"ცოლ-ქმარს 4 წლის ბავშვთან ერთად გვძინავს და ეს არცერთხელ გვინანია... სასაცილოა, თითქოს ინტიმურ ცხოვრებაში ხელი გვეშლება" - მშობლები

"ცოლ-ქმარს 4 წლის ბავშვთან ერთად გვძინავს და ეს არცერთხელ გვინანია... სასაცილოა, თითქოს ინტიმურ ცხოვრებაში ხელი გვეშლება"

2021-06-17 11:20:39+04:00

ერთი დედა საკუთარ გამოცდილებას უზიარებს მკითხველს, თუ რატომ სძინავს მის შვილს კვლავ მშობლების საწოლში. აქვე, პედიატრის რჩევებსაც გთავაზობთ:

"ჩემი შვილი თითქმის ოთხი წლისაა და ჯერ კიდევ ჩვენს საწოლში სძინავს. ნუ იჩქარებთ ჩემს ჩაქოლვას! "ერთად გძინავთ?" - ეს ფრაზა ხშირად მომისმენია მეგობრებისა თუ ნათესავებისგან. მე ბავშვთან ერთად დაძინებას პოპულარიზაციას არ ვუწევ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყოველი ოჯახი ისე იქცევა, როგორც თავად აწყობს და თავს კომფორტულად გრძნობს. მე და ჩემს მეუღლეს ის ფაქტი, რომ ბავშვი ჩვენს საწოლშია, ხელს არაფერში გვიშლის, პირიქით, დადებითი ემოციები მოაქვს. ხოლო, მათ, ვინც თვალებს აქეთ-იქით აცეცებს და ენასაც ვერ აჩერებს, ვეუბნები: "ეს მხოლოდ ჩვენი საქმეა." მინდა, საკუთარი ისტორია გაგიზიაროთ, შვილთან ერთად დაძინებამ როგორ გააუმჯობესა ჩემი ჯანმრთელობა, ბავშვის სიმშვიდე და ოჯახური ცხოვრება.

ვიდრე ჩემი შვილი დაიბადებოდა, ვფიქრობდი, რომ ის საკუთარ საწოლში დაიძინებდა, მე კი ჩემს ქმართან ერთად. თუმცა, ჩემმა ვაჟმა უარი თქვა ძალიან კარგი ხარისხის საწოლზე, ულამაზეს თეთრეულზე და მთელი ღამე ტიროდა. მხოლოდ მაშინ ჩერდებოდა, როცა ხელში ამყავდა. ასე ორი კვირა გაგრძელდა და მეც და ჩემს ქმარსაც ყველანაირი ენერგია წაგვართვა. ჩახუტების სურვილიც კი აღარ გვქონდა. მეუღლემ შემომთავაზა, რომ ბავშვი ჩვენს საწოლში გადაგვეყვანა. პირველი ღამე იყო, როცა მას 8 საათი ეძინა და ჩემს მეუღლეს სამსახურშიც კი არ დაგვიანებია. ღამის ტირილები შეწყდა. დილით როგორც კი გაიღვიძა, მაშინვე ძუძუს ჭამა დაიწყო და მეც უფრო დიდხანს მეძინა. ლაქტაციაც ძალიან სწრაფად გამიუმჯობესდა, დამიბრუნდა ძალა და ღიმილი. მას შემდეგ ასე გვძინავს, სამივეს ერთად და არც ერთხელ მინანია.

დედის ჯანსაღი ძილი

დამერწმუნეთ, ამ პუნქტზე უფრო მნიშვნელოვანია არაფერია. როგორც არ უნდა გიყვარდეთ თქვენი შვილი, ქმარი, არავისთვის არ გექნებათ საკმარისი ძალა და ენერგია, თუ დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 3 საათს დაიძინებთ. სამწუხაროდ, ამას ბევრი ქალი აკეთებს. ვიცი ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ამ რეჟიმში გატარებული რამდენიმე თვის შემდეგ, დედებს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეექმნათ. ჩემთვის ნორმალური ძილი მას შემდეგ დაბრუნდა, რაც ბავშვი ჩვენს საწოლში გადავიყვანე. ემოციურ კავშირსაც ვგრძნობ მასთან, უფრო დიდხანს ვსეირნობთ და არც ჩემი ქმარი ბრუნდება სახლში წაშლილი სახით.

