ერთი დედა საკუთარ გამოცდილებას უზიარებს მკითხველს, თუ რატომ სძინავს მის შვილს კვლავ მშობლების საწოლში. აქვე, პედიატრის რჩევებსაც გთავაზობთ:
"ჩემი შვილი თითქმის ოთხი წლისაა და ჯერ კიდევ ჩვენს საწოლში სძინავს. ნუ იჩქარებთ ჩემს ჩაქოლვას! "ერთად გძინავთ?" - ეს ფრაზა ხშირად მომისმენია მეგობრებისა თუ ნათესავებისგან. მე ბავშვთან ერთად დაძინებას პოპულარიზაციას არ ვუწევ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი ოჯახი ისე იქცევა, როგორც თავად აწყობს და თავს კომფორტულად გრძნობს. მე და ჩემს მეუღლეს ის ფაქტი, რომ ბავშვი ჩვენს საწოლშია, ხელს არაფერში გვიშლის, პირიქით, დადებითი ემოციები მოაქვს. ხოლო, მათ, ვინც თვალებს აქეთ-იქით აცეცებს და ენასაც ვერ აჩერებს, ვეუბნები: "ეს მხოლოდ ჩვენი საქმეა." მინდა, საკუთარი ისტორია გაგიზიაროთ, შვილთან ერთად დაძინებამ როგორ გააუმჯობესა ჩემი ჯანმრთელობა, ბავშვის სიმშვიდე და ოჯახური ცხოვრება.
ვიდრე ჩემი შვილი დაიბადებოდა, ვფიქრობდი, რომ ის საკუთარ საწოლში დაიძინებდა, მე კი ჩემს ქმართან ერთად. თუმცა, ჩემმა ვაჟმა უარი თქვა ძალიან კარგი ხარისხის საწოლზე, ულამაზეს თეთრეულზე და მთელი ღამე ტიროდა. მხოლოდ მაშინ ჩერდებოდა, როცა ხელში ამყავდა. ასე ორი კვირა გაგრძელდა და მეც და ჩემს ქმარსაც ყველანაირი ენერგია წაგვართვა. ჩახუტების სურვილიც კი აღარ გვქონდა. მეუღლემ შემომთავაზა, რომ ბავშვი ჩვენს საწოლში გადაგვეყვანა. პირველი ღამე იყო, როცა მას 8 საათი ეძინა და ჩემს მეუღლეს სამსახურშიც კი არ დაგვიანებია. ღამის ტირილები შეწყდა. დილით როგორც კი გაიღვიძა, მაშინვე ძუძუს ჭამა დაიწყო და მეც უფრო დიდხანს მეძინა. ლაქტაციაც ძალიან სწრაფად გამიუმჯობესდა, დამიბრუნდა ძალა და ღიმილი. მას შემდეგ ასე გვძინავს, სამივეს ერთად და არც ერთხელ მინანია.
ნუ იჩქარებთ ინტიმური ცხოვრების დაწყებას, ვიდრე სრულად არ აღიდგენთ ძალებს მშობიარობის შემდეგ. როგორც წესი, ექიმები მშობიარობიდან 1,5-2 თვეში აძლევენ წყვილს რეკომენდაციას. თუმცა, თარიღიც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ გართულებები წარმოიქმნა მშობიარობის დროს. მხოლოდ მას შემდეგ დაკავდით სექსით, როცა ჩათვლით, რომ ყველაფერი წესრიგში გაქვთ. მშობიარობის შემდეგ ესტროგენული ჰორმონების არარსებობის გამო, შესაძლოა ქალი ძლიერ სიმშრალეს განიცდიდეს, ამიტომაც სპეციალური საშუალებების გამოყენების ნუ მოგერიდებათ. იქნება ეს ლუბრიკანტი თუ სხვა. დაღლილობა - ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ არ გინდათ სექსი. ამიტომაცაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კარგად გეძინოთ. სთხოვეთ ქმარს, ნათესავებს, მეგობრებს, რომ ხანდახან შემოგეშველონ და ძილის საშუალება მოგცნენ. კიდევ ერთი რჩევა, გირჩევთ ინტიმური ურთიერთობა საღამომდე არ გადადოთ. დილით საუკეთესო პერიოდია, ვიდრე თქვენი საყვარელი ადამიანი სამსახურში წავა. განმარტოვდით ხოლმე თქვენს ქმართან, წადით სავახშმოდ თუ დასასვენებლად. არ აქვს მნიშვნელობა, სად. შეიძლება ბავშვი ბებიებთან დატოვოთ ან კიდევ თავად სახლში მოაწყოთ რომანტიკული გარემო, იქირაოთ სასტუმროს ნომერი რამდენიმე საათით, მხოლოდ თქვენთვის.
