ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ბავშვებში - მშობლები

ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები ბავშვებში

2015-05-05 03:56:50+04:00

აუცილებელი ინფორმაცია და სიმპტომები, რომლებიც მშობელს არ უნდა გამოეპაროს დიდი ორკესტრის პატარა დირიჟორი - ასე ეძახიან ფარისებრ ჯირკვალს. ფარისებრი ჯირკვალი მართლა პატარა ორგანოა, მაგრამ ყველაფერი მის ნორმალურ მუშაობაზეა დამოკიდებული. ნივთიერებათა ცვლა, სუნთქვის პროცესები, მოძრაობა, ინტელექტი, შესაძლებლობები, განვითარება და ხასიათი - ამ ყველაფერზე უდიდესი გავლენა აქვს ფარისებრ ჯირკვალს. განსაკუთრებით საყურადღებოა პირველი 3 წლის მანძილზე ბავშვის ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის კონტროლი.

თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი

ირინა დედა პირველად 38 წლის ასაკში გახდა. მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ტოლფასი იყო მისი პატარასთვის დასმული დიაგნოზი: თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი. ეს ნიშნავს იმას, რომ: ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ჰორმონებს, რაც შეიძლება გამოიხატოს სიმაღლეში ზრდის, განვითარებისა და ინტელექტის დარღვევაში. მიზეზი - გენეტიკური ფაქტორი, ფარისებრი ჯირკვლის განუვითარებლობა, სისხლის მომარაგების დარღვევა, ინტოქსიკაცია და სხვ. მთავარი დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენაა. ამიტომ ყველა ახალდაბადებულ ბავშვს მე-3-მე-4 დღეს უტარდება ნეონატალური სკრინინგი (სისხლის ანალიზი ქუსლიდან). დღენაკლულ ბავშვებს იგივე პროცედურა უტარდებათ მე-7-მე-14 დღეს (არასწორი დიაგნოზის თავიდან ასაცილებლად). სისხლი იგზავნება სპეციალურ ლაბორატორიაში, რომლის პასუხი 10 დღეშია ცნობილი. თუ პასუხი “არაკეთილსაიმედოა“, ამის შესახებ აცნობებენ მშობლებს და შესთავაზებენ განმეორებით ანალიზის გაკეთებას.

თუ ანალიზმა აჩვენა, რომ ფარისებრი ჰორმონები ნორმის ზღვარზეა, ბავშვს აიყვანენ დისპანსერულ აღრიცხვაზე ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

თუ განმეორებითმა ანალიზმა უჩვენა სრული ან ნაწილობრივი ჰორმონების გამომუშავების ნაკლებობა, იწყება მკურნალობა პრეპარატებით, რომელიც შეავსებს ჰორმონების ბალანსს. მკურნალობის ჩატარების შემდეგ ტარდება საკონტროლო ანალიზი ექიმის დანიშნულებით. 1 წლამდე საჭიროა არა მხოლოდ ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა, არამედ ნევროპათოლოგისა და პედიატრის. სწორი და დროული კორექციის შემთხვევაში ბავშვი არ ჩამორჩება თანატოლებს ზრდასა და განვითარებაში.

შეძენილი ჰიპოთირეოზი

ბავშვი შეიძლება დაიბადოს სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ მოგვიანებით განუვითარდეს ჰიპოთირეოზი. ხშირად ეს ემართებათ მათ, ვინც გადაიტანა აუტოიმუნური თირეოდიტი (აიტ). აიტ-ი ეს არის მდგომარეობა, როდესაც იმუნური სისტემა შეცდომით აღიქვამს საკუთარ ფარისებრ ჯირკვალს როგორც უცხო სხეულს და გამოიმუშავებს ანტისხეულებს მის წინააღმდეგ. ეს არის სპეციფიური ფარისებრი ჯირკვლის ანთება, რომელიც აზიანებს მის უჯრედებს. თუ პროცესი ინტენსიურია, შეიძლება დაქვეითდეს ჰორმონების გამომუშავება, რასაც მივყავართ ჰიპოთირეოზის განვითარებასთან.

აუტოიმუნური თირეოდიტი შეიძლება მიმდინარეობდეს უსიმპტომოდ, ან გამოიწვიოს ფარისებრი ჯირკვლის ზომაში გადიდება. მშობელმა ყურადღება უნდა მიაქციოს ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა: კანის სიმშრალე, თმის ცვენა, შეკრულობა, შენელებული მოქმედებები, ძილიანობა, მეხსიერების დაქვეითება. ეს ის სიმპტომებია, როდესაც აუცილებელია ენდოკრინოლოგთან ვიზიტი და სისხლის ჩაბარება ჰორმონებზე. თუ გამოვლინდა დაავადება, მკურნალობა იგივეა, რაც თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის დროს. ამ დროს იწყება მკურნალობა ჰორმონებით.

სად ვეძებოთ იოდი?

იოდის დეფიციტი მეტნაკლებად შეივსება იოდიზებული მარილის გამოყენებით საკვებში. რატომ მარილი? პირველ რიგში - მას ყველა იყენებს. იაფი პროდუქტია და თანაც, მარილის დოზას ვერ გადააჭარბებ. საჭიროა მისი სწორად გამოყენება. მარილი ემატება უკვე გამზადებულ კერძს, რადგან თერმული დამუშავების დროს იოდიც იშლება. შეინახეთ მჭიდროდ დახურულ ქილაში. შეძენის დროს ყურადღება მიაქციეთ შენახვის ვადას, რადგან სასარგებლო თვისებებს პროდუქტი ინარჩუნებს მხოლოდ 6 თვის განმავლობაში.

მოამზადა სალომე გორგოშიძემ