პედიატრის პასუხი

რა თქმა უნდა, სრულფასოვანი ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია როგორც ბავშვისთვის, ისე დედისა და მამისთვის. ერთმნიშვნელოვანი პასუხი, კარგია თუ არა მშობლისა და შვილის ერთად ძილი, არ არსებობს. არსებობენ ბავშვები, რომლებსაც დაბადებიდან ცალკე სძინავთ და არც ძუძუ სჭირდებათ ამისთვის და არც საწოვარა. თუმცა, პირიქითაც არსებობენ. თუ ერთად დაძინებით ოჯახის წევრები სიმშვიდეს იპოვნიან, ეს შესანიშნავი იქნება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვის ზრდისა და განვითარებისთვის მშვიდი ძილი ძალიან მნიშვნელოვანია. ახალშობილებს, სამ თვემდე, დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ 14-17 საათი უნდა ეძინოთ. ერთ წლამდე ასაკის ბავშვებს 12-15 საათი, ხოლო ერთი წლიდან ორ წლამდე - 11-14 საათი.

mshoblebi

ძუძუთი კვება

აღმოჩნდა, რომ ბავშვისთვის ღამით ძუძუს მოწოვება, ყველაზე მნიშვნელოვანია რძის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. თავიდან ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, მაგრამ მერე ნელ-ნელა მივხვდი. ამიტომაც დიდი ხნის განმავლობაში ვკვებავდი ჩემს შვილს ასე, წლის და შვიდი თვის იყო, თავი რომ დაანება.

რას ფიქრობს პედიატრი?

ღამით და დილით ადრე აქტიურად გამოიყოფა პროლაქტინი, რომელიც რძის რაოდენობასა და ხარისხს განსაზღვრავს. ამ დროს, გარდა იმისა, რომ ბავშვი "გამოსწოვს" მთელი დღის მარაგს, დედის მკერდსაც ასტიმულირებს. მაგრამ, თუ თქვენი შვილი ღამით ცოტას ჭამს, მომდევნო დღის საღამოსთვის შესაძლოა რძე აღარ ეყოს. თუმცა, ეს ფაქტი ბავშვის ცალკე საწოლში დაძინებას ხელს არ უშლის.

ბავშვის სიმშვიდე

არიან ისეთი უნიკალური ბავშვებიც, რომლებსაც სრულიად მშვიდად სძინავთ საკუთარ საწოლში ან სულაც საკუთარ ოთახში. თუმცა, ჩემს შვილს დედა მუდმივად სჭირდება. მან უარი თქვა ეტლსა და საწოლში დაძინებაზე. მხოლოდ ჩემს გვერდით ან კიდევ ჩემს ხელებში ძილს დასთანხმდა. პირველი კვირები საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ბებიები პანიკაში იყვნენ, ამბობდნენ, რომ ბავშვს რაღაც სჭირდა და ექიმთან უნდა წამეყვანა. ვერ ხსნიდნენ, რატომ ტიროდა გამუდმებით.

პედიატრის პასუხი

შემთხვევითი არ არის, რომ მშობიარობის შემდგომ პერიოდს "ორსულობის მეოთხე ტრიმესტრს" უწოდებენ. მართალია, ბავშვი უკვე ქვეყანას მოევლინა, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია, აქაც დახვდეს ისეთი პირობები, როგორიც დედის მუცელში ჰქონდა. ამიტომაც სურს მას დედასთან მაქსიმალურად ახლოს ყოფნა, მის ხელში დაძინება, მისი გულისცემის მოსმენა და ნაცნობი და მშობლიური სუნის შეგრძნება. ეს ყველაფერი კი ბავშვს უსაფრთხოების განცდას უქმნის და საშუალებას აძლევს, უფრო მარტივად ადაპტირდეს.

