"შენს ძვირფას გიორგის "ლევი" შვილი ჰყავს და არც ისეთი ანგელოზია, როგორიც შენ გგონია..." - მშობლები

"შენს ძვირფას გიორგის "ლევი" შვილი ჰყავს და არც ისეთი ანგელოზია, როგორიც შენ გგონია..."

2016-11-14 08:42:04+04:00

24 წლის ნათიას ამბის გაგრძელება ეს საკმაოდ მძიმე ამბავი ჩვენმა მკითხველმა გამოგვიგზავნა - 24 წლის ნათიამ. ეს წერილი, რომელიც მან ყველა მარტოხელა დედას მიუძღვნა, ერთი პატარა რომანივითაა, რომელშიც ამ გოგონას მძიმე ბავშვობა და ახალგაზრდობაა აღწერილი. საკმაოდ ვრცელი ამბავი რამდენიმე ნაწილად დავყავით და მკითხველს კორექტირების გარეშე ვთავაზობთ - სამწუხაროა, რომ ჩვენ გვერდით ადამიანებს ასეთი მძიმე ფსიქოლოგიური, ფიზიკური და მორალური წნეხის ქვეშ უწევთ ბავშვობისა და ჭაბუკობის წლების გატარება:

ნაწილი მეორე

(იხილეთ პირველი ნაწილი)

სტრესულმა ბავშვობამ იმდენად დიდი გავლენა იქონია ჩემს ცხოვრებაზე, რომ 19 წლამდე ისე მივედი, შეყვარებული არ მყოლია, ბიჭებს გავურბოდი რადგან ყველგან ერთი და იგივეს ვხედავდი, თანამედროვე ახალგაზრდებში ვერ ნახავ ბიჭს, რომელიც ლუდს მაინც არ სვამს, მე კი გავიგებდი ბიჭი სვამდა და ჭირიანივით ვერიდებოდი. დედაც მესაუბრა ამ თემაზე, არავის არ ენდო, დედისერთა ჭკვიან გოგონებზე ბიჭები ნადირობენ, დიდი ალბათობაა იმისიც, მამა რომ არ გყავს, ამით დაგიბრიყვონ და არავის ენდო, თავი არავის გაასულელებინოო.

მამაჩემის მკურნალობაზე ძალიან დიდი თანხები დაიხარჯა, ვალებში ჩავვარდით, ამიტომ სწავლა დროებით შევწყვიტე და დედას გვერდში დავუდექი, სულაც არ მრცხვენოდა მუშაობა. ჩვენმა შრომამ შედეგიც გამოიღო, მცირე ვალები გავისტუმრეთ, დედამ პატარა ლეპტოპი მიყიდა, რომ განათლება რაღაც საკითხებში მიმეღო. ინტერნეტმა საერთოდ სხვა თვალით დამანახა სამყარო. ახლა უკვე მისი მეშვეობით მეგობრებსაც ხშირად ვეკონტაქტებოდი, სტილი შევიცვალე, დავიხვეწე, კომპლექსები მომეხსნა, კონცერტებზე, ივენთებზე დავდიოდი. ერთი ორგანიზაცია აღმოვაჩინე, სადაც ტრენინგებზე დავიწყე სიარული და ძალიან ბევრი გავიგე ოჯახურ ძალადობაზე. ვკითხულობდი, ვისმენდი ისტორიებს ძლიერ ქალებზე, რომლებმაც შეძლეს და თავი დააღწიეს საშინელ ცხოვრებას და მშურდა მათი. შევიტყვე, რომ უამრავი ორგანიზაცია არსებობდა ასევე ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, ნეტავ ადრე გამეგო, დედას ხომ გადავარჩენდი-მეთქი, დანანებით ვფიქრობდი. მუსიკა და წიგნები იყო ჩემი ცხოვრების სინათლე. თაყვანისმცემლებიც გამომიჩნდა, მაგრამ ყველა ერთ ნოტზე ჭიკჭიკებდა – გართობა და დროსტარება. და ვინმეს გათხოვების, ცოლის მოყვანის ამბავს რომ ვიგებდი, თეთრი შურით მშურდა, გაუმართლათ და განსხვავებული იპოვეს-მეთქი. თუმცა უკვე თავისუფლებას ისე ვიყავი მიჩვეული, სულაც ვერ ვხედავდი კაცის საჭიროებას გვერდით. ვისაც გავიცნობდი, ერთი-ორი შეხვედრის შემდეგ დაძმობაზე ვუგდებდი სიტყვას და ყველა სხვა გზას ვუჭრიდი. ამ საქციელის გამო დაქალები დამცინოდნენ, მაგრამ სიკეთეც მომიტანა უკარება ბუნებამ – ნამდვილი მეგობრები შემძინა....

