ნანუკა ხუსკივაძე: "სამსხვერპლოზე ბევრჯერ მიმიტანია თავი და ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა" - მშობლები

ნანუკა ხუსკივაძე: "სამსხვერპლოზე ბევრჯერ მიმიტანია თავი და ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა"

2016-12-24 19:29:10+04:00

"რაც თავი მახსოვს, მახსოვს კახოც და მამაც. ორი მამაკაცი და ორივე - მამა, რომლებიც მუდამ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ მეტ მამობას გამიწევს..." ერთი ბეწო ყოფილა, თეატრის კულისებში, იატაკზე რომ იჯდა ხოლმე წყნარად და არასდროს არავის აწუხებდა. ბელა მირიანაშვილისა და კახი კავსაძის ოჯახში ცხოვრობდა, მაგრამ ამბობს: ფაქტობრივად, რუსთაველის თეატრში გავიზარდეო.

და მაინც, 1982 წლის პირველ სექტემბერს თეატრალური ინსტიტუტის აუდიტორიაში ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ წარმოთქმულმა ერთმა ფრაზამ: "თეატრი ტაძარი არ არის!" 16 წლის გოგონას თითქოს წამში "გაატარა" მთელი ცხოვრება, თითქოს სხვა სამყარო დაანახვა... რუსთაველის თეატრის მსახიობმა ნანუკა ხუსკივაძემ პირისპირ სასაუბროდ "შინ" - თეატრში, თავის საგრიმიოროში მიმიწვია.

- დედა საერთოდ არ მახსოვს სცენაზე. მახსოვს კახო (კახი კავსაძე - ი.ხ.) და მახსოვს (საკმაოდ დიდი ვიყავი) ბატონი რობერტ სტურუას სპექტაკლი "რაიკომის მდივანი" და ბატონი თემურ ჩხეიძის "ბერნარდა ალბას სახლი", სადაც დედა თამაშობდა. უკვე ავად იყო, მაგრამ მაინც რაღაცნაირად ახერხებდა მოძრაობას. თუმცა მის თამაშს ვერ ვუყურებდი, არ შემეძლო. "მშვენიერი ქალბატონი ბელა მირიანაშვილი" მე არ მახსოვს. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი. თუ დამიჯერებთ, მისი მონაწილეობით ფილმებიც არ მინახავს. ახლაც არ ვუყურებ. განა ტკივილს გავურბივარ? არ მსიამოვნებს და მორჩა!..

- ბევრს ეოცნებება მსახიობობა, თქვენთვის კი ხელის გაწვდენაზე იყო.

- არასდროს მიოცნებია და არც "ხელის გაწვდენა" ერქვა: ჩემში იყო, შეიძლება, დაბადებამდე. გენეტიკური კოდიც, ალბათ, ეგ არის. ყველაფერი თავისთავად მოხდა: "მინდას" და "ვოცნებობდის" გარეშე... დავასრულე მეათე კლასი და, თითქოს მექანიკურად, მოვაგროვე ჩასაბარებლად საჭირო საბუთები. მახსოვს, დედამ და კახომ კატეგორიულად მითხრეს: წელს თუ ვერ მოეწყობი, მერე აღარ ჩააბარებო. მაშინ ვერ მივხვდი, თუმცა... იმ წელს რეჟისორ გიზო ჟორდანიას აჰყავდა ჯგუფი. დღეს ბატონ გიზოს ვერც მასწავლებელს ვუწოდებ, ვერც პედაგოგს. თითქოს ეს სიტყვა არ შეესატყვისება, არ მომწონს... აღმზრდელი? - რასაკვირველია, აღმზრდელი და მოქალაქე, თანაც - საუკეთესო. დედამ და კახომ იცოდნენ და მათი კატეგორიული ნათქვამიც ამას გულისხმობდა:

კახი კავსაძე: "რომ არა ბელას გაუტეხლობა, არ ვიცი, როგორ ვიცხოვრებდი"

იმ წელს უნდა ჩამებარებინა... აუცილებლად. ძალიან ცუდად გავიარე ტურები. მე ასეთ აბიტურიენტს არ მივიღებდი. ძალიან მკაცრად დამხვდნენ გამომცდელებიც. თვალებში დამიბნელდა, კინაღამ გული წამივიდა და უცებ, - ნუ ყანყალებო! - მითხრეს. არ შემეშინდა (მშიშარა არ ვარ), მაგრამ წუთიერად "თამაშიდან" გასვლა მაინც ვიფიქრე, რადგან ბუნებით თავდამსხმელი არ ვიყავი.... კარგმა ატესტატმა მიშველა და ჩავირიცხე. მერე ის მკაცრი გამომცდელები (სამწუხაროდ, არც ერთი მათგანი ცოცხალი აღარ არის, გიზოს გარდა) ჩემს უძვირფასეს ადამიანებად, აღმზრდელებად იქცნენ.. ალბათ, იღბალი იყო!

იღბალი იყო გიზო ჟორდანიას ჯგუფში მოხვედრა; იღბალი იყო ნანუკა ხუსკივაძის, "ჭოლას" - ლევან წულაძის, მერაბ ნინიძის, ნინო თარხან-მოურავის, გოჩა კაპანაძისა და კიდევ რამდენიმეს ერთ ჯგუფში გაერთიანება!