განუმეორებელი სითბო

ზრდასთან ერთად, ბავშვი ახალ უნარებს იძენს და ჩვენც, მშობლებმაც ყოველი წუთი უნდა დავაფასოთ, რადგან ის აღარ განმეორდება. ბავშვი დილით რომ იღვიძებს, იღიმება, დედას ეხუტება. მერე ახსენდება, რომ მამაც გვერდითაა, მასზე ისე ადის, თითქოს მთაა. პატარა ფეხებს და ხელებს აქნევს, ხმებს გამოსცემს და ამ დროს ხვდები, რომ ცხოვრება მშვენიერია. იმ მამაკაცებისთვის, რომლებიც ძალიან დაკავებულები არიან და შვილთან ერთად ცოტა დროს ატარებენ, ასეთი მომენტები ძალიან მნიშვნელოვანია.

mshoblebi

მშობლების ინტიმური ცხოვრება

ახლა კი, ამის შესახებაც ვიტყვი რამდენიმე სიტყვას... ცოტა სასაცილოა იმის მოსმენა, რომ ბავშვის ჩვენს საწოლში წოლა ინტიმურ ცხოვრებას ხელს შეუშლის. ნუთუ მართლა ფიქრობთ, რომ ორი ზრდასრული ადამიანი სექსისთვის ადგილს ვერ იპოვნის და წლების განმავლობაში ინტიმური ურთიერთობა არ ექნებათ? გარდა ამისა, ინტიმურ ცხოვრებაში აქტის რაოდენობა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ხარისხი და სიამოვნების განცდა, რასაც ცოლიც იღებს და ქმარიც. ჩვენ შემთხვევაში, სრულფასოვან სექსუალურ ცხოვრებას სწორედ ერთად ძილმა მისცა გასაქანი. დროსა და ადგილს თავად იპოვნით, მთავარია, არ იფიქროთ, რომ შვილის გაჩენის შემდეგ, სექსუალური ცხოვრება მთავრდება. გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რაზეც ვფიქრობ, დაგეხმარებათ, თქვენი ქორწინება უფრო ბედნიერი გახადოთ:

ნუ იჩქარებთ ინტიმური ცხოვრების დაწყებას, ვიდრე სრულად არ აღიდგენთ ძალებს მშობიარობის შემდეგ. როგორც წესი, ექიმები მშობიარობიდან 1,5-2 თვეში აძლევენ წყვილს რეკომენდაციას. თუმცა, თარიღიც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ გართულებები წარმოიქმნა მშობიარობის დროს. მხოლოდ მას შემდეგ დაკავდით სექსით, როცა ჩათვლით, რომ ყველაფერი წესრიგში გაქვთ. მშობიარობის შემდეგ ესტროგენული ჰორმონების არარსებობის გამო, შესაძლოა ქალი ძლიერ სიმშრალეს განიცდიდეს, ამიტომაც სპეციალური საშუალებების გამოყენების ნუ მოგერიდებათ. იქნება ეს ლუბრიკანტი თუ სხვა. დაღლილობა - ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ არ გინდათ სექსი. ამიტომაცაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ კარგად გეძინოთ. სთხოვეთ ქმარს, ნათესავებს, მეგობრებს, რომ ხანდახან შემოგეშველონ და ძილის საშუალება მოგცნენ. კიდევ ერთი რჩევა, გირჩევთ ინტიმური ურთიერთობა საღამომდე არ გადადოთ. დილით საუკეთესო პერიოდია, ვიდრე თქვენი საყვარელი ადამიანი სამსახურში წავა. განმარტოვდით ხოლმე თქვენს ქმართან, წადით სავახშმოდ თუ დასასვენებლად. არ აქვს მნიშვნელობა, სად. შეიძლება ბავშვი ბებიებთან დატოვოთ ან კიდევ თავად სახლში მოაწყოთ რომანტიკული გარემო, იქირაოთ სასტუმროს ნომერი რამდენიმე საათით, მხოლოდ თქვენთვის.

ბავშვთან ერთად ძილის უარყოფითი მხარეები

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საერთაშორისო რეკომენდაციები, კონკრეტულად კი, ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციები, ბავშვთან ერთად დაძინებას ეწინააღმდეგება. ითვლება, რომ ახალშობილთა უეცარი სიკვდილიანობის სინდრომი იზრდება. ძირითადად, ეს ნაადრევად დაბადებულ ბავშვებს ეხებათ.