დედაჩემმა ჩემი მკვეთრი ცვლილება რომ დაინახა, სხვანაირად აჭიკჭიკდა. გათხოვებაზე მელაპარაკებოდა, ვინმე შესაფერისი ნახე, შეძლებული, ოჯახი გექნება და პატრონი გეყოლებაო. ამაზე ძალიან გავღიზიანდი და გამოვუცხადე, რომ არასდროს გავთხოვდებოდი, შენ რა მოგიტანა გათხოვებამ მთელი ცხოვრება სტრესში გაატარე და მეც დამიმახინჯე ცხოვრება-მეთქი. ამაზე საშინლად ვიჩხუბეთ.მართლა ვერ გამეგო, დედა მაინც რატომ იცავდა მოძალადე ქმარს ასე გამწარებით. ასეთი რა სიყვარული ჰქონდა მის მიმართ? მაშინ ვერ ვხვდებოდი, ეს რა გრძნობა იყო,სანამ საკუთარ თავზე არ გამოვცადე...

გავიცანი ბიჭი, რომელიც მომეჩვენა, რომ თითქოს ამ სამყაროს არ ეკუთვნოდა. ყველასგან განსხვავდებოდა ყველანაირად. ბევრი რომ არ გავაგრძელო, დავახლოვდით, არავისთვის არაფერი გამიმხელია, მაგრამ ბედნიერებას დიდხანს ვერ დამალავ, ახლობელ ადამიანებთან მით უმეტეს. 4 თვის თავზე დაქალებს გავაცანი. ძალიან მოეწონათ, თუმცა რომ გაიგეს, არ სწავლობდა, არ მუშაობდა, აიმრიზნენ, რაც მხედველობიდან არ გამომპარვია. ერთხელ კი დედაჩემი სამსახურიდან რომ მოვიდა, დამიჯდა და გამოკითხვა მომიწყო,პირდაპირ მომახალა, ვინ არის და საიდანო. მივხვდი, რომ რომელიღაც დაქალმა ‘’ჩამიშვა’’, არც დამიმალავს არაფერი. მე და დედაჩემი ძალიან ახლოს ვიყავით, არაფერს ვუმალავდი და მისი მხარდაჭერა ისედაც მჭირდებოდა. რომ გაიგო, უმუშევარი, უსწავლელი იყო, გააფთრდა. ამისთვის ვწვალობ? ვშრომობ, სწავლის ფულს გიხდი, მინდა წარმატებული ქალი იყო ცხოვრებაში და შენი დონის საქმიანი კაცი მოძებნო, რომ ჩემსავით არ გაგიჭირდეს, შენ კიდევ ვიღაც გადამთიელს და ჩვენსავით წყალწაღებულს გადაეკიდეო? ეგ ახლა არ აკეთებს არაფერს და მერე დაგიჯდება მამაშენივით სახლში, შეიძლება გალოთდეს კიდეც და ნახავ შენს სეირსო.

