”დედების გარკვეულმა ნაწილმა ისე აღიქვა, რომ კომპლექსია ასეთი ოთახის მოთხოვნა. რომ გვრცხვენია ქუჩაში ბავშვის კვების...” ”გამოიყოს ბავშვთა კვების ოთახები საჯარო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში”, - ეს პეტიციაა, რომლის ავტორი 28 წლის სტომატოლოგი მაკა ჯლანტიაშვილია და ფიქრობს, რომ ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია. როგორ წარმოუდგენია მას ასეთი სივრცე ქართულ რეალობაში და რა გამოცდილებაა ამ მხრივ ევროპულ ქვეყნებში, გრძნობენ თუ არა ამის საჭიროებას ქართველი დედები - ამაზე თავად მაკა ისაუბრებს.
- იმის გამო, რომ საჯარო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში არ არსებობს სპეციალური ადგილები, სადაც დედა გამოკვებავს ჩვილ ბავშვს, ხოლო ხალხის გარემოცვაში ეს პროცესი მოუხერხებელია და ხშირად გაღიზიანებასაც იწვევს გარკევულ სეგმენტში, ქალები იძულებულნი არიან იცხოვრონ პასიურად, ნაკლებად გამოჩნდნენ საზოგადოებაში. მაშინ როდესაც სულ რაღაც 3-4 კვმ ფართის გამოყოფა მოაგვარებს ამ პრობლემას. აღნიშნული ოთახები ასევე გამოსაყენებელი იქნება ბავშვთა ჰიგიენისთვის. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს მსგავსი ოთახები. არ ვითხოვთ ევროპის დონის კომფორტსა და ინვენტარს. გამოიყოს მცირე ფართის ოთახი, რომ დედამ მოახერხოს განმარტოება და ბავშვის გამოკვება, საფენის გამოცვლა. ნუ ჩაგვკეტავთ სახლში 5 კვმ-ის გამო.
მე მაქვს სურვილი, მთავრობამ განიხილოს ეს საკითხი. საწყის ეტაპზე მასიურად თუ ვერ მოხერხდება ამ პროექტის განხორციელება, დიდ დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში მაინც განხორციელდეს.
- როდის დაინტერესდით ამ საკითხით და თქვენი აზრით, რამდენად აქტუალურია?
- მყავს 1 თვის პატარა გოგონა. საჯარო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში ბავშვთა კვებისა დაა ჰიგიენის ოთახების გამოყოფა მას შემდეგ გახდა ჩემთვის აქტუალური, რაც პატარა მეყოლა. ვიცოდი, რომ სხვა ქვეყნებში არსებობდა მსგავსი სივრცეები, მაგრამ ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი და არ ყოფილა იმდენად აქტუალური ჩემთვის. არ იყო ეს თემა ჩემთვის პრიორიტეტული და ამიტომაც. ახლა ვთვლი, რომ ეს არაა სწორი მოდგომა პრობლემის მიმართ, ანუ როცა არაა ჩვენთვის აქტუალური, თვალი დავხუჭოთ.
საკითხის აქტუალურობას რაც შეეხება, ვფიქრობ ყველა დედისთვის ძალიან აქტუალური უნდა იყოს. საუბარი არაა მხოლოდ კვების ოთახებზე. ეს ოთახი თავისთავად უნდა მოიცავდეს ჰიგიენის ოთახსაც. აქვე დავამატებ, რომ ბავშვთა კვება მხოლოდ ძუძუთი კვებას არ მოიცავს. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვების ქუჩაში გამოკვება გაცილებით მარტივია, თუმცა ამ შემთხვევაშიც სიამოვნებით გამოვიყენებდი მე პირადად აღნიშნულ ოთახს.
ასევე იხილეთ: დედა, რომელიც შვილს ძუძუს აჭმევდა, აურზაურის ცენტრში აღმოჩნდა
- რა ინფორმაცია გაქვთ ამ თემაზე - რომელ ქვეყნებში და რა სახით, რა ფორმით არსებობს მსგავსი სივრცეები. როგორ წარმოგიდგენიათ, საქართველოში ეს რა ფორმით და რომელ დაწესებულებებში უნდა იყოს...
