დედის რძეს, მისი სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე, ხშირად თხევად ოქროს უწოდებენ. თუმცა, როგორც ჩანს, ამ ოქროს ფერის რადიკალურად შეცვლაც შეუძლია. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს ახალგაზრდა დედა, ეშმირი, რომელმაც სოციალურ ქსელში საკუთარი რძის ფოტო გააზიარა, რომელიც მწვანე ფერისაა.
ქალის უმცროსი ქალიშვილი, რუბი ახლა 2,4 წლისაა, მაგრამ ის მაინც დედის რძით იკვებება. ცოტა ხნის წინ მთელი ოჯახი, მათ შორის პატარა რუბი, კორონავირუსით დაავადდა. დედა აღნიშნავს, რომ მისმა შვილმა ვირუსი რთულად გადაიტანა, მაღალი სიცხე და ოფლიანობა აღენიშნებოდა.
თუმცა, ეშმირმა კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ერთ დღეს მოულოდნელად შეამჩნია, რომ რძემ ფერი შეიცვალა. მან სოციალურ ქსელში გააზიარა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ერთ პაკეტში ჩვეულებრივი, თეთრი რძეა, რომელიც ვირუსამდე გამოიწველა, ხოლო მეორეში - მომწვანო.
"ვაცნობიერებდი, რომ ჩემს სხეულში რაღაც ხდებოდა. რა საოცარია დედის რძე! ძალიან მადლიერი ვარ, რომ ჩემი შვილის გამოკვება შევძელი, განსაკუთრებით, ახლა! ფერის ცვლილება კი მიუთითებს იმაზე, რომ ჩემი ორგანიზმი ზუსტად იმ პროცესებს გადის, რაც რუბის სჭირდება: ანტისხეულები, ჭარბი ცხიმიანობა და მხოლოდ სიკეთე."
ამ ამბავმა ეშმირზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ თავად გადაწყვიტა საკუთარი რძის დალევა.
კომენტარებში ერთ-ერთმა დედამ თქვა, რომ მისმა რძემაც ფერი შეიცვალა:
"დღესასწაულების პერიოდში კოვიდი გადავიტანე და შევამჩნიე, რომ ჩემი რძე ოდნავ მომწვანო იყო, მაგრამ შემდეგ ვიფიქრე, რომ ეს უბრალოდ მომეჩვენა."
ერთ-ერთმა დედამ კი თქვა, რომ მისი რძე ოდნავ მწვანე ხდება, თუ ბევრ მწვანე ბოსტნეულს მიირთმევს. ერთმა კი აღნიშნა, რომ კორონავირუსის გამო მკვეთრად შეუმცირდა რძე, მაგრამ ფერი არ შეუცვლია.
2013 წელს ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც ბავშვი ავად არის, ლეიკოციტების რაოდენობა დედის რძეში მკვეთრად იზრდება. მაგრამ, ჯანდაცვის ექსპერტები ირწმუნებიან, რომ COVID-19 არ აღწევს დედის რძეში. თუმცა, რა თქმა უნდა, ჰაერწვეთოვანი გზით მარტივად გადაეცემა დედიდან შვილს.
ამავდროულად, ავსტრალიის ძუძუთი კვების ასოციაციის ექსპერტები ამბობენ, რომ რძე შეიძლება არა მხოლოდ გამწვანდეს არამედ, შავი ფერიც კი გახდეს. მათ ჩამოთვალეს, რა ახდენს ამაზე გავლენას:
რძის ვარდისფერი შეფერილობა
ეს შეიძლება გამოწვეული იყოს დიდი რაოდენობით ფერადი საკვების, მაგალითად ჭარხლის მიღებით. ზოგჯერ ეს ასევე მიუთითებს რძეში სისხლის არსებობაზე. ამ შემთხვევაში დედამ ექიმს უნდა მიმართოს.
ყვითელი/ნარინჯისფერი რძე
რძე შეიძლება გაყვითლდეს, თუ დედამ ძალიან ბევრი ნარინჯისფერი საკვები მიირთვა, ისეთი, როგორიცაა სტაფილო ან გოგრა.
მწვანე ფერის რძე
ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი მწვანე (ან თუნდაც ლურჯი) საკვების მიღებით, როგორიცაა მწვანე ბოსტნეული, საკვები საღებავები. საკვებში არსებული ცისფერი საღებავები ზოგჯერ დედის რძეს მწვანე ელფერს აძლევს.
შავი ფერის რძე
ზოგიერთმა წამალმა შეიძლება შავი შეფერილობის რძე გამოიწვიოს. გარდა ამისა, შესაძლოა ეს რძეში სისხლის არსებობას მიუთითებდეს და აქ ექიმის ჩართულობა აუცილებელია.
ასევე, შესაძლოა, როდესაც რძე დიდი ხნის განმავლობაში კონტეინერში ინახება ღია-თეთრი ფერის ნადები გაუჩნდეს.