დედების სალონიდედების სალონი
კარის გახურვას ვერ ვასწრებ, იწყება ზარები: "ვერ ვაძინებთ, მალე მოხვალ?", "რა ვაჭამოთ?" "პამპერსი სად დევს?" "რატომ ტირის?" - დედა, რომელსაც არავინ ეხმარება
კარის გახურვას ვერ ვასწრებ,  იწყება ზარები: "ვერ ვაძინებთ, მალე მოხვალ?", "რა ვაჭამოთ?" "პამპერსი სად დევს?"  "რატომ ტირის?"  - დედა, რომელსაც არავინ ეხმარება
დიასახლისობა ადვილი საქმე ნამდვილად არ არის, მითუმეტეს, როდესაც სახლის საქმესა და ბავშვების მოვლას მარტო, დამხმარის გარეშე უძღვები. ამ საკითხთან დაკავშირებით მივიღეთ ჩვენი მკითხველისგან წერილი, რომელსაც ანონიმურად ვაქვეყნებთ.

"დიასახლისობა, რომ დაუფასებელი პროფესიაა ალბათ ჩვენზე - დიასახლისებზე კარგად ეს არავინ იცის.

დარეცხე, დაალაგე, საჭმელი გააკეთე, ბავშვებს აჭამე, ჩააცვი, სკოლა, ბაღი და კიდევ ათასი რამ... ყოველ დღე ერთი და იგივე...

ხშირად არ მაქვს იმის ფუფუნება, რომ საკუთარ თავს დრო დავუთმო, წავიდე მეგობრებთან ან თუნდაც მაღაზიებში გავიარო.

სახლიდან თუ გავედი, კარის გახურვას ვერ ვასწრებ, 
იწყება ზარები ტელეფონზე: "რა ვაჭამოთ?" "პამპერსი სად დევს?" "რატომ არ ჭამს?" "სამეცადინოდ არ ჯდება", "რატომ ტირის?" "ვერ ვაძინებთ, მალე მოხვალ?"

ჩემი ბავშვობის მეგობარი გერმანიაში ცხოვრობს, ყოველ ზამთარს ჩამოდის და ტრადიციულად, გოგოები ვიკრიბებით ერთად. იმის გამო, რომ უკვე რამდენიმე წელია ბავშვებს ვერსად ვტოვებ, ჩემთან მოსვლას ვთავაზობ ხოლმე. წელს თვითონ დამასწრეს და ერთ-ერთი კაფე შეარჩიეს. არ მინდოდა შეკრების გამოტოვება, ბავშვებიც ვერსად დავტოვე, ამიტომ იძულებული გავხდი, თან წამეყვანა, იმდენი ხანი ვგეგმავდი ამ დღეს... რომელ ქალს არ უნდა, რომ ლამაზად იყოს და გაპრანჭული.

ჩავაცვი ერთს, მეორეს ვაჭამე, ამ დროს პირველი ისევ გამოსაცვლელი გახდა... წასვლის სურვილი ხომ აღარ მქონდა, სიმწრისგან ვტიროდი. ნახევრად წასმული მაკიაჟით და უცებ გადაცმული კაბით რომ წახვალ
შეხვედრაზე, რომელსაც მთელი გულით ელოდები, ამ დროს კი მეუღლე რომელიღაც მატჩს მშვიდად უყურებს (ფეხბურთში ვერ ვერკვევი).

მთელი დღე ხომ მომეშხამა, ერთი საათით ძლივს გავჩერდი, რადგან ბავშვებმა ყველაფერი დაიმხეს. გოგოებიც შეწუხდნენ, იძულებული გავხდი წამოვსულიყავი, ისედაც ვერ ვიყავი კომფორტულად...

მართლა მაინტერესებს, როგორ ახერხებენ საკუთარი თავისთვის დედები დროის გამონახვას?! თუ ჩემშია პრობლემა?! უკვე აღარ მჯერა, რომ არსებობენ მშობლები, რომლებიც თანაბრად ინაწილებენ ბავშვების მოვლა-გაზრდის საკითხს, დავიჯერო, მარტო მე ვარ ამ დღეში?! ჯერ კიდევ მოგვყვება საბჭოთა სტერეოტიპი - "ბავშვის მოვლა კაცის საქმე არ არის, ქალი ხომ არ ხარ?!" შესაბამისად, დამოკიდებულება, რომ მამამ არ შეიძლება შვილს გამოუცვალოს "პამპერსი", აჭამოს, დაბანოს ან იზრუნოს მის ყოველდღიურ საჭიროებებზე, მგონი ცხოვრების წესად იქცა.

ორი ბიჭი მყავს, ჯერ პატარები არიან, მაგრამ ორივეს აუცილებლად ვასწავლი, რომ შვილების მოვლა მშობლების თანაბარი მოვალეობაა"!






ბეჭდვა