ხმა არ ამომიღია. თუმცა გულში რა თქმა უნდა, არ დავეთანხმე, რადგან უკვე საკმარისი ვიცოდი ნიკაზე. ამბავმა თავი მაინც არ დაიმალა და ის საღამო საშინლად მახსოვს. ბიძაჩემი, ბიცოლაჩემი და დედაჩემი საშინლად მეჩხუბნენ. ბიძაჩემმა პირდაპირ გამომიცხადა, მაგ ბიჭზე რაღაც-რაღაცეები გავარკვიე, არც ისეთი ანგელოზია როგორიც გეგონა, ქუჩის მენტალიტეტს აწვება, შეიძლება ნაციხარიც იყოს, ჩვენს გვარს არ ახსოვს და არც ჰყოლია ეგეთი არავინ, ამიტომ ჩამოშორდი მაგ ბიჭს სანამ დროა, თორემ თუ მას აირჩევ, საერთოდ აღარ გამოვიხედავ შენსკენ და მთელ სანათესაოს დაკარგავო. მე კრიმინალი ნათესავი არ მჭირდებაო.

დედაჩემი იცრემლებოდა, რაღა ქურდს და მამაძაღლს გადაეკიდა, ირგვლივ ყველა ნასწავლი, განათლებული ჰყავს, ასეთი ჭკვიანია და შესაფერისი მოეძებნა ვინმეო. ჩემზე ისე მსჯელობდნენ, თითქოს ნივთი ვყოფილიყავი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მას დამაშორეს, ბევრი ვიკამათე და ვიყვირე, მაგრამ არ ვიცი, რა გააკეთა ბიძაჩემმა - მეორე დღესვე ისე გაქრა ჩემი ცხოვრებიდან ნიკა, თითქოს არც არსებობდა... ერთი დასამშვიდობებელი მესიჯიც კი არ მოუწერია, ფეისბუქი საერთოდ გააუქმა.

საშინლად გადავიტანე მასთან დაშორება. თუმცა ხანდახან კი გამკრავდა გულში, რომ სწორად მოვიქეცი, სანათესაო რომ არ დავკარგე. რადგან ასე "დამიკიდა’’ აუხსნელად, ესე იგი მისთვის არც არაფერს ვნიშნავდი-მეთქი.

მიუხედავად ამისა, თავს საშინლად ვგრძნობდი. ცოტა ხანში მისი ერთი მეგობრისგან გავიგე, ციხეში ჩაუსვამთ. დავრწმუნდი რომ ბიძაჩემი სიმართლეს მეუბნებოდა. სამყარო ისევ გაუფერულდა ჩემ ირგვლივ. ამას ისიც დაემატა, რომ დედაჩემს ვიღაც ქალები მოჰყავდა სტუმრად, რომლებსაც ახალგაზრდა ბიჭები ახლდნენ და ცდილობდნენ ჩემს საუბარში აყოლიებას, თურმე დედაჩემი "გარიგებას’’ თამაშობდა. ამან ისე გამაცოფა, ცხოვრებაში პირველად გამოვუცხადე, რომ სახლიდან წავიდოდი, თუ ჩემი პირადის აწყობის მცდელობას თავს არ დაანებებდა.

წლები ისე გავიდა, არავის გაცნობის სურვილი აღარ გამჩენია. ვსწავლობდი და ხანდახან დედაჩემს ვენაცვლებოდი სამსახურში, არავის ვენდობოდი... თანდათან ძველ სამეგობროსაც ჩამოვშორდი, რადგან მაღიზიანებდა უკვე ყველგან გარყვნილებაზე, ერთმანეთში ურთიერთობებსა და თანამედროვეობაზე საუბრები. მაინც ხმას ამოვიღებდი თუ არა, ყველა დამცინოდა ჩემი "ძველმოდურობის’’ გამო, ერთმა მეგობარმა ბიჭმა ხუმრობით ისიც კი მითხრა – "როდის უნდა ეწიო ბედს, სამადლოდ მაინც მიეცი ვინმეს, გაგიხმაო.’’ამის მერე შეკრებებზე სიარული საერთოდ შევწყვიტე.

