"გავუძლებ ხალხის, ბრბოს გამკიცხავ მზერას და მაინც ამაყად გავივლი ქუჩაში... მე მარტოხელა დედა ვარ!" - მშობლები

"გავუძლებ ხალხის, ბრბოს გამკიცხავ მზერას და მაინც ამაყად გავივლი ქუჩაში... მე მარტოხელა დედა ვარ!"

2016-11-15 17:21:19+04:00

"მე არ ვარჩიე ფული და თავისუფლება, არ მქვია მკვლელი ან შვილის გამყიდველი!" - ქართველი გოგონას ემოციური წერილი ეს საკმაოდ მძიმე ამბავი ჩვენმა მკითხველმა გამოგვიგზავნა - 24 წლის ნათიამ. ეს წერილი, რომელიც მან ყველა მარტოხელა დედას მიუძღვნა, ერთი პატარა რომანივითაა, რომელშიც ამ გოგონას მძიმე ბავშვობა და ახალგაზრდობაა აღწერილი. საკმაოდ ვრცელი ამბავი რამდენიმე ნაწილად დავყავით და მკითხველს კორექტირების გარეშე ვთავაზობთ - სამწუხაროა, რომ ჩვენ გვერდით ადამიანებს ასეთი მძიმე ფსიქოლოგიური, ფიზიკური და მორალური წნეხის ქვეშ უწევთ ბავშვობისა და ჭაბუკობის წლების გატარება:

ეძღვნება ყველა მარტოხელა დედას

მესამე ნაწილი

(იხილეთ მეორე ნაწილი)

(იხილეთ დასაწყისი)

ერთ დღეს დაქალი მოვიდა და ვითომ ხუმრობით, ტესტი მოიტანა. ორი ხაზი... თვალებს ვერ დავუჯერე.დაქალი მაშინვე გავარდა და უფრო ძვირიანი ტესტი მომიტანა. ისევ იგივე... ვერ აღვწერ, რა გრძნობა დამეუფლა. მაშინვე ვიფიქრე, რომ მორჩა! სახლიდან გაგდებული ვიყავი. დედაჩემისთვის როგორ მეთქვა, როცა ისიც კი არ იცოდა, საერთოდ ვინმე თუ მყავდა...

დავურეკეთ ვაჟბატონს. მაშინვე მოვარდა... მე ხმას ვერ ვიღებდი, ჩემი დაქალი კი გიორგის მკაცრად ელაპარაკა. დამამშვიდეს, სისულელეა ეს ტესტები, ხვალვე გაგყვებით ექოზეო.

ის ღამე ტირილით გადავათენე... მეორე დილას მივედით კლინიკაში, ექიმმა ხელი დამადო თუ არა, უჰ, კაი დიდი 4 თვის ხარ, აქამდე სად იყავითო.

შოკში ვიყავი. "მას" გავხედე. გაფითრებული იდგა და ტუჩებს იჭამდა... სანამ ექოზე შევიდოდი, გულისცემა მომასმენინეს... ცრემლები თავისთავად მომდიოდა. ექოზე კი ნათლად დავინახე, ჩემმა გოგომ ფეხუცა როგორ გაანძრია... ისე ავბღავლდი, ძლივს დამამშვიდეს...

რომ გამოვედით, ექიმმა რჩევები მომცა და წამლები დამინიშნა. ჩუმად ვკითხე, თავს ვიცავდი და ასეთი რამ როგორაა შესაძლებელი-მეთქი? გაეცინა, თავდაცვა 100%-ით არასდროსაა სანდო, ჩათვალე, უფლისგან ყველაზე დიდი საჩუქარი გერგოო.

ვაჟბატონი კი ისტერიკულად იმეორებდა, რატომ ადრე არ მიხედე თავს, პრობლემას მოვაგვარებდიო. ამაზე გავცოფდი, აბორტზე მელაპარაკები-მეთქი? არაო, სცადა შესწორება, მაგრამ უკვე სიტყვა ''პრობლემამ'' მიმახვედრა მის პოზიციას... იმ წუთებში მინდოდა, კაცი ვყოფილიყავი, მივვარდნოდი და დამეჩეჩქვა ადგილზე...