ითვლება, რომ ბავშვი მშობელმა საკუთარ საწოლში მხოლოდ კვებისა და დამშვიდების მიზნის უნდა წაიყვანოს, შემდეგ კი ისევ თავის საწოლში დააბრუნოს. ხოლო, თუ ერთად გადაწყვეტთ დაძინებას, მაშინ დარწმუნდით, რომ ის უსაფრთხოდაა. ხშირად მშობლები ვერ ისვენებენ, ჰგონიათ, რომ დაძინებისას რაიმეს დაუშავებენ ბავშვს და გამოდის, რომ შვილის მშვიდი ძილისთვის საკუთარ სიმშვიდეს სწირავენ. გარდა ამისა, ბავშვიც ვეღარ სწავლობს მარტო დაძინებას, რადგან დედა სულ მის გვერდითაა.

ინტიმურ ცხოვრებაშიც შეიძლება შეექმნათ ადამიანებს პრობლემა. ზოგიერთი ქალისთვის რთულია, ერთდროულად კარგი დედაც იყოს და კარგი ცოლიც. როცა შვილს მშობლების საწოლში სძინავს, შესაძლოა მერე ძალიან გაუჭირდეს საკუთარ ოთახში გადასვლა.

როგორ გავხადოთ ერთობლივი ძილი უსაფრთხო

არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ყველა ოჯახი ინდივიდუალურია და ისე მოიქცევა, როგორც მისთვისაა ხელსაყრელი და კომფორტული. თუმცა, თუ გადაწყვეტთ, რომ ბავშვი თქვენს საწოლში დააძინოთ, მაშინ პედიატრების ეს რჩევები გაითვალისწინეთ:

ბავშვი აუცილებლად ზურგით დააწვინეთ. ეს პოზა ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება ახალშობილისთვის. როცა გადაბრუნებას ისწავლის, ნებისმიერი პოზის დაკავებას შეძლებს ძლის დროს. უმჯობესია ბავშვთან მარტო დაიძინოთ და მამამ დროებით სხვა ადგილი გამოძებნოს. ხოლო, თუ სამნი ერთ საწოლზე დაიძინებთ, გაითვალისწინეთ, რომ საწოლი დიდი უნდა იყოს, რათა ყველას საკუთარი სივრცე ჰქონდეს. ასევე, უკეთესია, ბავშვს შუაში კი არა, დედის მხრიდან კედლის მხარეს თუ დააწვენთ. დარწმუნდით, რომ არ არსებობს ისეთი ადგილი, საიდანაც ჩავარდნას შეძლებს. ლეიბი მყარი უნდა იყოს. საწოლზე ზედმეტი ნივთები არ უნდა გქონდეთ. მაგალითად, ბევრი ბალიში, სათამაშოები და სხვა. უმჯობესია, თუ ბავშვს თქვენს საერთო გადასაფარებელს კი არა, საკუთარს გადააფარებთ. ბავშვთან ერთად დაძინება გამორიცხეთ, თუ ეწევით ან ალკოჰოლს იღებთ. როდესაც დასაძინებლად მიდიხართ, არ გამოიყენოთ მძაფრი სუნის კრემები და პარფიუმერია. ასევე, თუ გრძელი თქმა გაქვთ, შეიკარით. ნუ გაწელავთ ერთობლივ ძილს დიდი დროის განმავლობაში. ბავშვი იზრდება და მას საკუთარი სივრცე სჭირდება, დამოუკიდებლად უნდა ისწავლოს დაძინება. ერთი წლიდან ორ წლამდე კარგი დროა, რომ საკუთარ საწოლში დააბრუნოთ. სხვათა შორის, ბიოლოგიურად ბავშვს ღამით ჭამის მოთხოვნილება 9-11 თვემდე აქვს. თუმცა, ბევრი ბავშვი ამის შემდეგაც იღვიძებს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს უხშირესად ჩვევაა და არა რეალური მოთხოვნა.