ითვლება, რომ ბავშვი მშობელმა საკუთარ საწოლში მხოლოდ კვებისა და დამშვიდების მიზნის უნდა წაიყვანოს, შემდეგ კი ისევ თავის საწოლში დააბრუნოს. ხოლო, თუ ერთად გადაწყვეტთ დაძინებას, მაშინ დარწმუნდით, რომ ის უსაფრთხოდაა. ხშირად მშობლები ვერ ისვენებენ, ჰგონიათ, რომ დაძინებისას რაიმეს დაუშავებენ ბავშვს და გამოდის, რომ შვილის მშვიდი ძილისთვის საკუთარ სიმშვიდეს სწირავენ. გარდა ამისა, ბავშვიც ვეღარ სწავლობს მარტო დაძინებას, რადგან დედა სულ მის გვერდითაა.
ინტიმურ ცხოვრებაშიც შეიძლება შეექმნათ ადამიანებს პრობლემა. ზოგიერთი ქალისთვის რთულია, ერთდროულად კარგი დედაც იყოს და კარგი ცოლიც. როცა შვილს მშობლების საწოლში სძინავს, შესაძლოა მერე ძალიან გაუჭირდეს საკუთარ ოთახში გადასვლა.
არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ყველა ოჯახი ინდივიდუალურია და ისე მოიქცევა, როგორც მისთვისაა ხელსაყრელი და კომფორტული. თუმცა, თუ გადაწყვეტთ, რომ ბავშვი თქვენს საწოლში დააძინოთ, მაშინ პედიატრების ეს რჩევები გაითვალისწინეთ:
ბავშვი აუცილებლად ზურგით დააწვინეთ. ეს პოზა ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება ახალშობილისთვის. როცა გადაბრუნებას ისწავლის, ნებისმიერი პოზის დაკავებას შეძლებს ძლის დროს. უმჯობესია ბავშვთან მარტო დაიძინოთ და მამამ დროებით სხვა ადგილი გამოძებნოს. ხოლო, თუ სამნი ერთ საწოლზე დაიძინებთ, გაითვალისწინეთ, რომ საწოლი დიდი უნდა იყოს, რათა ყველას საკუთარი სივრცე ჰქონდეს. ასევე, უკეთესია, ბავშვს შუაში კი არა, დედის მხრიდან კედლის მხარეს თუ დააწვენთ. დარწმუნდით, რომ არ არსებობს ისეთი ადგილი, საიდანაც ჩავარდნას შეძლებს. ლეიბი მყარი უნდა იყოს. საწოლზე ზედმეტი ნივთები არ უნდა გქონდეთ. მაგალითად, ბევრი ბალიში, სათამაშოები და სხვა. უმჯობესია, თუ ბავშვს თქვენს საერთო გადასაფარებელს კი არა, საკუთარს გადააფარებთ. ბავშვთან ერთად დაძინება გამორიცხეთ, თუ ეწევით ან ალკოჰოლს იღებთ. როდესაც დასაძინებლად მიდიხართ, არ გამოიყენოთ მძაფრი სუნის კრემები და პარფიუმერია. ასევე, თუ გრძელი თქმა გაქვთ, შეიკარით. ნუ გაწელავთ ერთობლივ ძილს დიდი დროის განმავლობაში. ბავშვი იზრდება და მას საკუთარი სივრცე სჭირდება, დამოუკიდებლად უნდა ისწავლოს დაძინება. ერთი წლიდან ორ წლამდე კარგი დროა, რომ საკუთარ საწოლში დააბრუნოთ. სხვათა შორის, ბიოლოგიურად ბავშვს ღამით ჭამის მოთხოვნილება 9-11 თვემდე აქვს. თუმცა, ბევრი ბავშვი ამის შემდეგაც იღვიძებს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს უხშირესად ჩვევაა და არა რეალური მოთხოვნა.