ერთხელ მეზობელმა ბიჭმა ინტერნეტში მომწერა, ერთი ჩემი ძმაკაცია, ჩემთან ხშირად დადის, ეზოში ხშირად გხედავს, მოეწონე და შენი გაცნობა უნდაო. ცუდს არაფერს გაკადრებს, ისეთი ბუნების ადამიანიაო. ცივად მივწერე, არავინ არ მაინტერესებს, მით უმეტეს შენი გარიგებული და ჭორები მაკლია ახლა სამეზობლოში, თავი დამანებე-მეთქი.იმავე საღამოს იმ ბიჭმაც მომწერა, მაგრამ არ ვუპასუხე. რამდენიმე დღე გავიდა და ეს ბიჭი "სრულიად შემთხვევით’’ მაღაზიაში შემხვდა. თავი ვერ ავარიდე, თუმცა მისი ზრდილობიანი საუბარი მომეწონა, თანაც ზედმეტიც არაფერი უკადრებია. გავაფრთხილე, ეზოში არ მომიახლოვდე, არ დამელაპარაკო - მაშინვე დედაჩემს მიურბენინებენ ხმებს და პრობლემები არ მჭირდება-მეთქი.

ცოტახანი ვაცადე და თავი მაინც რომ არ დამანება. გავრისკე და ურთიერთობაზე დავთანხმდი, თუმცა ამჯერად ყველასთან ვმალავდი. აღარც დაქალებს ვენდობოდი. ძალიან ფრთხილად ვიყავით და უბანში არასდროს ვხვდებოდით.

რაც უფრო ვაკვირდებოდი, მოვიხიბლე მისით, არ ეწეოდა, არ სვამდა, ჯანსაღ საკვებს ანიჭებდა უპირატესობას, ნამდვილი ჯენტლმენი იყო, შევიტყვე, რომ მდიდარიც იყო, უამრავ ფულს ხარჯავდა ძმაკაცებში და რამდენჯერმე უცხოეთშიც იყო ნამყოფი. სწორედ ამიტომ სიფრთხილეს ვიჩენდი, რამდენჯერ დააპირა ჩემთვის ძვირფასი საჩუქრის ყიდვა, უარი ვუთხარი. არც რესტორნებში დავყვებოდი, არც დღესასწაულებს აღვნიშნავდით, რაზეც ნერვები ეშლებოდა - რატომ ვიმალებით ასეო. სინამდვილეში უბრალოდ ასეთი ვარ, არასდროს მომწონდა გოგონები, რომლებიც ბიჭებთან გამორჩენის მიზნით არიან და ცდილობენ მაქსიმალურად გაღლიტონ...

იმის გამო, რომ გიორგის არსად დავყვებოდი და ყველაფერზე უარს ვეუბნებოდი (დროც ხშირად არ მქონდა, რადგან დედას ვეხმარებოდი მაღაზიაში), ვგრძნობდი, რომ მის თვალში პატივისცემა დავიმსახურე - ჩემი სიღარიბის მიუხედავად, ფულზე და ძვირფას ნივთებზე გაგიჟებული არ ვიყავი. ღმერთს მადლობას ვწირავდი, ასეთი კარგი ადამიანი შემახვედრა-მეთქი.

