როგორ დავალევინოთ ნაკურთხი წყალი ბავშვებს - ნათლისღება და მასთან დაკავშირებული წესები - მშობლები

როგორ დავალევინოთ ნაკურთხი წყალი ბავშვებს - ნათლისღება და მასთან დაკავშირებული წესები

2016-01-18 18:31:54+04:00

რა ვუყოთ შარშანდელ წყალს, რომლის გამოყენებაც ვერ მოვასწარით ნათლისღებას ყველა ოჯახი ნაკურთხი წყლის შემოტანით აღნიშნავს. ამ დღეს ნათლიებისა და ნათლულების შეხვედრა- მოკითხვაც ტრადიციული რიტუალია. ყველამ არ იცის, როგორ უნდა მოიხმაროს სახლში ნაკურთხი წყალი - შეიძლება თუ არა მისი დალევა, საკვებში გამოყენება და რა ვუყოთ შარშანდელ წყალს, რომლის გამოყენებაც ვერ მოვასწარით. ნათლისღების არსსა და ხშირად დასმულ კითხვებზე გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია).

- როგორ უნდა შევინახოთ ნათლისღების ნაკურთხი წყალი?

- სუფთა ჭურჭელი ვიქონიოთ, რითაც წლიდან წლამდე შევინახავთ სიწმინდეს.

- შეიძლება ნათლისღების წყლის გამრავლება? და როგორ გავამრავლოთ ნაკურთხი წყალი?

- შეიძლება. თუ გვინდა გამრავლება, უბრალო წყალი დავამატოთ ნაკურთხ წყალს.

- ნათლისღების წყალი სახლში რომ ვასხუროთ შეიძლება?

- კარგი იქნება თუ ყოველ კუთხეს ვასხურებთ, ასევე საკვებს, ტანსაცმელსა და ოჯახის წევრებს. ამით განიწმინდება ყოველი კუთხე ლოცვით.

mshoblebi

- ნათლისღებას ნათლიებმა და ნათლულებმა ერთმანეთი უნდა მოინახულონ?

- მონახულებამდე უმჯობესია ტაძარში მივიდეთ, დავესწროთ წირვას და ვეზიაროთ. თუ მოძღვარი არა გვყავს, ამ შემთხვევაში მოვიძიოთ და სულიერად განახლებული შევხვდეთ ნათლისღების დღესასწაულს. შემდეგ კი შეგვიძლია მთელი დღე ნათლულებთან ერთად ვიდღესასწაულოთ ეს უბრწყინვალესი დღე.

- ნაკურთხი წყალი მხოლოდ სასხურებლად გამოვიყენოთ თუ მისი დალევაც შეიძლება?

- დილაობით აუცილებელია ნაკურთხი წყალი სეფისკვერთან ერთად მივაღებინოთ ბავშვებს, სანამ ვატრაპეზებთ. მოზრდილებმაც ლოცვის შემდეგ ასე უნდა განვაწესოთ ჩვენი დღიური განრიგი. მთელს სახლს კი ნაკურთხი წყალი ვასხუროთ, საწოლსაც. რაღა თქმა უნდა დიდი ტერიტორია თუ არ არის, თუ დიდია, ოთხივე კუთხეს ვასხურებთ.

- ზოგჯერ გასული წლის ნაკურთხი წყალი შემდგომ ნათლისღებამდე შემოგვრჩება ხოლმე. რა ვუყოთ მას?

- ნათლისღებამდე თუ დაგრჩათ, შეგიძლიათ სუფთა ხის ძირას დაღვაროთ ან ძველს ახალი დაუმატოთ

- ნათლისღება შობის შემდეგ აღინიშნება, რა დატვირთვა აქვს ამას?

- ხორციელად შობის შემდგომ ადამიანი აუცილებლად უნდა მოინათლოს. ადრეულ საუკუნეებში ერთდროულად იდღესასწაულებოდა ქრისტეს შობა და ნათლისღება, ვინაიდან განუმიჯნავ, ბუნებრივ სვლად უნდა იქცეს ხორციელიდან სულიერ შობაში წიაღსვლა. ამიტომაცაა, რომ ღვთის განცხადებად იწოდება არა ის დღე, როდესაც უფალი იშვა, არამედ დღე, როდესაც მან ნათელიღო.

ნათლისღება კაცობრიობის ისტორიაში მუდმივი განსჯის საგანი იყო, თუ რა მიზნით მოინათლა ქრისტე. ისტორიულმა, სიმბოლურმა და საეკლესიო მამათა მწერლობის განჩხრეკვამ გვიჩვენა მისი ღირებულება. ეკლესია დღემდე ამ ნათლით მოდის და იწმინდება. ქრისტეს ნათლისღებამ გაგვიხსნა ,,ცა ზეციური"... უფლის ნათლისღების მეშვეობით კაცობრიობისთვის ცა გაიხსნა: "აჰა განეხვნეს მას ცანი", მანამდე დახშული, დახურული იყო. ნათლისღებით კაცობრიობა იწმინდება პირველქმნილი ცოდვისგან, ადამის გადახრა მრთელდება, მეორე ადამის, ქრისტეს მიერ.

- ნათლისღებას ხდება წყლის კურთხევა, ამ დროს ხდება დიდი აიაზმა, რას ნიშნავს ეს?

- დიდი აიაზმა პირველი საუკუნიდან ქრისტეს მიერ არის დაწესებული, თუმცა ლოცვითი ტიბიკონი მოგვიანებით გვხვდება. მამები IV საუკუნიდან ნელ-ნელა ქმნიდნენ ჰიმნით ლოცვებს. სადაც სამადლობელი სიტყვებით აღწერილია ჩვენი გამოხსნის საიდუმლო და აზრი ნათლისღებისა. უფალს ვთხსასულიერო პირმა მცირე აიაზმა აღასრულოს და წყალი აკურთხოს. სხვათაშორის, ადრეულ საუკუნეებში, სანამ მცირე აიაზმის მსახურება შეიქმნებოდა არსებობდა სიწმინდით წყლის კურთხევის ტრადიცია. წყალში ჩაასვენებდნენ რომელიმე წმინდა მოწამის სხეულს და იკითხებოდა ლოცვები, რის შემდეგაც მორწმუნეებს ურიგდებოდათ ნაკურთხი წყალი.

- ნათლისღების დღეს საყოველთაო ნათლობაც ტარდება ხოლმე, ზღვაში, ზოგი მდინარეებში ინათლება...

- ნათლისღების დღემდე თუ მოუნათლავი აღმოვჩნდით, ჩვენდა გასაკვირად, გვეძლევა უდიდესი შანსი ქრისტეს მსგავსად მდინარეში მოვინათლოთ. ნუ დავაყოვნებთ ჩვენს განწმენდას. რაღა თქმა უნდა საუკეთესოა გნებავთ ზღვა, გნებავთ მდინარე. მთავარია, რომ ადამიანი ინათლება და ქრისტეს ერთგული მხედარი ხდება.

თეა ცაგურიშვილი