მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტსა და მის ახლობლებს, ხშირად რამდენიმე საათიც უწევთ სასწრაფო დახმარების ლოდინი. დაგვიანებული სასწრაფო საქართველოში არახალია. რა არის ამის მიზეზი - საცობები ქალაქში, ბრიგადების სიმცირე თუ ისეთი გამოძახებების სიმრავლე, "რომლებზეც სასწრაფო არ უნდა დადიოდეს", ამაზე პასუხი არ არსებობს. რეალობა კი ასეთია - მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტსა და მის ახლობლებს, ხშირად რამდენიმე საათიც უწევთ სასწრაფო დახმარების ლოდინი.
რამდენიმე დღის წინ მკითხველს დავპირდით, რომ სასწრაფოს დაგვიანების ფაქტების გამომწვევ მიზეზებზე სტატიას მოვამზადებდით, მოვისმენდით ყველა მხარის პოზიციას იმაზე, თუ რა აფერხებს მისამართზე ამ სამსახურის დროულ მისვლას. საკითხში გასარკვევად ვეწვიეთ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს და მისი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი ბუთხუზს:
"ჩვენთან სასწრაფო სამედიცინო დახმარება თავისი სფეციპიკით არ მუშაობს, ამასთან, მისი დანიშნულებაც არასწორადაა საზოგადოებაში აღქმული. სამწუხაროდ, გარკვეულმა პრობლემებმა, რაც წლების მანძილზე გროვდებოდა, თუნდაც იმან, რომ პოლიკლინიკური სექტორი ერთი პერიოდი გასხვისდა, პირველადი ჯანდაცვის რგოლი დაასუსტა. კიდევ სხვა მსგავსმა ფაქტორმა იმოქმედა და ზედმეტი ფუნქციები დაგვაკისრა. ამიტომ ჩვენ როგორც სასწრაფო ისე კი არ ვმოქმედებთ, არამედ როგორც ამბულატორია ბორბლებზე"
- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ დავდივართ აბსოლუტურად ყველა გამოძახებაზე - ეს იქნება წნევის გაზომვა, ნერვული გაღიზიანება, დაგვინახავენ და მშვიდდებიან... ამის გამო ბევრ ისეთ შემთხვევაზე გვიწევს გასვლა, რაზეც არ უნდა დავდიოდეთ. შესაბამისად, დღე-ღამეში თითოეულ ბრიგადაზე 24 საათში 25-27 გამოძახება მოდის. პიკის პერიოდებში 30-ც კი. აქედან გამომდინარე, გვაქვს ამ ყველაფრის სტატისტიკა და გამოძახებების 40%-ია მხოლოდ ჩვენი საუწყებო, დანარჩენი არასასწრაფო გამოძახებაა.
მოგეხსენებათ, ევროპისკენ მივიღწით, საზღვარგარეთ ამ სამსახურის მუშაობა სპეციალური პროტოკოლებით არის დარეგულირებული. მაგალითისთვის გეტყვით, ევროპის 40 ქვეყანაში მოქმედებს ერთი და იგივე სახის პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, უშუალოდ სასწრაფოს გამოძახება 5-6 (ქვეყნებს გააჩნია) მოტივით ხდება. როგორიც არის: ავარია, ღია სისხლდენა, გულის შეტევა, ა.შ. მხოლოდ მწვავე მოტივები, დანარჩენზე - სასწრაფო არ გადის, თუ გადის, პირდაპირ აფრთხილებენ, ვთქვათ, - სასწრაფო მოვა 6 საათში, გაწყობთ?
- დავუბრუნდეთ ჩვენი სასწრაფოს მუშაობას. თუკი ასე ხანგრძლივდება ბრიგადების ადგილებზე მისვლა, დაამატეთ ბრიგადები.
- ეს მოთხოვნა სულ გაისმის. ასე გიპასუხებთ, როდესაც თბილისს საერთოდ არ ჰყავდა მანქანები (ბოლო განახლება წინა ხელისუფლების დროს 2007 წელს მოხდა), არ იყო წამალი, როცა იცოდნენ, მაინც არ მივიდოდა ბრიგადა, არც იძახებდნენ. ჩვენ პირობებში მოხდა ექიმების გადამზადება, შემოსვა - შესაბამისად, მუშაობისა და მომსახურების ხარისხის გაზარდაც. ამ ხარისხზე მოთხოვნილებაც გაიზარდა, მანქანებიც დავამატეთ - იყო 80 და გახდა 94. გამოძახებებმა კიდევ მოიმატა. თითო კორპუსთან თითო მანქანა რომ დავაყენოთ, მაინც არ უშველის! წლების განმავლობაში მიუხედავი იყო ეს სისტემა, ერთი წელია, რაც აქტიურად დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. დღე-ღამის განმავლობაში ადრე 1200-1300 გამოძახება სრულდებოდა, ახლა 2400-2600-მდეა, - გაორმაგდა. მანქანებიც ნელ-ნელა დავამატთ, მაგრამ ისიც დავასკვენით, რომ რამდენიც დავამატეთ, მით უარესი სიტუაცია შეიქმნა. გამოძახება მატულობს.