ერთხელ გადავწყვიტე, ჩემს წარსულზე და შიშებზე გულახდილად მელაპარაკა. ჩემდა გასაკვირად, მან არ დამცინა. მაგრამ.... – სულელი ხარ, შენი შიშები მესმის, მაგრამ დღეს სიყვარული სიახლოვის გარეშე არ არსებობს, სულიერება ძლიერი კავშირი არ არის, ადვილად შეიძლება მამაკაცმა სხვაზე გაგცვალოს, თუ იმას ვერ იღებს შენგან, რაც შენს თავს ყოველ წუთს გაახსენებს და სხვაზე ვეღარ იფიქრებს... ბევრი კაცი აზროვნებს შენნაირად, სულიერებას რომ ეძებენ ქალში,მაგრამ საბოლოოდ მაინც იმასთან გაიქცევიან, ვისშიც მეტ სრულყოფილებას ნახავენ... დღეს ასეთი დროა. სწორედ ამიტომაც წავიდა ის ბიჭი, რადგან შენთან არაფერი აკავებდა ისეთი, რის გამოც შენთვის იბრძოლებდაო.... ბავშვობის ტრავმა ძნელი გადასატანია, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ყველა კაცი ერთ ქვაბში მოხარშოო.მაშინ რატომ გშურს მათი, შენი ტოლები ყველანი შენ ირგვლივ ხომ დათხოვდნენ? რატომ გაუმართლათ, ამაზე არ გიფიქრია? გგონია ისინიც თვეები და წლები მდინარის პირას დასეირნობდნენ და შექსპირის სონეტებს კითხულობდნენ?

მართალია, ამაზე დიდხანს ვიკამათეთ, მაგრამ ვიგრძენი, რომ მართალი იყო და დრო იყო რაღაც მაინც შემეცვალა ჩემს უფერულ ცხოვრებაში და გრძნობას მთლიანად დავნებდი... სწორედ მაშინ მივხვდი, რაც იყო სიყვარული, როცა საყვარელი ადამიანი მთლიანად შენ გეკუთვნის - სულითაც და ხორცითაც... ამაზე დიდი ბედნიერების განცდა არ არსებობდა და არც აღარავისი მეშინოდა, მთელ სამყაროს წინ გადავუდგებოდი ჩემი სიყვარულის დასაცავად....

ბედნიერება მაინც თავზე ჩამომენგრა, როცა ერთხელ ინტერნეტში ვიღაცის ანონიმი მონაწერი დამხვდა: "შენს ძვირფას გიორგის "ლევი" შვილი ჰყავს და არც ისეთი ანგელოზია, როგორიც შენ გგონია. მე შენ გიცნობ, ვიცი დედაშენი ვინ არის, მთელი უბანი აფასებს, კარგი ოჯახიდან ხარ, შენი კეთილისმსურველი ვარ და თავს ნუ იღუპავ".

ჩავთვალე, რომ ისევ რომელიმე ჩემი ძველი მეგობარი ან მოშურნე აგდებდა ინტრიგას, ალბათ სადმე დაგვინახეს-თქო ვიფიქრე მაგრამ ეჭვი რომ შეგიჩნდება ადამიანს, დამთავრებულია ყველაფერი. ჩემს ერთ ძმაკაცს გავენდე, რომელსაც გარკვეული კავშირები ჰქონდა უბანში, გიორგის სახელი და გვარი ვუთხარი და ვთხოვე, რა დროც არ უნდა დასჭირვებოდა, მის ცხოვრებაზე ყველაფერი დაწვრილებით გამოეკვლია.

ზაფხულში ბევრ რამეს ვგეგმავდით, მაგრამ მალე თავს უხასიათობა შევატყვე, თანაც აშკარად ვხედავდი, რომ მუცელი წამომებერა... ვარჯიშს დავიწყებ, იქნებ ღიპი დავიგდო-მეთქი, მაგრამ შევამჩნიე, რომ პრესებს ვერ ვაკეთებდი, ვერც ვირბინე, მტკიოდა, თან უზომოდ ვჭამდი. დედაჩემიც დაეჭვდა, რა გჭირსო (მაგრამ თავს ვიცავდი და ორსულობის გარდა მართლა ყველაფერს ვიფიქრებდი)... ბოლოს ისეთი გაღიზიანებული ვიყავი, გიორგისაც კი აღარ ვხვდებოდი, ფორმაში არ ვარ-მეთქი, ვემალებოდი...

ერთ დღეს დაქალი მოვიდა და ვითომ ხუმრობით, ტესტი მოიტანა... ორი ხაზი...თვალებს ვერ დავუჯერე. იხილეთ დასასრული