"ქალებო, ნუ გათხოვდებით" - რატომ ეწინააღმდეგებოდა გაზეთი "ივერია" ქორწინებას - მშობლები

"ქალებო, ნუ გათხოვდებით" - რატომ ეწინააღმდეგებოდა გაზეთი "ივერია" ქორწინებას

2016-01-09 16:29:46+04:00

სტატიას დღევანდელი ბლოგის ფორმა აქვს და ცდილობს ქალებს გათხოვების ნაკლოვანებები დაახოს დროის ცვალებადობის მიუხედავად, საზოგადოებაში თითქმის ერთი და იგივე თემები განიხილება. ასეთ "უკვდავ" თემებს შორის არის ქალის გათხოვების საკითხი. ხუმრობით თუ სერიოზულად, ამ საკითხზე ყოველთვის ცხარედ მსჯელობენ. 1893 წელს ქართულ გაზეთ "ივერიაშიც" გათხოვების თემაზე გამოქვეყნდა სტატია. მას დაახლოებით, დღევანდელი ბლოგის ფორმა აქვს და ცდილობს ქალებს გათხოვების ნაკლოვანებები დაახოს.

ქალებო, ნუ გათხოვდებით!...

ქალი ბევრ ნაირია: ქერა, შავგვრემანი, შავ-თვალა, ცის ფერ თვალებიანი, მაღალი, საროს ტანისა, დაბალი, მოხუცი, ოთხმოცის წლისა და ახალგაზრდა-ცამეტ-თორმეტის წლისა. არიან ქალები, რომელთაც კარგად იციან ბოზბაშის მოხარშვა და კარგის წნილის ჩადება, მაგრამ არიან ისეთნი ქალნიც, რომელთაც გოზინაყის გაკეთებაც-კი გაუძნელდებათ. მაგრამ ყველა ერთში ჰგვანან ერთმანეთს: ყველას გათხოვება უნდა, ქმრის გულისათვის ქალი თავს ანებებს მამასა, დედას, ძმებს, დებს, ცამეტის წლის ქალებს ტიკინები შესძულებიათ და წყალში გადაუყრიათ, როცა საქმრო გამოსჩენიათ. გასათხოვარი ქალები ჰხედავენ, რომ მათნი ნაცნობნი ქალნი, გათხოვების შემდეგ, ავად ხდებიან, ფერი ეკარგებათ და ძლიერ მალე ბერდებიან. 35 წლის გასათხოვარი ქალი-კი ისევ ახალგაზრდაა ხოლმე. მაგრამ მაინცა ჰშურს, როცა მეზობლის ქალი თხოვდება!

მიკვირს ქალების საქმე! ერთ კაბას თხუთმეტჯერ ჩაიცმენ ხოლმე და სარკეში იყურებიან, მიხდება თუ არაო და გათხოვების დროს ერთხელაც არ დაფიქრდებიან, ჩემი საქმრო როგორი კაციაო.

25 წლის გასათხოვარი ქალი, რომელიც, მაშასადამე, თავის დედას 25 წელიწადია იცნობს, დედის სიტყვას არ გაიგონებს და თავის საქმროს-კი, რომელიც ხანდახან სულ 25 დღეა, რაც გაუცვნია, თუ გინდ ჯოჯოხეთშიაც გაჰყვება. თუ ახალგზარდა ქალი მოხუცს კაცს მისთხოვდება, გეტყვით, მამასავით მიყვარს და შვილისავით მოვუვლიო. თუ ხანში შესული ქალი ახალგაზრდა კაცს მისთხოვდება, ყველას დააჯერებს, ისე მიყვარს, როგორც შვილიო.

ამჟამად თუ ქალსა სთხოვეთ, ცოლად გამომყევი, და უარი გითხრათ, იცოდეთ, რომ ეს ქალი ან ჭკუაზეა შეშლილი, ან არა და თქვენზედ უფრო კარგი საქმრო ჰყავს ამორჩეული.

აი, რას მოვახსენებ გასათხოვარ ქალებს. ჩემის აზრით, ქმრის ყოლას მარტიას ყოლა სჯობია. მარტია რომ დილით გამოიღვიძებს, ტიტინს მოჰყვება; ქმარი-კი, თვალს გაახელს თუ არა, მაშინვე დაგიყვირებთ: "რა იქნა ჩემი წინდებიო?"

როცა მარტიას საკენკს დაუყრით, სიხარულით აღარ არი ხოლმე. როცა ქმარს მწვადებს მიართმევთ, დაღვრემილი სჭამს და, არ იქმნება, არ გისაყვედუროთ: "თუ ღმერთი გწამს, ეს ჯანჯღი რომელ ხარაზის დუქანში აყიდვინეო".

როცა მარტიას წყალს დაუსხამთ, სიხარულით აღარ არის ხოლმე და წყალში მხიარულად ჭყუმპალაობს.

როცა ქმარს პირის დასაბანად წყალს მიუტანთ, არ შეიძლება არ დაგიყვიროთ: "ასეთის ცხელის წყალით პირის დაბანა გაგონილა? გოჭი ხომ არა ვარ, რომ გავიფუფქოვო", თუ წყალი ცოტა ცივია, მაშინ უარესი: "ყინულით პირის დაბანა გაგონილაო?"

თუ ქმარი მარტო დასტოვეთ, იმის წუწუნს საზღვარი აღარ ექნება: "ცოლმაც თავი დამანება და შვილებმაც, ბაიყუშსავით მარტო დამტოვესო". თუ შვილები გარს შემოეხვივნენ და ცელქობა დაიწყეს, ვაი, თქვენი ბრალი; "ე ბალღები მომაშორე, თორემ, ღმერთს გეფიცები, ყევლას თავებს დავაგლეჯავო".

არა, ქალებო! აი ჩემი რჩევა: არამცა და არამც არ გათხოვდეთ!

მოამზადა თეა ცაგურიშვილმა