ევროპული სტანდარტების მიხედვით, უფრო მეტი მანქანა გვყავს, ვიდრე ამ ქალაქს ესაჭიროება. ის გაიდლაინები და პროტოკოლები, რომელზეც მოგახსენეთ, თვითონ ფილტრავს და გეუბნება, ამ გამოძახებაზე წადი, ამაზე - არა.
- რატომ არ სარგებლობთ ამ გაიდლაიენებით, ისინი ხომ მინიმუმამდე დაიყვანდა პრობლემებს და ბევრ რამეს დაარეგულირებდა?
- ვცადეთ ეს გაიდლაინები დაგვეწერა საქართველოში, მაგრამ სამწუხაროდ, აქ შესაბამისი სპეციალისტები არ არიან, რომლებიც ამას გააკეთებდნენ. ევროპაში სასწრაფო 70-იანი წლებიდან შევიდა აქტიურ ფაზაში და ეს სისტემა კიდევ ვითარდება. მაგალითად, გერმანია ხომ განვითარებული ქვეყანაა? მაგრამ ეს გაიდლაინები არ დაწერა, იყიდა. მოკლედ, დაკვირვებებისა და კვლევის შედეგად, იმ დასკვნამდე მივედით, რომ ჩვენც ვიყიდოთ. ეს საკითხი ყველა დონეზეა წამოწეული, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტიც ამის მომხრეა. მოკლედ, როგორც კი მოხდება ამ გაიდლაინების შეძენა, მერე იმ სტანდარტებით ვიმოქმედებთ, რა სტანდარტებითაც მოქმედებს ევროპა და სასწრაფოც რეალურად შეასრულებს თავის ფუნქციას.
ბევრისგან მსმენია, თუ სასწრაფო არ მიიყვანს საავადმყოფოში პაციენტს, შესაძლოა, სხვა შემთხვევაში, პაციენტის ჰოსპიტალიზაცია არ მოხდეს, არ მიხედოს საავადმყოფომ და არ იმოქმედოს რომელიმე პროგრამამ. ყველასთვის გახსნილია საავადმყოფოს კარი და მოქალაქისთვის ყველა პროგრამა მოქმედებს, მიუხედავად იმისა, ის თვითდინებით არის იქ მისული, თუ სასწრაფოთი შეყვანილი.
- თუკი იმ კონკრეტულ სიტუაციაში არ მაქვს ამის საშუალება და ამას ვერ ვახერხებ, ელემენტარულად ტაქსის ფულიც არ მაქვს...
- ისევ დავუბრუნდები იმ გაიდლაინებს, რომელიც ჩვენთან არ არსებობს, იმის მიხედვით, პაციენტის მდგომარეობა თუ არ არის გადაუდებელი შემთხვევა და გადაუდებელ დახმარებას არ მოითხოვს, მაპატიეთ, უხეში ნათქვამისთვის, მაგრამ სახელმწიფოს არ აინტერესებს, ფული გაქვთ თუ არა. თუ არ აკმაყოფილებთ იმ სტანდარტს, რომ ბრიგადამ გადაგიყვანოთ, თქვენი ნებაა, შეგიძლიათ ფეხითაც მიხვიდეთ ჰოსპიტალში. თუ გადაუდებელი შემთხვევაა, სასწრაფო მოვა და წაგიყვანთ.
- საბოლოოდ, როდის მოხდება ამ წესების დანერგვა?
- ჩვენ ამ რგოლის ქვედა ნაწილი ვართ, რომელიც ინიციატივებს აწვდის ზემოთ. საკითხი ყველა დონეზეა განხილვისთვის დაყენებული, დანარჩენი, ნამდვილად არ ვიცი, ამ ყველაფრის შეჯამება და შესყიდვა როდის მოხდება. მერე შესყიდვიდან საბოლოოდ დანერგვამდე ერთი წელი კიდევ უნდა.
- მუშაობაში ხელს კიდევ რა გიშლით?
- საზოგადოების ჩვენდამი დამოკიდებულება. რეკავენ არაადეკვატურად, ლანძღვითა და გინებით. მართალია ზარები 112-ში შედის, მაგრამ ზარებზე წვდომა ჩვენც გვაქვს და მოსმენა შეგვიძლია... გადის სასწრაფო პაციენტთან და მძღოლები გზას არ უთმობენ, ამასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო კამპანიებს ვიწყებთ. ერთ-ერთი ჩვენი მძღოლი, იმის გამო რომ სირენა ჩართო, გზაში მძღოლებმა საშინელ დღეში ჩააგდეს. რატომ ჩართეო - შეუტიეს. არის ფაქტები, როცა ადგილზე მისულ ექიმებს აგინებენ, რამდენიმე შემთხვევა იყო, რომ სცემეს, ამიტომ კრიმინალური პოლიცია და საპატრულოც გვეხმარება. ხშირია იარაღით მუქარის ფაქტიც, ერთ-ერთმა მოქალაქემ მეცხვარე ძაღლიც კი აუშვა და დააჭმევინა ჩვენი ექიმები. ეს ნეგატივი საზოგადოებაში არსებობს და ეს არის ფაქტი!