"პოლიციაში ისიც მკითხეს, ბავშვი თქვენ ხომ არ გაყიდეთო..." - ატენის ხეობიდან გაუჩინარებულ 4 წლის ბიჭუნას მეოთხე დღეა ეძებენ - მშობლები

"პოლიციაში ისიც მკითხეს, ბავშვი თქვენ ხომ არ გაყიდეთო..." - ატენის ხეობიდან გაუჩინარებულ 4 წლის ბიჭუნას მეოთხე დღეა ეძებენ

2016-05-23 19:17:53+04:00

"ვფიქრობთ, რომ ბავშვი ვიღაცამ მოიტაცა..." ტყე, მდინარე, სოფლის ძველი შენობები - ატენის ხეობის ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობა უკვე მეოთხე დღეა ყველგან დაეძებს გაუჩინარებულ 4 წლის ბიჭუნას. რამაზ ჯ. ბოლოს სახლიდან ორასიოდე მეტრის დაშორებით, სოფლის ცენტრში, თანატოლებთან და უფროს ძმასთან, 5 წლის თამაზთან ერთად ნახეს. 20 მაისის შუადღის შემდეგ ბიჭუნა გაუჩინარდა. ამ დღეს, სოფელი დღეობას აღნიშნავდა, შესაბამისად, სტუმრებიც და მასპინძლებიც შეზარხოშებულები იყვნენ, თუმცა, ბავშვის დაკარგვის ამბის გახმაურებისთანავე, მიმდებარე ტყეებსა და მდინარე ტანას ნაპირებზე მთელმა სოფელმა ბავშვის ძებნა დაიწყო. სამძებრო ღონისძიებებში მალევე ჩაერთო პოლიცია და სამაშველო სამსახური, თუმცა, ბავშვის კვალს ვერსად მიაგნეს. შსს-ს პრესსამსახურში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, რომ 4 წლის ბავშვის გაუჩინარებასთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს ს/ს კოდექსის 143-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

AMBEBI.GE-სთან საუბარში სოფლის მოსახლეობა რამდენიმე ვერსიაზე საუბრობს, თუმცა, დაბეჯითებით ვერაფერს ამბობენ.

ზურაბ ჯ, დაკარგული ბავშვის მამა: "უმძიმეს მდგომარეობაში ვართ, სადაც კი შეიძლებოდა, აბსოლუტურად ყველგან ვეძებეთ, მაგრამ არანაირი კვალი არ ჩანს. პატარა ბავშვია, სახლიდან მარტო არსად გადიოდა, გაუჩინარების დღესაც, ძმასთან და მეზობლის ბავშვებთან ერთად იყო სახლთან ახლოს. ვერც ტყეში წავიდოდა, ვერც მდინარეზე, ერთადერთი მოსაზრება გვაქვს, რასაც ჩემი უფროსი შვილის, თაზოს მონაყოლი გვიმყარებს, ბავშვი ამბობს, რომ წითელმა მანქანამ გაიარა, გააჩერა, რამაზს წელზე მოხვია ხელები, მანქანაში ჩასვა და ბოშურის ხეობის მიმართულებით წავიდა მანქანა, ვფიქრობთ, რომ ბავშვი ვიღაცამ მოიტაცა".

იგივე ვერსია აქვს დაკარგული რამაზის ბებიასაც: "მართალია, ძალიან გვიჭირს, მაგრამ ჩვენ ვიკლებდით ლუკმას, რომ ბავშვებს საკვები ჰქონოდათ, არ არის მოხეტიალე ბავშვი, ხელჩაკიდებული გავზარდეთ, სულ ეზოში თამაშობდა. ტყეში რომ გასულიყო და რამე ნადირს გადაჰყროდა, კვალს ხომ მაინც მივაგნებდით, არც მდინარეზე ჩავიდოდა, კიდეც რომ ჩასულიყო მდინარეზე, იმ წუთიდან ვეძებთ და ან ცოცხალს ან მკვდარს სადმეს მაინც მიაკვლევდნენ. უფროსმა შვილიშვილმა ფერების ცნობა არც იცის, წითელი ფეხსაცმელი ეცვა და ასე მიგვანიშნა - ამ ფერის მანქანა გაჩერდა გზაზე და რამაზი კაცმა წაიყვანაო", - ამბობს დაკარგული ბავშვის ბებია ლიდა ჯ.

სოფლის თავშეყრის ადგილზე შეკრებილებს ვერსიებზე საუბარი უჭირთ, დაბეჯითებით მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ბავშვი ნაკლებკონტაქტური იყო და დამოუკიდებლად არსად დადიოდა, შესაბამისად, ტყესა და მდინარეზე წასვლასაც გამორიცხავენ: "პოლიციასთან და სამაშველო სამსახურთან ერთად, მეოთხე დღეა ჩვენც ვეძებთ, მაგრამ არანაირი კვალი არ ჩანს, ამ სოფელში დავბერდი და ასეთი რამ არასდროს მომხდარა, ჩვენც ძალიან გვაინტერესებს რა ხდება რეალურად, სად გაქრა ბავშვი, ნემსი ხომ არ არის, რომ დაიკარგოს", - აცხადებს ადგილობრივი ელგუჯა ქ.

სამართალდამცავები გამოძიების ვერსიებზე არაფერს ამბობენ, დაკარგული ბიჭუნას მამამ კი, AMBEBI.GE-სთან საუბრისას ისიც გაამხილა, რომ გამომძიებელმა დაკითხვისას ეჭვი შეიტანა, მშობლებმა ხომ არ გაასხვისეს ბავშვი: "ესეც მკითხეს პოლიციაში, ბავშვი თქვენ ხომ არ გაყიდეთო, რა საშინელებაა, მშობელმა შვილი როგორ უნდა გაყიდოს, ეს როგორ უნდა იფიქროს ვინმემ. პირველი მეუღლეც მყავდა, შვილი არ გაგვიჩნდა, ახლა კი, ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ სამი შვილი მომცა, მართალია ძალიან გვიჭირს, მაგრამ მუდმივად ვწვალობ, რომ ჩემს პატარებს საჭმელი მაინც ჰქონდეთ. ჩვენი ოჯახი ეთნიკურად ოსური წარმომავლობისაა, 90-იან წლებში მომხდარი დაპირისპირების და დევნისას, იძულებულები გავხდით, ორჯონიკიძეში წავსულიყავით, მაგრამ იქ დიდხანს ვერ გავძელით და ხუთ წელიწადში უკან დავბრუნდით, ეს მიწური სახლი შევიძინეთ და აქ ვცხოვრობთ".

მომხდარის გამო დაკარგული ბიჭის ოჯახში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვანი - 1,5 და 5 წლის ბავშვები სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკებმა სახლიდან დროებით გაიყვანეს. განაგრძეთ კითხვა