თბილისის ყველაზე ძვირადღირებული საბავშვო ბაღები - მშობლები

თბილისის ყველაზე ძვირადღირებული საბავშვო ბაღები

2017-05-01 10:38:55+04:00

რას სთავაზობენ ბავშვებს თბილისის ყველაზე პრესტიჟული საბავშვო ბაღები საჯარო საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია, ზაფხულში დაიწყება, შესაბამისად, მშობლები სასურველი მათგანის შერჩევას მალე შეუდგებიან. ზოგიერთი მშობელი კი პირობებისა თუ სამუშაო საათების გამო, უპირატესობას კერძო ბაღს ანიჭებს.

წარმოგიდგენთ ინფორმაციას, თუ რას გთავაზობთ, თბილისში არსებული ცნობილი კერძო ბაღები, რათა არჩევანის გაკეთება უფრო მეტად გაგიადვილდეთ.

"ევროპული ბაღი"

ბაღში სწავლა 09:00 საათიდან 18:00 საათამდე მიმდინარეობს. ამ პერიოდში ბავშვებს სამჯერადი კვება აქვთ, რომელიც ადმინისტრაციის განმარტებით, მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტებისგან შედგება.

"გვაქვს ქართული და ინგლისური სექტორი, ასევე ვასწავლით რუსულ ენას. მშობლებს ბავშვების ხელოვნების, მუსიკის, ცეკვის, ჭადრაკის, კარატესა და ფეხბურთის წრეზე შეყვანა შეუძლიათ. ჯგუფებს ვასწავლით პროგრამა Stem-ითაც, რომელიც რობოტიკის ძირითადი საფუძვლების შესავლას გულისხმობს," - განმარტავენ "ევროპულ ბაღში" და დასძენენ, რომ მოსწავლეების მიღება 3 წლიდან იწყება, ჯგუფებში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა კი 15-ს შეადგენს.

სწავლის საფასური 4 000 ევროს შეადგენს.

ბრიტანულ-ქართული საბავშვრო ბაღი - ABC

ბაღში ბავშვების მიღება დილის 08:30 საათზე იწყება, სამუშაო პროცესი კი 19:30 საათზე სრულდება. ბავშვებს დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობებთან ერთად, ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებსაც ასწავლიან. ბაღის ადმინისტრაციის განცხადებით, კვირაში ერთხელ სასწავლო პროცესში უცხოელი კოორდინატორიც ერთვება.

ბაღში ბავშვის მიყვანის შემთხვევაში ყოველთვიურად 350 ლარს გადაიხდით. გარდა საგაკვეთილო პროცესისა, ბრიტანულ-ქართულ ბაღში ბალეტის, ცურვისა და სხვადასხვა წრე ფუნქციონირებს, ასწავლიან ჭადრაკს. ამასთან, ბავშვებს სპორტულ აქტივობებში ჩართვის საშუალებას აძლევენ. რაც შეეხება ბავშვების რაოდენობას, ის 10-დან იწყება და დაახლოებით, 20-მდე მერყეობს, აღსაზრდელებს კი 8 თვიდან იღებენ.

ბრიტანულ-ქართული საბავშვრო ბაღში ივლისის თვეში ფუნქციონირებს საზაფხულო ბაღიც, რომლის ღირებულებაც დღეში 16 ლარს შეადგენს, ბავშვის მიყვანა და დატოვება კი იმდენი ხნით შეგიძლიათ, რამდენიც გსურთ.

ქართულ-ამერიკული ბაღი "გენიოსი"

"გენიოსში" ყოველთვიური გადასახადი 700 ლარს შეადგენს, სწავლა 08:30 საათზე იწყება და 19:30 საათამდე გრძელდება. ადმინისტრაციის თქმით, "გენიოსი" დიდ ყურადღებას აქცევს ბაშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას, ჯანმრთელი ცხოვრების წესსა და ინტელექტუალურ განვითარებას. საბავშვო ბაღი ამერიკის შეერთებული შტატების სტანდარტებით ფუნქციონირებს.

გაგრძელება