”არაჩვეულებრვი დედამთილი და მამამთილი მყავს, რომლებიც ყოველთვის მზად არიან ბავშვი დაიტოვონ, მაგრამ ბავშვის გარეშე გაძლება არაფრით შემიძლია...”
უნიჭიერესმა და ულამაზესმა ნინო მაჩაიძემ, რომელსაც ხშირად ოპერის ანჯელინა ჯოლისუწოდებენ ხოლმე, კონცერტებითა და ცნობილი ოპერებით მთელი მსოფლიო მოიარა. მღერის მთავარ პარტიებს, ხსნის და ხურავს საოპერო სეზონებს მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებზე. მრავალჯერ აღიარეს ერთ-ერთ საუკეთესო სოპრანოდ და მსოფლიოს ლამაზი საოპერო მომღერლების ათეულში პირველ ადგილზე შეიყვანეს, ხშირად ჩამოდის საქართველოში მასტერკლასებითა და საქველმოქმედო კონცერტებით... 2011 წლის 26 სექტემბერს ნინო დაქორწინდა იტალიელ ბარიტონ გვიდო ლოკონსოლოზე. ჰყავთ ერთი ვაჟიშვილი - ალესანდრო ლოკონსოლო. ნინო მეუღლესა და შვილთან ერთად მილანში ცხოვრობს, თუმცა როგორც თავად ამბობს, გადატვირთული გრაფიკის გამო, რომელიც რამდენიმე წლით ადრე აქვს დაგეგმილი, მუდმივად ჰაერში უწევს ყოფნა, თან ალესანდროსაც დაატარებს და განაგრძობს საოპერო მწვერვალების დაპყრობას...ასეთი თავბრუდამხვევი წარმატებების მიუხედავად ნინო მაჩაიძისთვის დედობა უპირველესია... თუ როგორი დედაა მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოპრანო, ამის შესახებ თავად გვესაუბრება...
- დედობა ულამაზესი, სასწაული შეგრძნებაა... ჯერ კიდევ ვიდრე ალესანდრო დაიბადებოდა, ორსული მსოფლიოს სხვადასხვა სცენაზე ვიდექი. ყველაზე სამახსოვრო იყო ბარსელონაში, სადაც მთავარ პარტიას ვასრულებდი. ძალიან ბევრი მოძრობა მიწევდა სცენაზე და თავს იმდენად მხნედ ვგრძნობდი, რამდენიმე სცენა სასაცილოც კი გავხადე...
ქმარიც ჰყავდა ჩემს გმირს და საყვარელიც და ბოლოს რომ გამოვედით მაყურებელთან, სცენიური ქმარიც და საყვარელიც ანიშნებდნენ მუცელზე, ჩემიაო... (იცინის)
ორსულის როლი ძალიან იშვიათია სცენაზე, მაგრამ უარს არსად მეუბნებოდნენ, რომ მემღერა... სასწაული შეგრძნება იყო: მახსოვს, სპექტაკლებზე როდესაც ვმღეროდი, იმ დროს ალესანდრო მუცელში ჩერდებოდა და როგორც სიმღერას შევწყვეტდი, მყისვე მოძრაობას იწყებდა. როგორც ჩანს სიმღერას სულგანაბული უსმენდა. ხომ ცნობილია რომ ბავშვს მუცელში ყველაფერი ესმის! მოძრაობით მაგრძნობინებდა რომ გამეგრძელებინა, რადგან მოსწონდა... მეცხრე თვის გადასაყარზე ვენის შტადსოპერის სპექტაკლზე უარი. ვთქვი. ჯულიეტას როლი იყო და უხერხული იყო ორსული ჯულიეტა.
- როდესაც ალესანდრო დაიბადა, შემდეგ სცენას მალე დაუბრუნდით?
- ალესანდრო მილანში დაიბადა... თბილისიდან საგანგებოდ ჩამოვიდა მამაჩემი და ალესანდროს დაბადებას, როგორც ჩემი მეუღლის ოჯახი, ასევე ჩემი ახლობლებიც ძალიან გულშემატკივრობდნენ... ბავშვის დაბადებიდან ორი თვის შემდეგ უკვე მადრიდში ვიყავით... ალესანდრო უკვე რამდენიმე თვის იყო, როდესაც მე სპექტაკლებს ვთამაშობდი და ბავშვი საგრიმიოროში მყავდა. ძალიან მეხმარება მამაჩემი. სამწუხაროდ, დედა ადრე გარდამეცვალა, ჯერ კიდევ ოცი წლის ვიყავი... მოგეხსენებათ, ჩემი მეუღლეც მომღერალია, მასაც ხშირად უწევს სხვადასხვა ქვეყნებში წასვლა და მამაჩემი ორსულობის დროსაც არ მიშვებდა მარტო, სულ თან დამყვებოდა... არაჩვეულებრვი დედამთილი და მამამთილი მყავს, რომლებიც ყოველთვის მზად არიან ბავშვი დაიტოვონ, მაგრამ ბავშვის გარეშე გაძლება არაფრით შემიძლია... როდესაც თავისუფალი დრო გვაქვს, მეუღლეც ჩამოდის ჩემს სპექტაკლებზე და მეც ჩავდივარ ბავშვთან ერთად... ერთი კურიოზიც შეგვემთხვა: ბერგმენში ჩემი მეუღლე მთავარ პარტიას მღეროდა და მე და ალესანდრომ ჩავაკითხეთ. მეორე სპექტაკლზე მთავარი როლის შემსრულებელი სოპრანო ავად გახდა, უცებ შემომხედეს და მთხოვეს, შენ თუ იმღერებ ამ პარტიაშიო... რასაკვირველია, დავთანხმდი, რეპეტიციის გარეშე გავედი სცენაზე და სპექტაკლი ჩავარდნას გადაურჩა.
