გვესაუბრება მღვდელ- მონაზონი ანდრია ხშირად ადამიანები წუხან, რომ საქმეში წინსვლა არა აქვთ. ცნობისმოყვარენი მკითხავებთან მიდიან და მომავლის განჭვრეტას ცდილობენ, ზოგიც კვეთებულის ლოცვებზე დასწრებას ცდილობს. რა არის კვეთებულის ლოცვის მთავარი არსი და რისგან გვიცავს იგი - გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):
- ჯადოქრებთან, მკითხავებთან სიარული, უფლის უგულვებელყოფას ნიშნავს. ეშმაკმა შესაძლოა წინასწარ პირობა მოგცეს, რომ ამქვეყნად კარგად იქნები, ყველაფერს დაგვპირდება, საბოლოოდ კი დაგვტოვებს გაძარცვულს. კვეთებულს მხოლოდ ეშმაკეული უნდა დავასწროთ და არა ბედნიერების მაძიებელი. ბედნიერებისკენ სწრაფვა სინანული ვიწყოთ. მთელი სოფლის შეძენა არ ღირს სულის დაკარგვად.
- განგვიმარტეთ კვეთებულის ლოცვის არსი და როდის იკითხება იგი?
- თვითონ სიტყვა მიუთითებს, ,,კვეთებული'', როდესაც ადამიანს ეშმაკი ეკვეთება, იპყრობს და ანადგურებს. ასეთ დროს საკუთარ თავს ვეღარ აკონტროლებს, სხეული ბოროტის მორჩილებაშია და ერთადერთ ხსნად ეკლესიის ლოცვა და უფლის შეწევნა გვეგულება. სახარებაში საუკეთესო მაგალითი გვაქვს ამისა, როდესაც უფალმა ეშმაკეული კაცისგნ ,,ლეგეონი" განდევნა. ეშმაკეულის სხვადასხვა კატეგორია არსებობს. ნებისმიერი ცოდვის ჩამდენი ,,ეშმაკეულია'', თუმცა აღმატებული ხარისხია გასატანებულობა, როცა სისხლითა და ხორცით ბოროტის კუთვნილება ხდები. ქრისტემ სიტყვით განკურნა ბოროტი, ეკლესია კი კვეთებულის ლოოცვით თავად უფლის შეწევნას მოუხმობს. ამ ლოცვის არსი ადამაინის კურნებაში მდგომარეობს.
- ყველა მოძღვარს შეუძლია წაიკითხოს კვეთებულის ლოცვა?
- წაკითხვა არათუ მოძღვარს, ერისკაცსაც შეუძლია, თუმცა დასრულდება სავალალოდ თუ ჩვენ მყარნი და ძლიერი არ ვართ სულიერად, მაშინ ბოროტი ჩვენ მოგვიბრუნდება. განდევნის ნაცვლად, სულში შემოვისახლებთ. ეკლესიის ისტორიაში ამის მრავალი მაგალითი გვაქვს. თვით წმინდა წერილში. ეშმაკი ,,მლოცველ'' ადამიანს ეტყვის: ,,ვიცით ქრისტე, მაგრამ შენ ვინ ხარ?".
- ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაესწროს კვეთებულის ლოცვას თუ არიან გამონაკლისები?
- არ შეიძლება თავის ტკივილის, მაჯის ტკივილისა და კბილის ტკივილის გამო მოძღვარმა კვეთებულის ლოცვა წაუკითხოს. გამოუცდელი ამ საქმეში, არათუ საკუთარ თავს, სხვასაც დაღუპავს. უმჯობესია გულწრფელი ლოცვა წირვისას, ვიდრე უფლის გამოცდა და ჩვენი ,,ძალების" მოსინჯვა.
- კვეთებულის ლოცვის დროს მრევლს ხელში ახლობლების ტანსაცმელი, ფოტოები უჭირავთ და ლოცვებს ასმენინებენ. ეს მისაღებია?
- ღმერთს არ სჭირდება ჩვენი სამოსელი და პორტრეტი. უფალს სჭირდება გულის ბაგეებით ნარხევი ლოცვა. 50- ე ფსალმუნში წერია ,,მსხვერპლი სულისა არს გული შემუსვრილი, სული შემუსვრილი და დამდაბლებული არა შეურაცჰყოს ღმერთმა"... განიწმინდება ადამიანი, განიწმინდება სამოსელიც, ცოდვაში დაიღრჩობა ადამაინი, მისი მთელი ქონებაც ბიწიანი ხდება.
- კვეთებულის ლოცვა მხოლოდ ტაძარში იკითხება თუ სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი? ინდივიდუალურადაც შეიძლება?
- ნებისმიერ მოძღვარს აქვს კურნების ხელმწიფება მიცემული, აღსარება ამის მაგალითია, რადგან უფალი ამ გზით კურნავს სულის სნეულებებს. მაგრამ, ყველა მოძღვარს არა აქვს წინასწარმეტყველების, მქადაგებლობის, მეუდაბნოეობის და ა.შ. ნიჭები, შესაბამისად ყველა ვერ წაიკითხავს კვეთებულის ლოცვას, არც უნდა ეცადოს. მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც უფლისგან მიმადლებული ნიჭი აქვს. ყველგან შეუძლია დაავადებულს ეს ლოცვა წაუკითხოს. უფალმა არათუ ტაძარში, ველად, სქელი ჯაჭვებით დაბმული ადამიანი განკურნა სახალხოდ.
თეა ცაგურიშვილი