- ბევრ ქვეყანაშია მსგავსი ოთახები გამოყოფილი. პირადად მე საფრანგეთში საკუთარი თვალით მაქვს ნანახი. ყველა საშუალება იყო ბავშვთა მოვლის. ოთახში იყო ნიჟარა, მიკროტალღური ღუმელი. რა თქმა უნდა, ბავშვთა გამოსაცვლელი მაგიდები და სკამები - თავისთავად. დიდ სავაჭრო ცენტრში შემხვდა ეს ოთახი. არ ვიცი, კერძო დაწესებულებებსა და სხვა საჯარო სტრუქტურებშიც თუ არის. ასევე ვიცი, რომ გერმანიაში მსგავსი სივრცეები აფთიაქებს აქვთ.
საქართველოში არ მაქვს იმის ილუზია, რომ მასიურად იქნება, თუმცა თავდაპირველად დიდ სავაჭრო ცენტრებსა და საჯარო დაწესებულებებში რომ გამოიყოს პატარა ოთახი, დიდი წინსვლა იქნება.
ასევე არ ვითხოვ, რომ უმაღლესი დონის ინვენტარით იყოს დაკომპექტებული, უბრალოდ იყოს საშუალება, რომ მყუდროდ, განცალკევებით, სუფთა გარემოში შეძლოს დედამ ბავშვის გამოკვება და არა მხოლოდ ჩვილის და ასევე - არამხოლოდ გამოკვება. იგივე საფენის გამოცვლა და ა.შ.
- თუ გაქვთ იმედი, რომ ბევრი მოაწერს ხელს?
- დედების რამდენიმე ჯგუფში განვათავსე ეს პეტიცია და არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ბევრს მოეწონა იდეა, ზოგმა არასწორად გაიგო, ზოგის რეაქცია იყო, რომ სხვა ბევრი აქტუალური პრობლემაა და ამის დრო არ აქვს სახელმწიფოს. ზოგმა ჩათვალა, რომ სჯობს გაჭირვებულებს დავეხმაროთო. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მსგავსი ოთახის გამოყოფა ფინანსურად არც დაწესებულებას დააზარალებს და არც ხალხს. იყო ვერსია, ბავშვი რომ ატირდება, სად ვეძებო მსგავსი ოთახიო. რომ გვეცოდინება, კონკრეტულ დაწესებულებაში არსებობს, ძებნაც არ დაგვჭირდება, ისევე როგორც არ ვეძებთ ხოლმე საპირფარეშოს. ვიცით, რომ არის, ხომ?!
ასევე იხილეთ: ბავშვისთვის საფენის გამოცვლის გამო ქალი რესტორნიდან გამოაგდეს
დედების გარკვეულმა ნაწილმა ისე აღიქვა, რომ კომპლექსია ასეთი ოთახის მოთხოვნა. რომ გვრცხვენია ქუჩაში ბავშვის კვების. სირცხვილი და კომპლექსი საერთოდ არაფერ შუაშია. ნამდვილად არაა კომფორტული და მოსახერხებელი ბავშვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოკვება, თუნდაც ჰიგიენის გამო და არამხოლოდ.
ძალიან მიკვირს, რომ დედების გარკვეულ ნნაწილს არ სურს მსგავსი ოთახები. მესმის, რომ ბევრი ამ ოთახის გარეშეც ახერხებს ბავშვის გამოკვებას და საფენის გამოცვლას, მაგრამ უფრო მოსახერხებელი არ იქნება, ეს პროცესი ცალკე, სპეციალურ ოთახში?!
იმედი მაქვს, მომხრე მეტი მეყოლება, ვიდრე წინააღმდეგი.
- კიდევ რა პრობლემები აქვთ საქართველოში მშობლებს, თქვენი აზრით და თუ აპირებთ სხვა ინიციატივების წამოყენებას?
- მას შემდეგ, რაც შვილი მყავს, მეტად ვაკვირდები და ვხვდები სხვადასხვა პრობლემას. თუნდაც, ბავშვის ეტლით გადაადგილება ქუჩაში და უფრო მეტად ტრანსპორტში. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში თითქმის არ არსებობს ხელშეწყობა შშმ პირებისთვის, ბავშვის ეტლით გადაადგილება არც ღირს აღნიშვნად.
ალბათ ბავშვის გაზრდის კვალდაკვალ მეტ პრობლემას შევხვდები პერიოდულად, რაც აქამდე არ მხვდებოდა თვალში და არ მაწუხებდა.
ლელა ზურებიანი