- ალბათ, ვარსკვლავები განლაგდნენ ასე და ყველაფერი თავიდანვე განისაზღვრა. გიზომ შესანიშნავად გვასწავლა მსახიობის ოსტატობის ანბანი და გარდა ამისა, პირველივე შეხვედრაზე გვითხრა, რომ შეიძლება თეატრში იცხოვრო, შეიძლება - ომში, და ისე გაიარო გზა, არავის მეტოქე გახდე... ამიტომ ზუსტად ვიცი, საქმე არავისთვის გამიფუჭებია; არც კონკურენტი ვყოფილვარ და ესეც გენეტიკური მგონია: დედაც ასე იყო, კახოც და მამაჩემიც, რომელმაც უხმაუროდ, უჩუმრად ძალიან ბევრი ეკლესია აღადგინა და კვლავაც აღადგენს. ეს თვისება, ალბათ, ჩემშიც არსებობდა, მაგრამ გიზომ გამიღვივა:

პოპულარობისკენ არასდროს ვილტვი. ასე ჯობიაო, - მითხრა. შეიძლება არც სჯობდა, მაგრამ სხვაგვარად ახლაც ვერ ვიცხოვრებ... არტისტისგან რა რჩება, გიფიქრიათ? - მხოლოდ ადამიანი და ყვითელი ფოტო, არაფრის მეტყველი და დროთა განმავლობაში - უფრო ყალბი. ჩემთვის და თქვენნაირი ადამიანებისთვის ეს ფოტოც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ზოგადად - არაფერია. ჩემი პროფესია დღეს, ამ წამს, ამწუთას არის და არა - ხვალ. შეიძლება ამას მთავარი გადააყოლო? მთავარი ხომ ის არის, როგორ მოგიგონებენ!..

არადა, რამდენი ცდუნებაა! რა იოლია, ხიბლში ჩავარდე! თითქოს ფრონტის წინა ხაზზე ხარ, დანაღმულ ველზე მიდიხარ და ხშირად ფეთქდები კიდეც, მაგრამ მთავარია, სხვა არ ააფეთქო. მეც ბევრჯერ ავფეთქდი და ბევრჯერ მეტკინა, მაგრამ სწორედ იმ იღბლის სანაცვლოდ, ცოტა ხნის წინ რომ ვახსენეთ. ასეთია ცხოვრება!

mshoblebi

- ტკივილში, ალბათ, დედისა და მამის გაყრასაც გულისხმობთ.

- მზრდიდა ფრანგი ბებია, დედის დედა, ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერსონა ვარვარა მუსხელიშვილი-ზაგიუ და მახსოვს ამბავი "საგვარეულო შტოზე" - ჩემი წინაპრების გენზე, ტკივილი კი - არა. მშობლები ადრე გაიყარნენ და ვიცი, გაყრა მძიმე რამ არის, მაგრამ მე არ მტკენია, რადგან ამით ტრაგედია არავის შეუქმნია - არც დედას, არც მამებს და არც ბებიას. რაც თავი მახსოვს, მახსოვს კახოც და მამაც. ორი მამაკაცი და ორივე - მამა, რომლებიც მუდამ ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ მეტ მამობას გამიწევს. კომიკურებიც არიან შიგადაშიგ: იუზამ რომ ფეხი მოიტეხა, კახომ ყველაფერი გააკეთა მისთვის, მეორე დღეს კი გამომიცხადა: მგონი, მეც ფეხი მოვიტეხეო. გავგიჟდი კინაღამ. ერთს ასტკივდება, მეორეც იტკივებს - ამითაც ეჯიბრებიან, რომელიმეს ყურადღება რომ არ მოვაკლო (იცინის). ასეთივე უალტერნატივო იყო მათთვის დედა. კახოსთვის ბელა იყო და არის სრულყოფილება, "ფანტასტიკა", ასევეა - მამასთვის.

ბელას შემდეგ არც მას შეურთავს ცოლი... მე კი ერთი ვაჟი მყავს, 27 წლის აკა და მასაც ერთი ბიჭი ჰყავს - იკო (ჩემი ძმის, ირაკლის სახელი დაარქვა). მაგარი კაცია და პრინცს ჰგავს: ოქროსფერი თმა აქვს (მე მქონდა ბავშვობაში) და აკას მამასავით ლურჯი თვალები. დედაჩემსაც ყველაზე მეტად იკო ჰგავს. აკამ ძალიან პრაგმატული და პროზაული საქმე - იურისტობა ირჩია, კახო კი ამბობს ხოლმე: ოჯახში ყველაზე ჭკვიანი ეგ აღმოჩნდა, არტისტი რომ არ გამოვიდაო (ნანუკას ძმაც, ირაკლი კავსაძეც მსახიობია და ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს - ი.ხ.).

სამაგიეროდ, ირაკლის ქალიშვილები 16 წლის ირინკა და მასზე უმცროსი ტაშა - ნატალია-ბელა გახდებიან უეჭველად მსახიობები. მახსოვს, 4 წლის იყო ირინა, კახოს რომ უთხრა: კაცო, რამდენი არტისტი ვართ ამ ოჯახში - მე, შენ, ნანუკა, მამიკო, ბუბა (დედაჩემს ასე უწოდებდა), მალხაზი ბაბუო - დედამისის მამაზე, არაჩვეულებრივ მსახიობ მალხაზ გორგილაძეზე ამბობდა...

- ნანუკა, თქვენს ყველაზე დიდ შეცდომად რას მიიჩნევთ?

- მაქსიმალისტი ვარ, სამსხვერპლოზე ბევრჯერ მიმიტანია თავი და ეს ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა. ჯანმრთელობისთვის, ნერვული სისტემისთვის კი ჯობდა, სხვაგვარად მოვქცეულიყავი, მაგრამ... ასეთი ვარ და რას ვიზამ?!

ირმა ხარშილაძე

გაზეთ ”ყველა სიახლის” არქივიდან