იმ საღამოსვე დედაჩემს ყველაფერი ვუთხარი. მთელი ისტორია ცივად მოვუყევი. უემოციოდ მომისმინა. რას აპირებთო? შენ რასაც მეტყვი, ისე ვიზამ, ახლა უფლება აღარ მაქვს, ჩემით გადავწყვიტო რამე-მეთქი. სამწუხაროა, რომ აბორტი გვიანია. სახლიდან უნდა გაგდებდე, მაგრამ ვცადოთ, იქნებ ვაჟბატონი მოვიყვანოთ ჭკუაზეო. საერთოდ ბიჭები გვიან აცნობიერებენ შვილის მნიშვნელობას. იქნებ გაგიმართლოს და თუ ასე უყვარხარ, წაგიყვანოს. თუ არადა, წადი მომცილდი აქედანო. ამ გაჭირვებაში ძლივს გაგზარდე, რა არ გადავიტანე, რომ კარგი მომავალი შემექმნა შენთვის და შენ რა გამიკეთეო... ან ბავშვის რჩენის თავი სად მაქვს, კაპიკებზე ვმუშაობ, ან ამ ხალხს რა ვუთხრაო, ან შენ ''ნაბიჭვარით'' ხელში როგორ გაივლი ქუჩაში, ან მე როგორ ავიყვანო ბავშვი ხელშიო...

მივხვდი, რომ ფაქტობრივად გაგდებული ვიყავი, რადგან გიორგის ტელეფონი უკვე გათიშული ჰქონდა და ინტერნეტშიც არ ჩანდა. მის ძმაკაცებს შევეხმიანე, არავინ იცოდა მისი ასავალ-დასავალი... გასაგები იყო უკვე ყველაფერი. სანამ დედა გამაგდებდა, მანამდე ჩემით წავედი დაქალთან 2-3 დღით, რომ გონზე მოვსულიყავი.

საბედნიეროდ, ის არასამთავრობო ორგანიზაცია დამიდგა გვერდში, სადაც ტრენინგებს ვესწრებოდი, მაშინვე დამაკავშირეს ადვოკატს, ფსიქოლოგებს, იმდენი ადამიანი დამიდგა გვერდში, გავოცდი, ძალიან ბევრ რამეში გამარკვიეს, ბრძოლის სურვილი გამიჩნდა, მივხვდი, რომ მარტო არ ვიყავი... მაგრამ დედაჩემზე ვდარდობდი, მარტო რომ იტანდა ამ ტკივილს... გადავწყვიტე, გავრისკე და დავურეკე მამიდაჩემს, ეკლესიური ქალია და მე თუ არა, დედას გვერდში დაუდგებოდა ვიცოდი. მართლაც, დედაჩემს მკაცრად ელაპარაკა, ერთადერთი შვილი გყავს, ხალხი ბრბოა, რას უყურებ, ვინ რას იტყვის, ხალხი წლები ელოდება შვილს, ღმერთმა ასე ინება და უფლება არ გაქვს მისი უარყოფის. პატარა ხომ არაა, 24 წლისაა, არაფერი გაუჭირდება, იმუშავებს... გოგოს გვერდით დაუდექი, თავს არაფერი აუტეხოს, ან ბავშვს არ ავნოს რამე, თორემ მთელი ცხოვრება თავს ვერ აპატიებ და გამწარდებიო... ბოლოს დედაჩემმა დამირეკა და სახლში დამაბრუნეს.

...ბრძოლა გადავწყვიტეთ. ადვოკატი დაუკავშირდა გიორგის ოჯახს. დედამისმა ხელები დაიბანა, ჯერ დაამტკიცე, ჩემი შვილის თუ არის, მე რა ვიცი, შენ რამდენთან იყავიო... მე დამანებეთ თავი და მაგან, თუ დაამტკიცებ, რომ მისია, პასუხი აგოს თავის საქციელზე, რაც გინდათ ის ქენით, არ ვამართლებ არც მასო...

ორ დღეში მირეკავს ქალბატონი უცნობი ნომრიდან და მთავაზობენ გარკვეულ თანხას, რის სანაცვლოდაც სამუდამოდ უნდა "დავკარგულიყავი" და გიორგის სახელი დამევიწყებინა... რა თქმა უნდა, გავუთიშე, კიდევ მირეკავენ და – ოჯახი ვნახეთ, ვისაც შვილის აყვანა უნდა და თუ თანახმა ხარ, დაგაკავშირებთ, პრობლემა მოგვარდებაო.

პრობლემა!!!! თურმე მათთვის პრობლემა უნდა მომეშორებინა!!!! ვაჟბატონს ბედნიერად უნდა ეცხოვრა, ძმაკაცებში ათასები ეხარჯა და მე საკუთარი შვილი უნდა გამეწირა, არც კი მჯეროდა, რომ ამ არაადამიანის მიმართ ოდესმე რაიმე გრძნობა მქონდა, ფაქტობრივად სხვა ადამიანი წარმომიდგა თვალწინ... ადამიანს, რომელიც თან მყვებოდა, მეგონა, რომ საკმარისად ვიცნობდით და ვენდობოდით ერთმანეთს, ახლა პასუხისმგებლობის აღების ისე შეეშინდა, ბინძურ ხერხებს იყენებდა, რომ თავიდან მოვეშორებინე...

