ორსულობის 32-ე კვირა - მშობლები

ორსულობის 32-ე კვირა

2016-10-28 14:30:57+04:00

ორსულობა კვირებისა და ტრიმესტრების მიხედვით

mshoblebi

ფეხმძიმობის ოცდამეთორმეტე კვირა

თუ ისე ძალიან გიყვართ სამსახური, რომ მის გარეშე ერთი დღეც წარმოუდგენლად მიგაჩნიათ, 32 კვირიდან დეკრეტულ შვებულებაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეთ.

თქვენი პატარა ისეთივე ზომისაა, როგორც:

ანანასი;

პატარას წონაა;

1 კილო და 700 გრამი;

პატარას სიგრძეა:

42 სმ.

ფეხმძიმობა გართულებების გარეშე რომც მიმდინარეობდეს, ცოტათი შეანელეთ აქტიურობა. დატკბით თქვენი მდგომარეობით, დაიწყეთ მშობიარობისთვის მზადება.

რა ხდება ფეხმძიმობის ოცდამეთორმეტე კვირაში?

ოცდამეთორმეტე კვირაში საშვილოსნო ისევ ზევით ადის, რის გამოც შიდა ორგანოებს ავიწროებს. ამის გამო გაქვთ ყაბზობა (პრობლემა ექმნება ნაწლავებს), გულძმარვა (აწვება კუჭს), შეშუპება (თირკმლების მუშაობაზე ავლენს გავლენას).

რას გრძნობს პატარა ოცდამეთორმეტე კვირის ფეხმძიმობისას?

უკვე ანანასს დაემსგავსა, 1.700 გრამს იწონის და 42 სმ-ია სიგრძეში. პატარა უკვე არჩევს სიბნელეს და სინათლეს. ფერებს ჯერ ვერ ხედავს. ამ თვისებას დაბადების შემდეგ გამოიმუშავებს. პატარა თავისი მოძრაობით გაგებინებთ, რა მოსწონს და რა _ არა. მაგალითად, თუ ხმაურიან ადგილას მოხვდით, შეუძლია ხელ-ფეხის რტყმევით "პროტესტი" გამოხატოს. თუ ამგვარი აქტიურობის დროს მუცელზე ხელს დაიდებთ, მოეფერებით და უმღერებთ, დამშვიდდება.

ახლა პატარას საკუთარი იმუნური სისტემა ჩამოუყალიბდა: საკუთარ ანტისხეულებს გამოყოფს და თქვენი ორგანიზმიდან იმუნოგლობულინს იღებს, რაც დაიცავს მშობიარობიდან რამდენიმე თვეში.

როგორია თქვენი შეგრძნებები ფეხმძიმობის ოცდამეთორმეტე კვირაში?

ღამღამობით ძილი სულ უფრო გირთულდებათ: მუცელი არ გიშვებთ, მოსახერხებელი პოზა მიიღოთ. ზოგჯერ პატარას უმნიშვნელო განძრევაც შეიძლება თქვენთვის მტკივნეული იყოს.

უარი თქვით ვიწრო ფეხსაცმელსა და სამოსზე, რათა შეშუპება არ გაგიჩნდეთ. შეიძლება საქორწინო ბეჭედმაც მოგიჭიროთ, ნუ გაიწვალებთ თავს, შეინახეთ ცოტა ხნით.

ოცდამეთორმეტე კვირის რჩევა

ფეხმძიმობის ოცდამეთორმეტე კვირაში მომავალი დედების უმეტესობას თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მხედველობის დაქვეითება და წონის მკვეთრი მომატება აღენიშნება. ეს შეიძლება გვიანი გესტოზის (ტოქსიკოზის) მიზეზი იყოს. აუცილებლად გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს.