"იდიოტები, ყეყეჩები, უტვინოები, სკოლებიდან დასაფრენები... - აი, ასე უმასპინძლდებიან მასწავლებლებს..." - მშობლები

"იდიოტები, ყეყეჩები, უტვინოები, სკოლებიდან დასაფრენები... - აი, ასე უმასპინძლდებიან მასწავლებლებს..."

2016-03-11 10:10:47+04:00

"თითქოს ჩვენი პრიორიტეტი განათლებაა - ხოლო მასწავლებლები, ეს ჩამორჩენილი ბრბო, ეს უსახური მასა, ვერ ჰყვება რეფორმებს..." დღეს ფიდი წალეკა მასწავლებელთა "კრიტიკამ", რომელთა დიდმა პროცენტმა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა.

სიტყვა "კრიტიკა" შეცდომით არ ჩამისვამს ბრჭყალებში. ეს უფრო იმ თავისუფალ მიმოქცევაში მყოფი აგრესიის ამოხეთქვა იყო, რომელიც ყოველი შემთხვევისთვის დარეზერვებული გვაქვს ყველა იუზერს ფეისბუქსა შინა. და დროდადრო გამოვტყორცნით ხოლმე.

იდიოტები, ყეყეჩები, უტვინოები, სკოლებიდან დასაფრენები... - აი, ასე უმასპინძლდებიან მასწავლებლებს. მათ ბრალი ედებათ ამ ქვეყნის ყველა უბედურებაში, მათ შორის - სიღარიბის, ავადმყოფობების, ომების, ფუნდამენტალიზმის და კიდევ ათასგვარი უბედურების საძირკვლის გათხრაში.

როგორი კომფორტულია ზედაპირულობა - თითქოს ჩვენ ყველა პირობა შევუქმენით ჩვენს მასწავლებლებს, რათა განვითარებულიყვნენ საკუთარ პროფესიაში. თითქოს ვთავაზობთ ღირსეულ ანაზღაურებას, შრომის ადამიანურ პირობებს. თითქოს ჩვენი პრიორიტეტი განათლებაა - ხოლო მასწავლებლები, ეს ჩამორჩენილი ბრბო, ეს უსახური მასა, ვერ ჰყვება რეფორმებს, რომელთაც ინტელექტით აღსავსე ხელისუფლება თუ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები ნერგავენ. თითქოს პედაგოგები პოლიტიკური თამაშის პაიკებად არ იყვენ ქცეულნი. თითქოს მათ არ იყენებდნენ ათასი ჯურის ნაძირლები. თითქოს ისინი დაცულნი არიან სოციალურად, ფასდება მათი წარმატება, აქვთ მოტივაცია რომ იფიქრონ მხოლოდ ადაპტაციაზე. თითქოს ეს ჯგუფი არ არის მოქცეული ერთ-ერთი ყველაზე დუხჭირი ცხოვრების პირობებში, და პარალელურად არ უწევთ უამრავი სხვა ფუნქციის ტვირთვა, რომელიც პრაქტიკულად გამორიცხავს შესაძლებლობას, იყო სრულფასოვანი პედაგოგი. თითქოს წახალისებულია სტუდენტობა - გახდეს მასწავლებელი, მოვიდეს ახალი თაობა პროფესიაში. თითქოს ჩვენ ყველამ ყველაფერი გავაკეთეთ შესანიშნავი შედეგისთვის და... ოჰ, ეს იდიოტები, ყეყეჩები, უტვინოები, სკოლებიდან დასაფრენები...

P.S. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე (რაც ისედაც მძულს) მე ვამაყობ ჩემი მასწავლებლებით!

ზურა ვარდიაშვილი