რა იწვევს უნებლიე შარდვას მოზარდებში და როგორ უნდა მოვიქცეთ? - მშობლები

რა იწვევს უნებლიე შარდვას მოზარდებში და როგორ უნდა მოვიქცეთ?

2016-06-14 04:55:41+04:00

შარდის შეუკავებლობის მიზეზებსა და მკურნალობაზე ცნობილი ექიმი გვესაუბრება საკმაოდ ხშირია ბავშვებსა და მოზრდილებში შარდ-სასქესო სისტემასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა. მშობლებისთვის აქტუალურ რამდენიმე საკითხზე ცნობილი უროლოგი გვესაუბრება. ამჯერად თემა უნებლიე შარდვაა (ენურეზი), რომელიც ბევრ მოზარდს აწუხებს და მთელი ოჯახისთვის სერიოზულ პრობლემაც იქცევა ხოლმე. გვესაუბრება კლინიკა "ჯანმრთელობის სახლის" კონსულტანტი უროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ბოჭორიშვილი.

- რა იწვევს უნებლიე შარდვას მოზარდებში?

- უნებლიე შარდვა (შარდის შეუკავებლობა) შეიძლება სხვადასხვა დროს და სხვადასხვაგვარად გამოვლინდეს. უნებლიე შარდვას ღამის განმავლობაში ღამის ენურეზი ჰქვია. შესაძლოა დღის ენურეზიც.

mshoblebiშარდის შეუკავებლობა ღამით საკმაოდ სერიოზული პრობლემაა, გვხვდება უხშირესად ბიჭებში. 6 წლამდე ასაკში ბავშვების 12-15%-ს აქვს, 10 წლამდე ასაკში - დაახლოებით 5%-ს, 3%-ს აქვს 12 წლამდე ასაკში და 18 წლამდე აქვს 1%-ს. ეს არის სერიოზული პრობლემა, რომელიც შეიძლება ბავშვობიდან მოჰყვებოდეს და ჭაბუკობაშიც ქმნიდეს საგრძნობ დისკომფორტს, რადგან ჩასველება სერიოზულ პრობლემას იწვევს სტუმრად ყოფნისას, მეგობრებთან ერთად ლაშქრობაში წასვლისას. შესაძლებელია ასეთი მოზარდი ამის გამო თანატოლებისგან დაცინვის ობიექტი გახდეს. ეს მას ფსიქოლოგიურ პრობლემებს უქმნის, რაც განაპირობებს მის ჩაკეტილობას, სოციუმიდან მოწყვეტას.

ძალიან ბევრმა ფაქტორმა შეიძლება განაპირობოს უნებლიე შარდვა, ანუ შარდის შეუკავებლობა. ეს შეიძლება განპირობებული იყოს, შარდის ბუშტის ტევადობის შემცირებით, შეიძლება დაკავშირებული იყოს საშარდე გზების ინფექციასთან, შარდსადენი მილის გამავლობის დარღვევასთან, ნეიროგენულ ფაქტორებთან, ანუ ნერვულ-კუნთოვანი აპარატის შეუთანხმებელ ქმედებებთან და მოუწესრიგებლობასთან, ამიტომ უნდა შეფასდეს, რა არის მთავარი მიზეზი.

დიაგნოსტიკაზე რომ ვილაპარაკოთ, ძალიან ბევრი რამეა დასაზუსტებელი. ექოსკოპიურად უნდა შეფასდეს ბუშტის ტევადობა, როგორია მოშარდვის პროცესი, გამოკვლეულ უნდა იყოს ინფექციის არსებობა, გაკეთდეს შარდის ანალიზი, შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა. ზოგჯერ უნებლიე შარდვა დაკავშირებულია ხერხემლის მალების შეუხორცებლობასთან, ე.წ. რაშის სინდრომთან, ამიტომ ხერხემლის სვეტის სურათი უნდა იქნას გადაღებული. შესაძლოა პრობლემა დაკავშირებული იყოს ნერვული სისტემის დარღვევებთან.

ძალიან საყურადღებო მომენტია, როგორ უნდა მოექცე ასეთ ბავშვებს და რა უნდა გააკეთო უნებლიე შარდვის დროს. ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. ვარჯიშების სისტემის შემოღება.

- რას გულიხსმობს ვარჯიშების სისტემა?

- ეს გულისხმობს იმას, რომ უპირველეს ყოვლისა საგრძნობლად შემცირდეს ან აიკრძალოს დაძინებამდე რამდენიმე საათით ადრე სითხის მიღება. უნდა შეიზღუდოს ან აეირძალოს ისეთი სითხის მიღება, რომელიც კოფეინს შეიცავს და შარდის გამოყოფას აძლიერებს. მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ ბავშვი თანამონაწილეობდეს ვარჯიშის პროცესში, ასწავლოთ, რომ მან რეგულარულად იმაზე უფრო ადრე დაცალოს შარდის ბუშტი, ვიდრე მას მოშარდვის მოთხოვნილებაუჩნდება, ამით შარდის ბუშტის კუნთოვანი აპარატი ვარჯიშობს და ბავშვი თვითონ მიეჩვევა, რომ ყოველ საათში ან საათ-ნახევარში დაცალოს ბუშტი, რის შედეგადაც გამოუმუშავდება რეფლექსი. დღისითაც ავარჯიშებენ ასეთ ბავშვებს, აწვენენ, ახუჭინებენ თვალებს. შესაბამისად იქმნება იმის იმიტაცია, რომ თითქოს ბავშვს სძინავს, გარკვეული დროის მერე ურთავენ მაღვიძარას, ბავშვი წამოდგება, მიდის და დაცლის ბუშტს, შემდეგ მაღვიძარას პრინციპით შარდავს ღამითაც. რამდენჯერაც არ დაასველებს და დროულად წავა, წახალისების მიზნით უწერენ ქულებს. დაგროვილი ქულების მიხედვით შეიძლება კარგ პრიზსაც გამოკრას ხელი. ბავშვს უჩნდება სტიმული, რომ არ ჩაისველოს, უმაღლდება მოტივაცია, რომ ასეთი უხერხული მდგომარეობიდან თვითონ მოახერხოს გამოსვლა, თავისი ძალებით. უნებლიე შარდვასთან ბრძოლის მეთოდებს შორის არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ბავშვისდასჯა, შეურაცხყოფა, ფიზიკური ზემოქმედება. ეს აუცილებლად გამოიწვევს უკურეაქციას და ბავშვს ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება მომავალში.

რაც შეეხება მედიკამენტოზურ მკურნალობას, ესეც არსებობს, თუმცა მე ვფიქრობ, რომ მედიკამენტოზური მკურნალობა ექიმთან შეთანხმების გარეშე არ უნდა მოხდეს, ექიმთან შეთანხმებით და კონსულტაციის შემდეგ უნდა შეფასდეს, რა წამლები, რომელი ჯგუფის და რა ხნით უნდა დაენიშნოს პაციენტს.

მერი ბლიაძე