ჩეხი გოგონა ეკოლოგიური და ეკონომიური საფენების იდეით და შთაბეჭდილებები ქართულ რეალობაზე 29 წლის ჩეხი გოგონა იანა კოვალოვა საქართველოია გათხოვილი. 2 შვილის დედაა - 3 წლის ლუკასა და 1 წლის ანასი. რაც დედა გახდა, მას მერე გაიტაცა ბავშვების ჯანსაღი კვებისა და ჯანსაღად აღზრდის თემებმა. ამის შედეგია მისი გამოგონება - ეკოლოგიური და ეკონომიური საფენები ბავშვებისთვის, რომლებიც ირეცხება, და ასევე მისი შეხედულებები ბავშვების სწორად აღზრდაზე. ასევე საინტერესოა, რას ფიქრობს იანა ქართველი დედების მიდგომებზე, როგორ მოსწონს ქართული აღზრდა და ა.შ.
- დავამთავრე სოციალური და ჰუმანიტარული სპეციალობის ფაკულტეტი და მე-2 კურსიდან სამთვიან პრაქტიკაზე გამომაგზავნეს საქართველოში. ეს იყო 2009 წლის დასაწყისში. მაშინ ვმუშაობდი ორგანიზაციაში, რომელიც ეხმარებოდა ლტოლვილებს. თბილისში შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს. 2011 წელს დავქორწინდით და გადავედით საცხოვრებლად პრაღაში, სადაც მე ვმუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაციაში მენეჯერად - ვიყავი პასუხისმგებელი საქართველო- მოლდავეთის პროექტებზე. 2014 წელს დაიბადა ლუკა და ჩვენ გადავწყვიტეთ, დავბრუნებულიყავით საქართველოში.
- როგორი იყო პირველი შთაბეჭდილება? როგორ ცხოვრობთ ახლა? რა სირთულეები შეგხვდათ, რას ვერ შეეჩვიეთ?
- სიმართლე გითხრათ, საქართველო პირველივე ნახვით შემიყვარდა. ბევრი ვერ იგებს, თუ რატომ არ დავრჩით მე და ჩემი მეუღლე ჩეხეთში. ყოველთვის მინდოდა, რომ ჩემი შვილები გაზრდილიყვნენ ქართულ საზოგადოებაში, რადგან ძალიან ვაფასებ იმას, რომ საქართველოში მნიშვნელოვანია ოჯახი, მეგობრები. ადამიანები ყოველთვის მზად არიან დაეხმარონ ერთმანეთს. რა თქმა უნდა, არის რაღაცები, რასთან შეგუებაც რთულია, მაგალითად დაბინძურებული გარემო, არასაკმარისი სახსრები მშობლებისთვის... მაგრამ ყველაფერი ეს მოტივაციას მიმაღლებს და მიბიძგებს მოქმედებისაკენ.
ჩემთვის ნაცნობია ევროპული მხარდაჭერა მშობლებისა და ბავშვების მიმართ და ვხედავ, რომ ამ მხრივ საქართველოში ჯერ ბევრია სამუშაო. ეს არის ინფრასტრუქტურა ბარიერების გარეშე, უსაფრთხო და ხარისხიანი სათამაშო მოედნები, პარკები, სკვერები, სპეციალური ადგილები მშობლების შესაკრებად, გამოცდილების გასაზიარებლად. კაფეები, სადაც მოწყობილი იქნება საბავშვო კუთხე, co-working კუთხე დედებისთვის, რომლებსაც თან ჰყავთ ბავშვები, ხელმისაწვდომობა კონსულტანტებთან ძუძუთი კვების შემთხვევაში (საზოგადოებრივ ადგილებში)... ამიტომ მე და ჩემი მეგობარი მაიკო ბლოგიდან „მოდი ვითამაშოთ“, ხშირად ვხვდებით აქტიურ მშობლებს და ვმსჯელობთ, ვგეგმავთ, თუ როგორ ვიმოქმედოთ ამა თუ იმ შექმნილი სიტუაციის გამოსასწორებლად. თუ მკითხველისთვის საინტერესო იქნება - შემოგვიერთდით თქვენც.
