ტექნოლოგიური კომპანიების "გურუები" უზღუდავენ საკუთარ შვილებს დროს, რომელსაც ისინი ატარებენ კომპიუტერების, სმარტფონების ან პლანშეტების ეკრანებთან როცა სტივ ჯობსი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და Apple-ს ხელმძღვანელობდა, საკუთარ შვილებს დიდი ხნის განმავლობაში iPad-ის გამოყენებას უკრძალავდა. რატომ?
ერთხელ The New York Times-ის ჟურნალისტმა ნიკ ბილტონმა სტივ ჯობსთან ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მას კითხვა დაუსვა: უყვართ თუ არა მის შვილებს iPad-ი? "ისინი არ იყენებენ მას. ჩვენ არ ვაძლევთ ბავშვებს უფლებას, დიდი დრო დაუთმონ ახალ ტექნოლოგიებს" - უპასუხა მან.
ჟურნალისტი მოელოდა, რომ სტივ ჯობსის სახლი გიგანტური, სენსორებიან-ეკრანიანი აიპადებით იქნებოდა სავსე, ხოლო სტუმრებს ყავის ნაცვლად საჩუქრად აიპადებს ურიგებდა, მაგრამ ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო.
ზოგადად, ტექნოლოგიური კომპანიების "გურუები" უზღუდავენ საკუთარ შვილებს დროს, რომელსაც ისინი ატარებენ კომპიუტერების, სმარტფონების ან პლანშეტების ეკრანებთან.
ეს ცოტათი უცნაურია, მაგრამ მაინც... კრის ანდერსონმა, Wired-ის ყოფილმა რედაქტორმა, რომელიც ამჟამად 3D Roboticx-ის აღმასრულებელი დირექტორია, საკუთარ ოჯახში გაჯეტების მოხმარება შეზღუდა. მან ერთგვარი დევაისებიც დააყენა, რომ თითოეული მათგანი დღეში მხოლოდ რამდენიმე საათი ამოქმედდეს.
"ჩემი შვილები მე და ჩემს ცოლს ფაშისტებს გვიწოდებენ. მათი თქმით, არცერთ მათ მეგობარს არ უკრძალავენ ოჯახში ინტერნეტით გართობას", - ამბობს ანდერსონი.
ანდერსონს 5 შვილი ჰყავს – 5-დან 17 წლამდე და შეზღუდვა თითოეულს ეხება.
"ახალი ტექნოლოგიების მოხმარებისას ბავშვებს იმიტომ ვზღუდავ, რომ მათში ინტერნეტის გადაჭარბებული მოხმარების საშიშროებას ვხედავ. მე თავად შევეჯახე ამ მხრივ უდიდეს პრობლემებს და არ მსურს, იგივე დაემართოთ ჩემს შვილებსაც", - განმარტა ანდერსონმა.
ინტერნეტის "საშიშროებაში" ანდერსონი და მის თანამოაზრე სხვა მშობლებს მხედველობაში აქვთ მავნებელი კონტენტი (პორნოგრაფია, ძალადობის და სხვა დამთრგუნველი სცენები) და ისიც ფაქტია, რომ თუ ბავშვები ხშირად მოიხმარენ გაჯეტებს, მალე მასზე დამოკიდებულები ხდებიან.
ზოგიერთი კი კიდევ უფრო შორს მიდის. OutCast Agancy-ს დირექტორი ალექს კონსტანტინოპოლი ამბობს, რომ მისი 5 წლის ვაჟი საერთოდ არ იყენებს გაჯეტებს, ხოლო უფროსი შვილები კი, რომელთა ასაკიც 10 და 13 წელია, პლანშეტს დღეში მხოლოდ 30 წუთის განმავლობაში იყენებენ.
Blogger-ისა და Twitter-ის დამაარსებელი, ევან უილიამსი კი ამბობს, რომ მის ორ ვაჟსაც აქვს დაწესებული გარკვეული დრო ინტერნეტში მოგზაურობისთვის. "ჩვენს სახლში უამრავი ქაღალდის წიგნია და სჯობს, ისინი იკითხონ, ვიდრე ინტერნეტში იძრომიალონ" – აცხადებს უილიამსი.
გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ განსაკუთრებული სიმძაფრით აღიქვამენ და ნარკოტიკებივით ეჩვევიან ახალ ტექნოლოგიებს ბავშვები 10 წლამდე. მეცნიერები ამბობენ, რომ ბავშვებისთვის არ შეიძლება დღეში 30 წუთზე მეტხანს პლანშეტით, ხოლო 2 საათზე მეტხანს სმარტფონით გართობა. 10-14 წლის ბავშვებისთვის მათი გამოყენება დასაშვებია, მაგრამ მხოლოდ სასკოლო დავალებების შესასრულებლად.
მკაცრად რომ ვთქვათ, IT-აკრძალვებზე მოდა სულ უფრო და უფრო ძლიერდება, განსაკუთრებით კი, დასავლეთის ქვეყნებში. მაშ, რითი დავაკავოთ ბავშვები? იგივე სტივ ჯობსს, მაგალითად, ძალიან კარგი ტრადიცია ჰქონდა – ბავშვებთან ერთად ვახშმობდა, მათთან ერთად წიგნებს, ისტორიებს და პოლიტიკასაც კი განიხილავდა. ამასთან, არცერთ მათგანს არ ჰქონდა უფლება, მამასთან საუბრისას ხელში აეღო iPhone-ი. შედეგად, მისი შვილები ინტერნეტისგან თავისუფლები გაიზარდნენ.