ია მინდაძე-ასათიანის გამოცდილი პასკის საიდუმლო - მშობლები

ია მინდაძე-ასათიანის გამოცდილი პასკის საიდუმლო

2017-04-13 17:01:17+04:00

არ ინანებთ, თუ გამოაცხობთ! ჩემი უგემრიელესი პასკები უნდა კიდევ ერთხელ გაგიზიაროთ - უკვე ბევრმა იცის, რადგან წლებია ვდებ სხვადასხვა გვერდსა თუ საიტზე. არ ინანებთ, თუ გამოაცხობთ!

პასკა ია მინდაძე-ასათიანისგან

ინგრედიენტები:

10 კვერცხი

1,500 კგ შაქარი

1 ლ რძე

400 გრ კარაქი

300 გრ არაჟანი

400 გრ მაწონი

3-4 ს.კ საფუარი

200 მლ ზეთი

2,8-3 კგ-მდე ფქვილი

500-800 გრ ქიშმიში (როგორც თქვენ გიყვართ)

3 ცალი მუსკატი

30-40 ცალი ილი

მიხაკი და დარიჩინი თქვენი გემოვნებით

მარილი

ვანილი

3-4 ცალი ლიმონის ცედრა

ცუკატები სურვილის მიხედვით

ასევე იხილეთ: ანა კოსტავას ცნობილი პასკის რეცეპტი

მომზადება:

1. ვაკეთებთ 10 კვერცხის გულისგან გოგლიმოგლს+ 500 გრ შაქარი (ცილას ვინახავთ)

2. 900 მლ ცხელ რძეში გავხსნით 1 კგ შაქარს და 400 გრ კარაქს+ცოტა მარილი

3. 100 მლ თბილ რძეში გავხსნათ 3-4 ს.კ საფუარი + 1 ჩ.კ შაქარი+100 გრ ფქვილი და დავდგათ ასაფუებლად (თუ საფუარი კარგია, მალე ამოფუვდება)

4. მომზადებულ გოგლი-მოგლში ვურევთ 300 გრ არაჟანს და 400 გრ მაწონს

5. ათი კვერცხის ცილა ავთქვიფოთ გამაგრებამდე+ ვანილი (ცილას შაქარის გარეშე ვთქვიფავთ)

ზემოთ ჩამოთვლილ ოთხ მასას გადავურევთ ერთმანეთში და ბოლოს ძალიან ფრთხილად შევურევთ მზა ბეზეს. ვდგამთ ასაფუებლად!

ამოსულ მასას ჩავზილავთ 200 მლ ზეთთან ერთად და შევაზილავთ 2,800-3 კგ-მდე ფქვილს (თუ ფქვილი კარგია, სამი კილო არ დასჭირდება).

mshoblebi

მასა რომ ამოვა, ჩავაყრით ფქვილში ამოვლებულ 500-დან 800 გრამამდე შავ ქიშმიშს, ვამატებთ ასევე სანელებლებს, რომლებსაც მე ერთი კვირით ადრე ვამზადებ:

სამი ცალი მუსკატის კაკალი + შაფრანი (ყვითელი ყვავილს არ ვგულისხმობ) + 30-40 ცალი ილი, ცოტა დარიჩინი და მიხაკი. ეს ყველაფერი უნდა დავფქვათ (დაფქვილებიც იყიდება, ვისაც გეზარებათ) + სამი ცალი ლიმონის ცედრა. ვასხამთ კონიაკს (შეგიძლიათ ლიმონის ცედრა ცალკე ჩაახეხოთ). მოკლედ, ეს სანელებლებიც ჩავაბრძანოთ ქიშმიშთან ერთად!

ისევ ვაცდით ცოტა ამოფუებას და ჩავაბრძანებთ ფორმებში. აქაც მოთმინება გვმართებს. უნდა დაიწყოს ამოსვლა. მალევე ამოღუნღულდება და შეაკუსკუსეთ გაზქურაში.

ეს ჩემს ოჯახში ბევრჯერ გამოცდილი რეცეპტია და სასწაული გემრიელი გამოდის.

პ.ს. აუცილებლად ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის, ფქვილი უმაღლესი ხარისხის, დაიცავით ზუსტად დოზები!!!