბრალოდ ბავშვის სიზარმაცე და მშობლის არასწორი დამოკიდებულება, რომელიც თავისი მნიშვნელობით არ ჩამოუვარდება ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებს.

ბავშვთა ასაკში ეს პრობლემა ბევრს აწუხებს, თუმცა ეს არ არის ისეთი პრობლემა, რომელიც განგაშს ან რაიმე სახის განსაკუთრებულ აქტივობებს საჭიროებს. მთავარია, ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია, ის, თუ საჭიროდ ჩათვლის, შარდის ანალიზსაც გააკეთებს და გამორიცხავს ყველა ზემოჩამოთვლილ ფაქტორს. ითვლება, რომ თუ დღის განმავლობაში 4 წლის ბავშვი ვერ იკავებს შარდს, ხოლო 6 წლის ასაკში ბავშვი ვერ იკავებს შარდს ღამით, უნდა მიმართოთ ექიმს. ექიმთან ვიზიტი უფრო ადრეულ ვადაზეც შეიძლება, რათა გამოირიცხოს შარდ-სასქესო ორგანოების სხვადასხვა ინფექცია. თუ ყველაფერი წესრიგშია და ბავშვი მაინც აგრძელებს უნებლიე შარდვას, ამ შემთხვევაში მშობელზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. გთავაზობთ ცნობილი უკრაინელი პედიატრის, ევგენი კომაროვსკის რჩევებს:

არასდროს მიუთითოთ ბავშვს თავის ნაკლზე და არასდროს დასაჯოთ იმის გამო, რომ მან „ჩაიფსა“. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას ამ თემაზე, ნუ ეტყვით „აი ნახე, გიორგი შენზე პატარაა და თავისით დადის ტუალეტში“ - ამით მხლოდ დასტრესავთ ბავშვს, შედეგს კი ვერ მიაღწევთ. გააფრთხილეთ საბავშვო ბაღის ან სკოლის მასწავლებელი ბავშვის მდგომარეობის შესახებ, რათა ის მოშარდვის სურვილის გამოთქმისთანავე გაუშვას ტუალეტში, ოღონდ ეს ისე გააკეთეთ, რომ ბავშვმა არ იცოდეს და არც მისმა თანატოლებმა შეიტყონ. ძილის წინ აუცილებლად მოაშარდვინეთ; და ეცადეთ, ძილის წინ არ დაიტვირთოს სხვადასხვა სითხით - ჩაი, ლიმონათი, თუნდაც ბევრი წყალი ან გაზიანი სასმელი. გახსოვდეთ, პამპერსს და ენურეზს არანაირი საერთო არ აქვთ. პამპერსი არ უწყობს ხელს ენურეზის განვითარებას. ბავშვები ხშირად განიცდიან სტრესს, როდესაც უწევთ ადგილმდებარეობის ხშირი შეცვლა, მაგალითად ბებიასთან დარჩენა, სტუმრად დარჩენა. ამ დროს შეგიძლიათ ღამით თავისუფლად გამოიყენოთ პამპერსები. ნუ განიხილავთ ამ თემას ბებია-ბაბუებთან და ნათესავებთან, იმიტომ, რომ აუცილებლად გახდებით განსჯის საგანი. ამას მოჰყვება ბებიას კომენატრები „ამხელა ბიჭი/გოგო ხარ, არ გრცხვენია?!“ და ა.შ. ბავშვს გაუქრება თვითშეფასების უნარი, შერცხვება, მიიღებს სტრესს და მივიღებთ უარეს შედეგს.

მკურნალობის მეთოდები:

თუ მიზეზი შარდ-სასქესო პრობლემები არ არის და უფრო ნერვული სახის არის, მკურნალობის საუკეთესო მეთოდი - მოტივაციური თერაპიაა. შეაქეთ თქვენი ბავშვი ყოველი მშრალი საფენის შემდეგ. მან უნდა იცოდეს, რომ „მშრალი ღამეები“ საჩუქრებით, წამახალისებელი სტიკერებით, გასართობ ცენტრში წაყვანით დაუფასდება. მაგალითად, 5 „მშრალი ღამე“ შეიძლება ახალი ველსიპედის ყიდვის მიზეზიც კი გახდეს. საერთოდ, ძნელია ისეთი ბავშვის მოტივაცია, რომელსაც ყველაფერი აქვს. მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა საშუალება, ეცადეთ ყველაფერი არ უყიდოთ ბავშვს, რადგან აუცილებელია, რომ მას რაღაც ძალიან უნდოდეს და იცოდეს, რომ მის დამსახურება უნდა. ამ დროს ოჯახის ყველა წევრი საერთო აზრზე უნდა იყოს, დაუშვებელია დედამ წაახალისოს ბავში, ბებიამ კი - დატუქსოს. ხდება ფარმაკოლოგიური საშუალებებით თერაპიაც. ზოგადად, 5 წლამდე ღამის ენურეზი ჩვეული მოვლენაა და პათოლოგიად არ მიიჩნევა, ამიტომ მის მკურნალობას 5 წლიდან იწყებენ. ენურეზის დროს ხშირია სპონტანური გამოჯანმრთელება - ბევრია ასეთი შემთხვევაც, როცა ბავშვი თავისთავად გადაეჩვევა ამას. თუმცა ღამის ენურეზის იგნორირება მაინც არ შეიძლება და ექიმთან კონსულტაცია აუცილებელია. არ დაელოდოთ მშვიდად, როდის გაუვლის თავისით. ექიმმა აუცილებლად უნდა იცოდეს და უნდა გამოირიცხოს სხვადასხვა ფაქტორი. სითხის მიღების შეზღუდვაც ერთ-ერთი ხერხია, ენურეზის შესაჩერებლად. ვერანაირი მოტივაცია ვერ უშველის ბავშვს, თუ მას ძილის წინ 1 ლიტრ კომპოტს დაალევინებთ. ძალიან კარგი სავარჯიშოა 1-წუთიანი ტრეინინგები. თუ ბავშვი დღისით მოგთხოვთ ტუალეტში წაყვანას, უთხარით: - აბა მოითმინე 1 წუთი, ახლა - 2 წუთი. ნელ-ნელა გაზარდეთ დრო, ამით გამოუმუშავებთ ბავშვს მოთმინების უნარს. ეს ყველაფერი სახალისოდ გააკეთეთ, ისე, რომ ბავშვი გაერთოს და თქვენთან ერთად დაითვალოს. ეს მისთვის სულ პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი წარმატება იქნება. დედამ დღის განმავლობაში ხშირად უნდა მიაჩვიოს ბავშვი მოშარდვას. სხვადასხვა ქვეყანაში ენურეზით დაავადებული ადამიანებისთვის სპეციალური მაღაზიებიც კი არსებობს. ეს პრობლემა მსოფლიო მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს. შექმნილია სპეციალური მაღვიძარები, რომლის ჩიპიც ტრუსზე მაგრდება, წინასწარ მითითებულ დროზე ჩიპი იწყებს მოძრაობას, საათი კი მაღვიძარას რთავს. ეს უნიკალური მეთოდი აიძულებს ადამიანს, გაიღვიძოს, ადგეს, გამორთოს მაღვიძარა და მოისაქმოს.

რანაირი მეთოდიც არ უნდა ცადოთ, მთავარია ბავშვი იყოს მოტივირებული, მას ჰქონდეს სურვილი, რომ დილით მშრალმა დაიღვიძოს. ამ ყველაფერს ჭირდება მშობლის მოთმინება და ბავშვის წახალისება.