ცოტა ხანში უფრო უარესი ამბები შევიტყვეთ - ჩემმა ძმაკაცმა გამირკვია, გადარეული იყო. ეგ შენი გიორგი ქუჩის ბარიგა, "პლანაობს", უბანს ამარაგებდა, თავი დიდი გაჩითული ვინმე ჰგონია, ორი წლის წინ ქალიშვილი შეუცდენია, ციხე ემუქრებოდა მაგრამ 5 000 ‘’დაახია’’ ოჯახმა და გადარჩაო... ვიღაც გოგოსგან ბავშვიც ჰყავს, როგორც ვიცი, გოგო მდიდარი ოჯახიდანაა და არ უჩივლა, ესეც ხანდახან ნახულობს ბავშვს, მაგრამ იმ გოგოსთან რა ურთიერთობა აქვს, აღარ ვიციო...

გაოგნებული და გაცოფებული ვიყავი. ასე მეგონა, სულ სხვა ადამიანზე მელაპარაკებოდნენ...

უკვე მუცელში მოძრაობებს ვგრძნობდი, ხელს ვიდებდი და ველაპარაკებოდი... ვერ აღვწერ, ეს რა გრძნობაა, უკვე მუცლადმყოფი შემიყვარდა, ვიცოდი, რომ ჩემი შვილისთვის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებდი, ვერავინ ვერ მაიძულებდა მასზე უარის თქმას, დედაჩემი ყველანაირად გვერდში მედგა. ხანდახან მაინც წუწუნებდა, ეს რა სატანჯველი ამიტეხეო, ხმას არ ვიღებდი, ვიცოდი, მართალი იყო, მაგრამ მე თვითონ უარესად ვგრძნობდი თავს. საკუთარი თავი მძულდა საშინლად იმისთვის, რომ ჩემს პრინციპებს ვუღალატე, სიყვარულს, ილუზიას ავყევი და ოჯახი გავაუბედურე, თავიც დავიღუპე. სიღარიბეში მომიწევდა ბავშვის გაზრდა... სოციალურად დაუცველები ვიყავით, მაგრამ სახელმწიფოს ფეხებზე კიდია დღეს გაჭირვებული ხალხი.... და ფაქტობრივად საერთოდ არ ვიცოდი, რას ვიზამდი მომავალში და როგორ უნდა გამეზარდა ბავშვი... ხშირად ღამეები მწარედ ვტიროდი. დილას კი თვალებდასიებულს დედა ამაზეც მსაყვედურობდა, ბავშვს ნუ ვნებ, საქმეს აღარაფერი ეშველებაო...

...ერთ დღეს მოულოდნელად გიორგი დამადგა. არც მომსალმებია, ისე შემოიჭრა ოთახში. მაშინვე ჩუმად დაქალთან გავუშვი მესიჯი, 10 წუთში გადმოდი, არაფერი დამიშავოს-მეთქი. არხეინად მკითხა, რა მოიფიქრეო. ვიტოვებ-მეთქი, მშვიდად ვუთხარი. არაფერი დატყობია სახეზე.

ჩემგან რა გინდაო? მშვიდად ავუხსენი, რომ ვიცოდი მის ცხოვრებაზე ყველაფერი და განვუმარტე, რაც ელოდა სასამართლოზე... ჰოდა, იმ მამაძაღლებმა ვერაფერი დამაკლეს და შენ რა უნდა მიქნაო. ერთს გაფრთხილებ, დედაჩემს და ჩემიანებს თავი დაანებე, არც დაურეკო, არც მიწერო, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებო... და კიდევ, ვერაფერს მიიღებ, არაფრის გადახდას არ ვაპირებ, თავიდან ხომ თქვი ფულზე უარი, ჰოდა აწი ვერაფერს მიაღწევო... თუ სასამართლოს მიმართავ, ჩავთვლი, რომ შენც სხვებისნაირი ხარ, თუ გააშვილებ მაგასაც ხო გავიგებო...

ამასობაში ჩემი დაქალიც მოვიდა და ისეთი ამბავი დაუწია, სხვა გზა აღარ ჰქონდა, გაიძურწა. მერე ზარებით მუქარები და ტერორი დაიწყო მათი მხრიდან, ყველანაირი დამამცირებელი მესიჯები მოდიოდა, ვიღაცები რეკავდნენ და ბავშვის აყვანა-გაშვილებაზე მეკითხებოდნენ...