- პატარა ასაკში უზარმაზარი ტკივილი გადაგიტანიათ... რა დაგეხმარათ დაგეძლიათ დედის დაგარგვით გამოწვეული ტკივილი?
- დედობა უპირველესად დედაჩემისგან ვისწავლე, რადგან მაგალითი იყო თავდადებული შრომით, თავგანწირვით... თავიდან ფორტეპიანოზე დავდიოდი, 8 წლისას აღმომაჩნდა სიმღერის ნიჭი და დედამ პედაგოგთან – დოდო დიასამიძესთან წამიყვანა. ქალბატონმა დოდომ მიგვიყვანა ნოდარ ანდღულაძესთან, რომელმაც გვირჩია სწავლა ვოკალის მიმართულებით გაგვეგრძელებინა. ოთხმოცდაათიან წლებში ტრანსპორტი არ დადიოდა, გაყინული იყო დარბაზები და დედა ყველგან თან დამყვებოდა. ყველაფერს აკონტროლებდა... ისე მოხდა, რომ თავის ჯანმრთელობას ვერ მოუფრთხილდა, გამოეპარა საყურადღებო რამ და მკერდის კიბოთი გარდაიცვალა... პედაგოგი იყო, მაგრამ მსახიობობა სურდა. ამიტომაც, როდესაც ჩემში სიმღერის ნიჭი დაინახა, ყველაფერი გააკეთა ჩემი წარმატებული მომავლისთვის... მხოლოდ თბილისის ოპერაში მოესწრო ჩემს გამოსვლებს... როდესაც დედა დავკრძალეთ, ვთქვი, რომ დედას სურდა მემღერა და ვიმღერებ-მეთქი... წავედი და ლა-სკალას აკადემიაში დიდ კონკურსში გავიმარჯვე, ჩავირიცხე სასწავლებელში და სწავლა გავაგრძელე... იქედან დაიწყო მსოფლიო სცენები...
- დღევანდელობას რომ დავუბრუნდეთ, მილანში ულამაზესი სახლი გაქვთ, მაგრამ იქ იშვიათად ხართ... ბავშვს როგორი რეჟიმი აქვს, ბაღში დადის?
- დიახ, საკმაოდ ლამაზი სახლია, მაგრამ სამწუხაროდ, წლის განმავლობაში რამდენიმე კვირა თუ ვახერხებთ მილანში ყოფნას. ალესანდროს ძალიან უყვარს თავისი სახლი და სულ ამბობს, დედა, სახლში წავიდეთო. იქ თავისი ოთახი და უამრავი სათამაშო აქვს... ბავშვი ბაღში დადის, როგორც ვახერხებთ. მაგალითად, ვენაში ვიპოვეთ იტალიური ბაღი და დადიოდა. სადაც კი ვპოულობთ იტალიურ ან ინგლისურ ბაღს, იქ დადის... ალესანდრო იტალიურად და ინგლისურად საუბრობს, ქართულად ყველაფერი ესმის და ცოტას საუბრობს კიდეც. ქართულად ესაუბრება ბაბუკოს და თავის მამიდაშვილს – ლიზიკოს.
გასულ ზაფხულს პეზაროში მქონდა სპექტაკლები. პეზარო ზღვაზეა და თბილისიდან მამაჩემი და ჩემი ძმიშვილი - ლიზიკო გვეწვივნენ, რომელიც ალესანდროზე ცხრა თვით პატარაა... მე ვმუშაობდი, ესენი ისვენებდნენ და ალესანდრო და ლიზიკო სულ ქართულად საუბრობდნენ...
- მკაცრი დედა ხართ?
- დიახ, საკმაოდ მკაცრი დედა ვარ! ვასწავლი, როდესაც რამეს ითხოვს, ჯერ თქვას – თუ შეიძლება და შემდეგ – მადლობა, აუცილებლად! მსურს თავაზიანი იყოს და ასეც არის!
მილანში რომ ჩამყავს ალესანდრო ექიმებთან კონტროლზე, თავისი ასაკის ბავშვებთან ყველაზე მაღალია და ყოველთვის უფრო დიდი ჰგონიათ. ამიტომაც დიდი პოპულარობით სარგებლობს ორი წლით უფროს გოგონებშიც...
დედობა ულამაზესი გრძნობაა და ასე რომ, უახლოეს მომავალში ალეს აუცილებლად ვაჩუქებთ დას ან ძმას! ახლაც ერთად ერთად ვართ ამერიკაში, მთელ ლოს-ანჯელესში მოფენილია აფიშები და ალესანდრო სიხარულით შეჰყურებს დედის ფოტოებს ქუჩაში...
მანანა გაბრიჭიძე