”16 წლის რომ მოიტაცა, იმის შემდეგ სულ შიშსა და ცემაში ჰყავდა, ისიც და მისი შვილებიც” ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე მდებარე ავარიული კორპუსი, სადაც ოდესღაც სკოლა იყო, ამჟამად კი მიუსაფართა თავშესაფარია, აქამდე ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ყოფას ასახავდა, ამჟამად კი შემზარავი ტრაგედიის ადგილადაც იქცა. კორპუსიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით რამდენიმე გასროლას ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვიანის მცხოვრებმა, 30 წლის გიორგი დოლიძემ 28 წლის მეუღლე ნინო კილასონია, ფაქტობრივად, 2 მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, მოკლა, ცოტა ხანში კი თავი მოიკლა.
თვენახევრის წინ სოფელ ქვიანიდან ქმარს გამოქცეული ნინო კილასონია, 11 წლისა და 8 წლის შვილებთან ერთად, სწორედ ხსენებულ თავშესაფარში მცხოვრებ დის ოჯახს აფარებდა თავს; გაუსაძლისი სულიერი თუ მატერიალური მდგომარეობის ფონზე ის გამუდმებით ეძებდა სამსახურს, 2 კვირის წინ კი ამავე ტერიტორიაზე მდებარე ხატების საამქროში დაიწყო მუშაობა. როგორც თავად, ასევე მისი შვილებიც მოუთმენლად ელოდნენ როდის აიღებდა დედა პირველ ხელფასს, რომელიც დაახლოებით 400 ლარს შეადგენდა. გარდაცვლილი ქალის დის თქმით, მის სიძეს გიორგი დოლიძეს არასოდეს უმუშავია, ამბობდა, რომ მუშაობა ფიზიკურად არ შეეძლო. დღეს, ამ ბავშვების მდგომარეობა, რომელთაც ნორმალურ საზოგადოებაში დაუყოვნებლივ დაუნიშნავდნენ ფსიქოლოგს, უმძიმესია. უბედურებას ისიც ემატება, რომ კილასონიების მშობლიური სახლი აბაშაში, ნინო კილასონიას მკვლელობიდან 3 დღით ადრე ისე დაიწვა, რიმ იქედან აღარაფერი დარჩა. კილასონიები მიჩნევენ, რომ: "მათმა სიძემ შინიდან გაქცეულ ცოლზე შურისძიება ამით დაიწყო, - ჯერ მშობლიური სახლი გადაუწვა აბაშაში, მერე კი მოკლა".
გარდაცვლილის და ქეთი კილასონია, რომელთანაც გარდაცვლილი იყო თავშეფარებული, მომხდარზე გვესაუბრა:
- ენითაუწერელი უბედურება დაგვემართა, არ ვიცი სად არის ჩვენი საშველი. სახლიც აღარ გვაქვს, სადაც ჩემს დას ბოლო დღეებში დავასვენებდით. სიზმარში, მგონია, თავი. წარმოშობით აბაშელები ვართ; 6 და-ძმა ვიყავით, 16 წლის ძმა გამოგვაკლდა ავადმყოფობით და იმის სიკვდილი ვერ მოგვენელებინა, მასზე დარდმა დედაჩემი სიმსივნით დააავადა, ახლა ეს საშინელება კიდევ, როგორ უნდა გადავიტანოთ ან ჩვენმა უბედურმა დედამ, ან - ჩვენ?!
ეს რა გაგვიკეთა მკვლელმა, 16 წლის რომ გაიტაცა, იმის შემდეგ, 11 წლის განმავლობაში, ხომ სულ შიშსა და ცემაში ჰყავდა, ისიც და მისი შვილებიც; მაგრამ ამის მიუხედავად ჩემი საცოდავი და მაინც ლამაზი და კეთილი დარჩა. მიხაროდა, სადისტს ქმარს ბოლოს და ბოლოს რომ გამოერიდა, ვფიქრობდი, როგორი ყოჩაღია, - სამსახურს ხალხი წლობით ეძებს, მან კი ერთ თვეში ნახა; თურმე ტყუილად მიხაროდა, მაინც მისი წერა გახდა... განაგრძეთ კითხვა