რკინადეფიციტური ანემია ბავშვებში - როგორ უნდა მიხვდეთ, აქვს თუ არა ბავშვს ანემია - მშობლები

რკინადეფიციტური ანემია ბავშვებში - როგორ უნდა მიხვდეთ, აქვს თუ არა ბავშვს ანემია

2016-08-23 05:12:44+04:00

რა არის ანემია და რომელ პროდუქტებშია ყველაზე მეტი რკინა? ანემია არის ლაბორატორიული სინდრომი, რომლის დროსაც სისხლში ეცემა ჰემოგლობინის ან ერითროციტების რაოდენობა. შედეგად სისხლს ნაკლებად გადააქვს ჟანგბადი ფილტვებიდან ორგანოებამდე, რაც გამოიხატება საერთო სისუსტეში, სიფერმკთალეში... ბავშვებში ანემია გვხვდება ისევე ხშირად, როგორც მოზრდილებში. მიზეზი შეიძლება მრავალი იყოს, მაგრამ ძირითადად ეს რკინის ნაკლებობაა. ხშირ შემთხვევაში მკურნალობა ეფექტურია და ბავშვი გამოჯანმრთელდება. მშობლის მხრიდან საჭიროა ექიმის რეკომენდაციების სრულად შესრულება და სრულფასოვანი კვება.

რკინა ორგანიზმში

მოზრდილ ადამიანს ორგანიზმში 3-დან 5 გრ-მდე რკინა აქვს, რომელიც მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ის შედის ჰემოგლობინის და ფერმენტების შემადგენლობაში, რომელიც პასუხისმგებელია იმუნური, ნერვული სისტემის და კუნთების მუშაობაზე.

ანემია შეიძლება გამოიწვიოს სამმა ძირითადმა მიზეზმა:

• საკვებში რკინის ნაკლებობამ;

• ნაწლავის მიერ რკინის ცუდი შეწოვის უნარმა;

• სისხლდენის დროს რკინის დეფიციტმა.

რკინა იმდენად მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, რომ მისი დეპოც არსებობს. მოზრდილ ადამიანს დეპო განლაგებული აქვს ღვიძლში, ელენთაში, კუნთებსა და სისხლში. პატარებს დეპო განლაგებული აქვთ დიდი რაოდენობით ერითროციტებში, ხოლო მცირე რაოდენობით - კუნთებში.

ყველაზე კარგად რკინა შეითვისება ხორციდან (9-22%), მცენარეული საკვებიდან - გაცილებით ნაკლები. კარგად შეითვისება დედის რძიდან.

საკვებში რკინის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ ანემია, არამედ ინფექციური დაავადებები, ნერვულ-ფსიქოლოგიური განვითარების დარაღვევები, თმის ცვენა და ფრჩხილების მტვრევა. ასევე მხედველობისა და სმენის დაქვეითება.

რკინის დეფიციტის მიზეზები

ახალშობილებში რკინის დეფიციტის ძირითად მიზეზს წარმოადგენს რკინის დეფიციტი ორსულობის დროს. ასევე მშობიარობის დროს გართულებები: პლაცენტარული უკმარისობა, სისხლდენა მშობიარობის დროს და სხვ. დაბადების შემდგომ რკინის დეფიციტი კვებაში მისი არარსებობაა. ეს ეხება მათ, ვინც დედის რძის მაგივრად იკვებება იაფფასიანი არაადაპტირებული რძის ნარევებით, საქონლის რძით. ასევე რკინადეფიციტური ანემიის რისკის ქვეშ არიან ბავშვები, რომლებიც დაიბადნენ დღენაკლულები ან დიდი სხეულის მასით.

რკინადეფიციტური ანემია ბავშვებში გამოვლინდება შემდეგი სიმპტომებით:

• კანისა და ლორწოვანის სიფერმკრთალე;

• ბავშვი მოდუნებული და გაღიზიანებულია;

• ორგანიზმის ტონუსისი დაქვეითება;

• ოფლიანობა;

• ცუდი ძილი ხშირი გაღვიძებებით;

• მშრალი და აქერცლილი კანი;

• ჩამორჩენა ფიზიკურ განვითარებაში;

• გემოს ცვლილებები: მიწის, ცარცის და ა.შ. ჭამის სურვილი.

რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა ბავშვებში

მკურნალობას ნიშნავს პედიატრი და მოიცავს სამ მიმართულებას:

• ანემიის მიზეზის აღმოფხვრა;

• ბავშვის კვების რეჟიმის ნორმალიზება;

• რკინის დეფიციტის შევსება ორგანიზმში.

გთავაზობთ პროდუქტების სიას, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას: ძროხის ღვიძლი, ენა, თირკმელები, კვერცხის გული, ზღვის კომბოსტო, წიწიბურა, ატამი, კაკალი, ისპანახი და სხვ.

ზოგიერთი პროდუქტი ხელს უშლის საკვების კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან რკინის შეწოვას. ესენია: ჩაი, ზოგიერთი კონსერვანტი, ძმარი, მჟაუნა.

რკინის შეწოვას აუმჯობესებს: ვაშლი და მჟავე პროდუქტები. ბავშვები, რომლებსაც ანემიის დიაგნოზი აქვთ, ხშირად უნდა იყვნენ სუფთა ჰაერზე. ნუ მოითხოვთ ბავშვისგან ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას: ანემია ართმევს ორგანიზმს დიდ ენერგიას.

რკინის პრეპარატები და ანემიის პროფილაქტიკა

ძირითად პრეპარატად გამოიყენება რკინის პრეპარატები. ზოგიერთი პრეპარატისგან ბავშვს შეიძლება განუვითარდეს გულისრევა და ღებინება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ ექიმს. ტაბლეტების აუტანლობის შემთხვევაში ინიშნება ნემსები. რკინის პრეპარატებთან ერთად ექიმი ნიშნავს პოლივიტამინებსაც, რადგან ვიტამინების და მიკროელემენტების დეფიციტი ხშირად არის კომპლექსური და აღდგენა და შევსება ხდება ერთდროულად.

სისხლის ანალიზის გაკონტროლება ხდება რამდენიმე კვირაში. შეიძლება მაჩვენებელი ამ ვადაზე ნორმაში ჩადგეს, თუმცა პრეპარატების მიღება უნდა გაგრძელდეს 3 თვემდე. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ორგანიზმის მიერ უნდა მოხდეს არა მხოლოდ რკინის შეთვისება, არამედ დეპოების შევსებაც. არავითარ შემთხვევაში არ დაალევინოთ ბავშვებს პრეპარატები ექიმის დანიშნულების გარეშე.