ძილი არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ ზრდასრული ადამიანისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ პერიოდში ხდება ძალების აღდგენა, მიღებული ინფორმაციის გადამუშავება და დასვენება.
თუმცა, მოსახლეობის დიდ ნაწილს ძილთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. ეს საკითხი კი განსაკუთრებით აქტუალური ახალბედა მშობლების შემთხვევაშია. როდესაც ოჯახში ბავშვი ჩნდება, ხშირად რამდენიმე თვის განმავლობაში ღამით ვერ იძინებენ და ძალიან გადაღლილები არიან.
რას იწვევს ძილის ნაკლებობა?
ჩვეულებრივ, ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანს 7-დან 9 საათამდე ძილი სჭირდება. თუ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებთ კარგად გამოძინებას, ამან შესაძლოა კიდევ ბევრი უარყოფითი შედეგი მოგიტანოთ. მაგალითად, ქრონიკულმა უძილობამ შეიძლება გამოიწვიოს:
- კონცენტრაციის დაქვეითება
- აზროვნების შენელება
- მეხსიერების დაქვეითება,
- გადაწყვეტილების მიღების გართულება
- ძალისა და ენერგიის ნაკლებობა
- პროდუქტიულობის შემცირება
- ემოციური არასტაბილურობა (განწყობის ცვალებადობა, გაღიზიანება, შფოთვა),
- გადაჭარბებული ჭამა
გარდა ამისა, ძილის ნაკლებობა ხელს უწყობს არტერიული წნევის მატებას, გლუკოზის დონის დაქვეითებას, ასევე, ლეპტინის დონის დაქვეითებას. ლეპტინი ეს არის ცხიმოვანი ქსოვილის ჰორმონი და როდესაც ის მცირდება, ადამიანი წონაში უფრო სწრაფად იმატებს. გარდა ამისა, შესაძლოა სხვადასხვა ანთებითი პროცესი და დაავადება გამოიწვიოს. აქედან გამომდინარე, ძილის ქრონიკული ნაკლებობა ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, დეპრესიის, შფოთვითი აშლილობის, სიმსუქნის, დიაბეტის და სხვა ენდოკრინული დაავადებების განვითარების რისკს.
რა მოხდება, თუ 24 საათის განმავლობაში არ დავიძინებთ?
ერთ-ერთ კვლევაში მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ძილის ნაკლებობა მთელი დღის განმავლობაში მნიშვნელოვნად ზრდის ორგანიზმში სტრესის ჰორმონების დონეს, როგორებიცაა კორტიზოლი, ეპინეფრინი და ნორეპინეფრინი.
ასევე, დასვენების დეფიციტი ყურადღებისა და მეხსიერების დაქვეითებას იწვევს. უძილო ღამის შემდეგ კონცენტრაცია ძალიან გაგიჭირდებათ და შესაძლოა იმაზე გაცილებით მეტი შეცდომა დაუშვათ, ვიდრე იქამდე. პატარა ბავშვის პატრონს კი ყურადღების მოდუნების საშუალება ნამდვილად არა აქვს.
როგორ მოქმედებს ძილის ნაკლებობა დედის ჯანმრთელობაზე
ახალბედა მშობლებში ძილის ნაკლებობის პრობლემა ბავშვის გაჩენის შემდეგ ჩნდება. მაგრამ, ეს პრობლემა უფრო მეტად დედებს აწუხებთ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ბავშვი ძუძუთი კვებაზე ჰყავთ. ქრონიკულმა უძილობამ შესაძლოა მის ჯანმრთელობაზე ბევრი უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
კერძოდ, დედას, რომელსაც ქრონიკულად არ სძინავს, შესაძლოა განუვითარდეს მშობიარობის შემდგომი დეპრესია. სტატისტიკის მიხედვით, ყოველი რვა დედა ამ პრობლემის წინაშე დგება. გარდა ამისა, უვითარდებათ გაღიზიანება, შფოთვა და კონცენტრაციის დაქვეითება, რაც საკმაოდ რისკის შემცველია ახალშობილის მოვლისას.
ამიტომაც, სპეციალისტების მთავარი მოწოდებაა, რომ დედას აუცილებლად სჭირდება საკმარისი ძილი. თუ ღამით ვერ იძინებთ, მაშინ დღის განმავლობაში უნდა გამონახოთ დრო. ეს საშუალებას მოგცემთ, ენერგია და რესურსები. დღის განმავლობაში 20-30 წუთი მაინც განიტვირთეთ და დრო მშვიდად გაატარეთ.
გახსოვდეთ, რომ ეს დროებითია და მალე ისევ შეძლებთ, საკუთარ თავს უფრო მეტი დრო დაუთმოთ და დაიძინოთ.