"თუ საშუალება არის, მშობლებმა უნდა აღზარდონ შვილები და არა ბებია-ბაბუა-ძიძებმა... ჩვენც მარტო ვზრდით..."
ეკა იმესაშვილი შვიდი შვილის დედაა. მიუხედავად იმისა, რომ მრავალრიცხოვან ოჯახს უვლის, შვილების აღზრდას თავისუფლად უთავსებს სამსახურს და ყოველთვის რჩება დრო მეგობრებისთვის. ცდილობს ბავშვები დამოუკიდებლობას შეაჩვიოს, ამიტომ გაკვეთილების მომზადების პროცესში მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ერთვება. 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს, საპატრიარქომ ეკას და მის მეუღლეს მამულისათვის თავდადებული მშობლების სიგელი გადასცა, რაც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყო ფაქტია.
- თქვენ შესახებ მომიყევით. რამდენი წლის ხართ? როდის დაოჯახდით?
- პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გითხრათ ჩემ მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის. მინდა გითხრათ, რომ პირველები ხართ, ვინც დაინტერესდა ჩვენი ოჯახით.. .24 წლის ასაკში დავოჯახდი. მე და ჩემი მეუღლე ერთად ვმუშაობდით ერთ-ერთ სამინისტროში. სიყვარულით შევქმენით ოჯახი, რომელიც უკვე 15 ბედნიერ წელს ითვლის.
პირველი შვილი, დავითი 25 წლის ასაკში შემეძინა. ეს ის გრძნობაა, როდესაც ტკივილს სიხარული გავიწყებს და ერთ წამში ცვლის ყველაფერს. ბედნიერებაა, როდესაც ხედავ, რომ არსებობს პატარა, რომელიც მთლიანად შენზეა დამოკიდებული. გამოუცდელი კი ვიყავი, მაგრამ ისეთ ასაკში გახლდით, რომ გააზრებული მქონდა ყველაფერი და საკმაოდ თავისუფლად გავზარდე.
დღეს უკვე შვიდი შვილის დედა ვარ. ოთხი ბიჭი და სამი გოგო მყავს. ყველაზე მთავარი ამ ეტაპზე ჩემი შვილებია. თუმცა ოჯახს სამსახურსაც ვუთავსებ, ვარ ერთ-ერთი კოსმეტიკური ფირმის წარმომადგენელი. პირადი ცხოვრებისა და მეგობრებისთვისაც მაქვს საკმარისი დრო.
- შვილები, ოჯახი უამრავ საქმესთან, საზრუნავთან არის დაკავშირებული. ამ ყველაფერს როგორ უძღვებით? მათ აღზრდაში ვინმე გეხმარებოდათ?
- ოჯახის შექმნის დღიდან მე და ჩემი მეუღლე მარტო ვცხოვრობთ. რა თქმა უნდა, ეს ადვილი არ იყო და რაც უფრო გადის დრო, მით უფრო იზრდება ოჯახი, იზრდება საზრუნავიც. მაგრამ ვთვლით, რომ ოჯახიც სწორედ ესაა. თუ საშუალება არის, მშობლებმა უნდა აღზარდონ შვილები და არა ბებია-ბაბუა-ძიძებმა.
- სანამ დაოჯახდებოდით, როდისმე გიფიქრიათ, რომ ამდენი შვილი გეყოლებოდათ?
- სანამ დავოჯახდებოდი, ნამდვილად არ მიფიქრია, თუ ოდესმე შვიდი შვილის დედა ვიქნებოდი. მაგრამ ასე მოხდა. დღეს მე ამაყი დედა და ქალი ვარ.
- ახალი სასწავლო წელი დაიწყო, როგორი შემართებით წავიდნენ სკოლაში?
- წელს სამი სკოლის და სამი ბაღის მოსწავლე მყავს. უხარიათ, შემართებით დაიწყეს ახალი სასწავლო წელი და ვნახოთ შემდეგ რას იზამენ.
- როგორი მოსწავლეები არიან? თქვენ ამეცადინებთ?
- თვითონ მეცადინეობენ დამოუკიდებლად. თუ რაღაცას ვერ იგებენ, იმ შემთხვევაში ვეხმარებით მშობლები, მაგრამ ზოგადად ვცდილობ ყველაფერში დამოუკიდებლები იყვნენ. ცუდი მოსწავლეები არ არიან, რეჟიმი და კონტროლი კი აუცილებლად სჭირდებათ.
- წრეებზე თუ დაგყავთ?
- უფროსები - დავითი და დიმიტრი დადიან ხალხურ სიმღერაზე, კალათბურთზე, დამთავრებული აქვთ ქართული ცეკვების შვიდწლედი. დიმიტრი დადის ასევე ხატწერაზე. მესამე, ანდრია დადის ჭადრაკზე და წელს ფეხბურთს ვიწყებთ. თეონა, ილია და ივლიტა ჯერ ბაღში დადიან. ნაბოლარა ტატიანა კი დედიკოს გოგოა. ძალიან ენერგიული და ცელქი ბავშვები არიან.
- სახელმწიფოს მხრიდან რა დახმარებებს იღებენ ბავშები? რა პრივილეგიებით სარგებლობენ ისინი?
- სახელმწიფოს მხრიდან არანაირი დახმარება არასოდეს არ აგვიღია, სოციალური სტატუსი არ გვაქვს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი სტატუსი საპატრიარქომ მოგვანიჭა. წელს, 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დაცვის დღეს, მამულისათვის თავდადებული მშობლების სიგელი გადმოგვცეს. სხვა პრივილეგია არცაა საჭირო.
- კიდევ გეგმავთ შვილის გაჩენას?
- თუ იქნება, რატომაც არა. მრავალშვილიანობა როგორც ოჯახის, ასევე ერის და ქვეყნის სიძლიერეა.
მერი ბლიაძე