ბოლოს დედაჩემმა ვეღარ მოითმინა, გამომართვა დედამისის ნომერი და სიმშვიდე კი არა, ისეთი ამბავი გაუმართა ტელეფონში, მას შემდეგ აღარც დაურეკავთ...

ახლა სასამართლოს მშვიდად ველოდები, მაგრამ უკვე ვთვლი, რომ მოგებული მაქვს, ისეთი კარგი ადვოკატი მყავს,იმდენი არგუმენტი და მტკიცებულება მაქვს ხელში, პლუს ანალიზიც მათი სადარდებელია... როცა დამტკიცდება, რომ ბავშვი მისია, შეიძლება დედამისმაც სულ სხვანაირად შემხედოს, დარწმუნდეს ჩემს ერთგულებაში და ბავშვსაც მიხედოს - დედაჩემს ამის იმედიც აქვს... მე ჩემთვის არაფერი მინდა, ჩემი შვილისთვის კი მაქსიმუმს მოვითხოვ, მისი უფლებები უნდა იყოს დაცული... ვიცი, რომ მეც დავაშავე, მაგრამ ამ შემთხვევაში ორივე ვართ პასუხისმგებელი ბავშვზე, ამ მომენტში კი მე მეტად დაზარალებული ვარ, რადგან ის დადის, ერთობა, ათასებს ხარჯავს, მე კი მთელი ორსულობის გადატანა მარტო მიწევს...

თავიდან სახლიდანაც იშვიათად გავდიოდი, რომ მეზობლებს თვალში არ მოვხვედროდი, ახლა კი არავინ და არაფერი არ მადარდებს... მაღაზია დაიხურა და დღეს დედაჩემი ბაზარში მუშაობს, რომ ელემენტარული წამლების და საჭმლის ფული გვქონდეს. უამრავი რამ დამჭირდა და ესეც ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი ტანჯვაა ჩემთვის, რომ ყველაფერზე სირბილი დედაჩემს უწევს... ადრე ვეხმარებოდი, გვერდში ვედექი, სანამ შემეძლო სიარული და ხშირად ხალხისგანაც მიმიღია "თანაგრძნობის’’ სიტყვები - ინტერესდებოდნენ, ორსული გოგო რატომ ვიდექი ბაზარში, ინტერნეტი რომ არა, ალბათ გავგიჟდებოდი... ბევრი მეგობარიც ჩამომშორდა და დედაჩემის თანადგომა ახლაც მაძლიერებს...

ჩემს ცხოვრებას აზრი მიეცა, შვილი მეყოლება საყვარელი (უნამუსოდ ქცეული) ადამიანისგან, რომელსაც შეძლებისდაგვარად არაფერს მოვაკლებ... ნათესავები თავიდან არ გვეხმიანებოდნენ, მაგრამ დედაჩემს ურეკავენ და მაინც "ინტერესდებიან’’... არც მათი უარყოფითი პოზიცია მადარდებს, მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი ამაზეც წუხს - ხალხს დაშორდი შენი უჭკუობით და მომავალში რა გეშველება, მე რომ არ გეყოლები, ვინ მოგხედავს და დაგეხმარებაო...

მე ხომ არავისთვის არაფერი დამიშავებია, ჩემი ცხოვრება და ჩემი პირადი ხომ ჩემი სადარდებელია, ჩემი ტვირთია? და დახმარება არც არავისთვის მითხოვია... ამიტომ ვისთვისაც "მიუღებელი’’ ვარ, კი ბატონო. საინტერესოა, აბორტს ან გაშვილებას რომ დავთანხმებულიყავი, იგივე აზრზე იქნებოდნენ? რა თქმა უნდა, უარესზე... მკვლელი ან შვილის გამყიდველი უღირსი ქალი უფრო მიუღებელია ხალხისთვის, თუ მარტოხელა დედა? ჩემიანებისთვის მთავარია, "საგვარეულო’’ არ შერცხვეს... და ყველაფერზე არიან წამსვლელები... ერთხელ უკვე დამინგრიეს მომავალი და მეორედ აღარავის მივცემდი უფლებას, ჩარეულიყვნენ, თუნდაც სრულიად მარტო დავრჩენილიყავი მთელი სამყაროს პირისპირ...

