საქმიან ქალებს ხშირად უწევთ არჩევანის გაკეთება ოჯახსა და წარმატებულ კარიერას შორის. ხშირად კი ეს სტრესის მიზეზი ხდება, რაც შვილებზეც დიდ გავლენას ახდენს. რა სირთულეები ახლავს "მომუშავე დედის" სტატუსს და რა დადებითი შეიძლება მისცეს ამ ფაქტმა მათ შვილებს, ამ თემაზე გადაცემაში "პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ფსიქოლოგმა, ნინო გოგიჩაძემ ისაუბრა.
- როდესაც მომუშავე დედაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, რომ მარტო ქალზე ვისაუბროთ, მნიშვნელოვანია, რომ ვილაპარაკოთ იმ სოციალურ-კულტურულ ფონზე, რომელშიც ის არსებობს. ქალს სამსახური სჭირდება თუ უნდა, რომ სამსახური ჰქონდეს? მას არჩევანის გაკეთება უწევს ხოლმე, კარიერა თუ ოჯახი, კარიერა თუ ბავშვების კეთილდღეობა. არიან ქალები, რომლებთანაც ეს საკითხი კონფლიქტის თემა არ არის. მაგრამ, როდესაც კონფლიქტი ყოველდღიურობაში მკაცრად დგას, ქალისთვის ეს ძალიან რთულია. სოციოლოგები ქალების ჯგუფებად დაყოფას ცდილობენ: არიან კარიერისტი ქალები, არიან ქალები, რომლებიც ცდილობენ, კარიერაც და ოჯახიც შეათავსონ და არსებობენ ქალები, რომელთათვისაც ბედნიერება საკუთარ ოჯახთან ერთად ყოფნაა. ეს იმ შემთხვევაში, როდესაც არჩევანი გვაქვს. ჩვენს ქვეყანაში, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქალებთან მუშაობის თემა უფრო საჭიროებას უკავშირდება, ვიდრე სურვილს. მას არჩევანი არ აქვს სახლში დარჩენასა და მუშაობას შორის. მაგრამ არჩევანი უდგას, იმუშაოს და ოჯახი ჰყავდეს თუ კარიერას გაჰყვეს. კონფლიქტური სიტუაცია მაინც ექმნება. ქალმა არჩევანი უნდა გააკეთოს არა მხოლოდ საჭიროებებიდან გამომდინარე, არამედ საჭიროებები დაუკავშიროს თავის შინაგან ღირებულებებს. ვუსვამთ შეკითხვას: "რა არის ახლა შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?" უმრავლესობა ამბობს, რომ ოჯახი, შვილები, მეუღლე, მშობლები. მჭირდება, რომ ამდენ ადამიანზე ვიზრუნო, ძალიან დიდ დროს ვატარებ სამსახურში, რეალურად კი ამ ადამიანებთან ურთიერთობისთვის დრო არ მაქვს...
როგორ ვახერხებთ მომუშავე დედები შვილებთან ურთიერთობას და რა არის ეს ურთიერთობა? - როგორც წესი, სტრესულ სიტუაციებში ურთიერთობა დაიყვანება შენიშვნებამდე, ნეგატიურ კომენტარებამდე, "ეს გააკეთე" ინსტრუქციებამდე და ბავშვებს მშობელთან და დედასთან ურთიერთობა ესმით, როგორც "წადი, ეს გააკეთე, ახლა ეს ქენი."მომუშავე დედებს გაჩერება გვჭირდება. შევხედოთ გვერდიდან ჩვენს ურთიერთობას და დავინახოთ, სად მიდის ის. რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ ურთიერთობა მივიყვანოთ იქ, სადაც გვინდა. დედის კეთილდღეობა ცალსახად განსაზღვრავს შვილების კეთილდღეობას. კვლევებია ჩატარებული, თუ დედას სამსახურში საყვედურს ეტყვიან, რა ხდება საღამოს სახლში. საღამოს დედა გაღიზიანებულია, გაღიზიანება აისახება ბავშვზე, და მას მეტი საყვედური და ნეგატივი აქვს. შემდეგი თაობის კვლევებში აკვირდებიან სტრესის ზემოქმედების ფონზე, როგორ იცვლება დედის ბიოქიმიური ბალანსი. დილით, როდესაც დედა სამსახურში აგვიანებს, ისტრესება და შესაბამისად შვილსაც გადაედება. სკანდინავიურ ქვეყნებში ესეთი პრაქტიკაა, უფრო მეტი მამა იღებს დეკრეტულ შვებულებას ბავშვის დაბადების შემდეგ, ვიდრე დედები. მამების როლი ბავშვთა აღზრდასა და ემოციური დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში თანდათან გაიზარდა. ქალის როლი იზრდება, რადგან ფიქრობენ კარიერასა და განვითარებაზე, მამების როლი იზრდება იმ მხრივ, რომ ცდილობენ, მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი შვილის აღზრდის პროცესში. ეს ძალიან კარგია, რადგან ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა, სხვადასხვა მშობელთან იურთიერთონ. დედას ასევე ყოველდღიურად სჭირდება პრიორიტეტების დალაგება, დრო დაუთმოს ქმარს, შვილებს, ოჯახს თუ საკუთარი თავის მოწესრიგებას. კვლევები აჩვენებს, რომ ის ქალი, რომელსაც აქვს მეტი სოციალური დახმარება ან შეუძლია დაიქირვოს დამხმარე, მისთვის ეს პროცესი ნაკლებად სტრესულია. ქალებმა უნდა იფიქრონ, როგორ გაუადვილონ საკუთარ თავს ის ამოცანები, რაც აქვთ. ჩვენ მათ ვეუბნებით ხოლმე, რომ მაგალითად ხუთი წუთი შხაპი მიიღონ, განმარტოვდნენ და არაფერზე იფიქრონ, რომ შეუქმნან თავს პირობები, რომ ამოისუნთქონ. ეს ამოსუნთქვის პირობები შესაძლებლობას გვაძლევს, შორიდან შევხედოთ იმ ურთიერთობებს, რომლებშიც ჩართული ვართ, რადგან ეს ურთიერთობები ცოცხალია და ყოველ წუთში გამოწვევას გვიყენებს. როგორც ჩვენ დავძლევთ გამოწვევებს, ისე ვასწავლით შვილებს.