"გამაწითლეს საძაგლათ" - კონსტანტინე გამსახურდიას სასიყვარულო წერილები - მშობლები

"გამაწითლეს საძაგლათ" - კონსტანტინე გამსახურდიას სასიყვარულო წერილები

2016-05-04 14:35:00+04:00

წერილები გერმანიიდანაა გამოგზავნილი და ყველას ერთი ადრესატი ჰყავს ეს ცნობილი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას გერმანიიდან საქართველოში გამოგზავნილი წერილებია. ყველა წერილის ადრესატი მისი მეუღლე რებეკა ვაშაძეა.

კონსტანტინე გამსახურდიას პირველი ცოლი რებეკა ვაშაძე, ჭიათურაში მოღვაწე მღვდლის, ისაია (ისააკ) ვაშაძის ქალიშვილი გახლდათ.

რებეკასა და კონსტანტინეს სიყვარული მალევე გახმაურდა. ეს გიმნაზიაშიც იცოდნენ. ერთხელ მასწავლებელმა კონსტანტინეს გასარჩევად მისცა ვალტერ სკოტის "აივენჰო", რომლის ერთ-ერთ პერსონაჟს რებეკა ჰქვია.

რებეკას ხსენებაზე კლასმა ყური ცქვიტა და ყველა კონსტანტინეს მიაჩერდა. "გამაწითლეს საძაგლათო",- წერდა კონსტანტინე.

კონსტანტინე რებეკას არაერთი საალერსო სახელით მიმართავდა: რები, რებეკა, რევეკა, რევა, პენელოპე...

***

აგერ რანდენი ხანია შენგან წერილი არ მომსვლია. შენი წერილების მოუსვლელობამ მომკლა მე-გენაცვალე. რევა, როგორ დავიტანჯე უშენოდ ენა ვერ გამოთქვამს, მთელი ქვეყანა საპყრობილედ გახდა ჩემთვის...

დღეს დავჯექი და შენი წერილები გადავათვაალიერე. რამდენი სიხარული მოეფინა ჩემ სულს ჩვენი პირველ შეყრის წერილებიდან. ერთი ღია წერილი გადმოვარდა-ვარდიანი, რა კარგადაა დაწერილი ეჰ, ბედო შავბედო მართლა.

ათას გაკოცებს შენი კოწია.

***

... და თვით შენ უკიდურეს გულწრფელობისთვის არ შემიყვარდი?

რევეკა! მე ძალიან მომინდა შენთან ლაპარაკი. ღამის 1-2 საათია ვდგები... არ ვიცი ამ წერილს გამოგიგზავნი თუ არა, მარა ეხლა დავწერ. გწერ იმას რასაც ვგრძნობ. ეგებ შიშველი გრძნობაც იყოს, მაგრამ ხომ იცი მე ისეთი სიყვარული მწამს საცაა გულწრფელობა-სრული. და მერწმუნე რომ ჩემ სულში არ დარჩენილა ერთი კუნჭულიც რომ შენთვის არ გამეცნო...

იცოდე რევეკა... ბევრხანს კიდევ შემიძლია ვითმინო უშენობა... შენზე სევდამ ჩემი სული გაასპეტაკოს, ცრემლებმა გაფურჩქნოს ჩვენი ტრფობის ყვავილი. მაგრამ იცოდე, სამუდამოდ შენგან შორს ცხოვრება არ შემიძლია...

მე მინდა მარტო მე გიმზერდე...

მე მესმოდეს შენი სუნთქვა.

სულ შენთან ვიყო, გესმის... არ შემიძლია შენ რომ ფიქრობ ისე...

რებეკა გალაკტიონის პირველ მეუღლესთან - ოლია ოკუჯავასთან მეგობრობდა. მოღწეულია რებეკას გარდაცვალების გამო ჭიათურაში გაგზავნილი, გალაკტიონის სამძიმრის დეპეშა. 1918 წელს რებეკასა და კონსტანტინეს ქალიშვილი, ნათელა შეეძინათ. როცა კონსტანტინეს შვილის დაბადება ახარეს, სიმამრის ოჯახში იყო. აღელვებულმა, ლამპის ცხელ შუშას აკოცა და ტუჩები დაიწვა.

თეა ცაგურიშვილი