ეს ჩემი აზრია, მაგრამ ვთვლი, რომ არასოდეს არ უნდა დათმოთ ის, რაც კანონიერად თქვენს შვილს ეკუთვნის. დაფიქრდით, რატომ არის ალიმენტის მოთხოვნა მათხოვრობა და რატომ არ არის შვილისთვის კუთვნილი ფინანსური დახმარების დაკარგვა უპასუხისმგებლობა?რატომ ითვლება სიძლიერედ ყველაფრის მარტო გამკლავება და რატომ არ ითვლება სისუსტედ ვალდებული მხარისთვის პასუხისმგებლობისგან გაქცევაში ხელშეწყობა?

ალბათ ბევრი იტყვის, რომ პასუხი ქალსაც მოეთხოვება, მაგრამ ქალები ზოგადად გვიან მოვდივართ აზრზე "ეს მე არ მომივა"-ს პრინციპით. არადა, ქალის პასუხისმგებლობის საკითხიც ისევე დგას, როგორც მამაკაცის, და პრინციპში, როდესაც ქალი ბავშვს აჩენს და ზრდის, ეს სწორედ პასუხისმგებლობის აღებაა... თუმცა მამაკაცი უფრო მეტად პასუხისმგებელია თავდაცვის და სიფრთხილის საკითხში და თუკი არასასურველი შედეგი არ სურს, კეთილი ინებოს და გააკონტროლოს თავისი ქმედებები. ალიმენტის მოთხოვნა ყველაფერია გარდა მათხოვრობისა, ეს არის მინიმუმი, რაშიც ბიოლოგიური მამა უნდა მონაწილეობდეს...

ყველა მარტოხელა დედას მოვუწოდებ, იბრძოლეთ შვილის უფლებებისთვის!!!!! დაბრკოლებებს არ შეუშინდეთ, მართლაც არის დრო, შემოვულაწუნოთ უპასუხისმგებლო კაცებს და შევცვალოთ ის მიდგომა, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ქალებს აწევთ შვილების აღზრდის ტვირთი!!!!

სტატუსი ''მარტოხელა'' არ მაშინებს, ვერავინ ზედმეტს ვეღარ მეტყვის, ძალიან ბევრი ადამიანი მიდგას გვერდში. რაც მთავარია, საკუთარმა დედამ არ გამრიყა, პირიქით, მას ახლა გმირადაც მიიჩნევენ, რომ საზოგადოებას და "ხალხი რას იტყვის’’ აზრს ჩემთან ერთად დაუპირისპირდა, დამიცვა და ჩემთან ერთად იბრძვის...

ჩემი ისტორიით უბრალოდ ერთი რამის თქმა მინდოდა, რომ შვილი – რაც არ უნდა იყოს, რა ვითარებაც არ უნდა იყოს, რამხელა გაჭირვებაც არ უნდა იყოს, ის შენი სისხლი და ხორცია! შენი ნაწილია! ღმერთი ყველას არ აჯილდოვებს ამ სასწაულით და არავითარ შემთხვევაში მასზე უარის თქმის ან მისი სიცოცხლის ხელყოფის უფლება შენ არ გაქვს! მე გავუძელი მტანჯველ ფსიქოლოგიურ დღეებს, საშინელ ტერორს, არ შევუშინდი სანათესაოდან, ოჯახიდან გარიყვის საფრთხეს, ფულზე და კეთილმოწყობაზე არ გადავცვალე საკუთარი შ ვ ი ლ ი!!! და სხვის საკეთილდღეოდ და ''პრობლემის'' ასაცილებლად არ გავაშვილე, არ გადავაგდე ისევ და ისევ საკუთარი შ ვ ი ლ ი!!! მე გავუძლებ ყველაფერს, გავიმარჯვებ, ვიბრძოლებ მისი უფლებებისთვის, გავუძლებ ხალხის, ბრბოს გამკიცხავ მზერას და მაინც ამაყად გავივლი ქუჩაში, რადგან მე მეცოდინება, რომ ვიბრძოლე, და დღეს მქვია მარტოხელა დედა, და არ ვარჩიე თავისუფლება და არ მქვია მკვლელი ან შვილის გამყიდველი! მართალია, საშინელ გაჭირვებაში მომიწევს შვილის გაზრდა, საერთოდ არანაირი სახსარი არ გაგვაჩნია, მაგრამ არაფერი მაშინებს. არ მეშინია! რადგან შვილი – ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა ცხოვრებაში, უფლის ყველაზე დიდი საჩუქარი, სულ ცოტა დამრჩა და მოუთმენლად ველოდები იმ მომენტს, როცა თვის ბოლოს ჩემს გოგოს ჩავიხუტებ...