- როგორი დედა ხართ და რა მეთოდებით ზრდით შვილებს?
- ხშირად მეუბნებიან, შენი შვილები გულსაბნევივით სულ თან დაგყავსო - ასეც არის, სულ ერთად ვართ. აქამდე ერთად გვძინავს, უმცროსს ხშირად ვატარებ სლინგით, ვაჭმევ ძუძუს უკვე 2 წელია. ვცდილობ ვუსმინო ჩემს დედურ ინსტინქტებს. ვიღლები, მაგრამ ვგიჟდები დედობაზე. რაც შეეხება აღზრდას, მე და ჩემი მეუღლე ბავშვებთან ვართ ძალიან მეგობრულად - ვცდილობთ ყველაფერზე მოვილაპარაკოთ, არ ვატყუებთ თოვლის ბაბუაზეც კი, ვაძლევთ მოძრაობის თავისუფლებას... ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ისინი იყვნენ დამოუკიდებლები პატარაობიდანვე. ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს კონტაქტი ჰქონდეთ ცოცხალ ბუნებასთან, რაც შეიძლება მინიმალური დრო გაატარონ ეკრანთან. სასეირნოდ მივდივართ ნებისმიერ ამინდში, უფლებას ვაძლევ ბავშვებს დაისვარონ ტალახში, იხტუნაონ გუბეებში, შეეხონ მწერებს. აკვირდებიან ბუნებას და უვითარდებათ ინტერესი.
- რა ენაზე საუბრობენ ბავშვები?
- მე ბავშვებთან ვურთიერთობ ჩეხურ ენაზე, ჩემი ქმარი და მისი ოჯახი - ქართულად, ასევე ბავშვებმა იციან რუსული ენა, რადგან ამ ენაზე ვურთიერთობთ მე და მეუღლე. ასევე გვყავს რუსულენოვანი მეგობრები.
- ახლა გვიამბეთ თქვენი ბიზნესიდეის შესახებ, როგორ დაიბადა იდეა და როგორ განვითარდა ეტაპობრივად?
- მეუღლის დახმარებით გავაკეთე ინტერნეტ მაღაზია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საბავშვო ეკოლოგიურ პროდუქციას - ეს არის მრავალჯერადი საფენები - პამპერსის ალტერნატივა. მრავალჯერადი საფენი შეკერილია ქსოვილისგან და გამოყენების შემდეგ ირეცხება. იდეა დაიბადა ჩემი უფროსი შვილის დაბადებისთანავე. მაშინ ჩეხეთში ვცხოვრობდით და ისევე როგორც ჩემმა იქაურმა მეგობრებმა, მეც დაუფიქრებლად ავირჩიე მრავალჯერადი საფენი. გადაწყვეტილება მივიღე ბავშვის ჯანმრთელობის, ეკოლოგიის და ფინანსური ეკონომიის გათვალისწინებით (ერთი კომპლექტი 300 ლარის ღირებულებისაა). ევროპასა და აშშ-ში მრავალჯერადი პამპერსით სარგებლობს ასი ათასამდე მშობელი - რაც საშუალოდ 15-20%-ია. ეს ტრენდი ბოლო წლებში უფრო და უფრო იზრდება. როდესაც შევიტყვე, რომ საქართველოში მშობლებმა არ იცოდნენ მრავალჯერადი საფენების შესახებ და არც იყიდებოდა არსად, მაშინ დაიბადა ჩემი იდეა - დამეწყო მათი გაყიდვა და პოპულარიზაცია. პროდუქციის ნაწილს - “BООBОО" (ბუბუ)-ს მარკით ჩემი ხელით ვკერავ. დედობის წყალობით დავუბრუნდი ჩემს ძველ ჰობის - კერვას, რაზეც წლებია არ მყოფნიდა დრო. დანარჩენ პროდუქციას იმპორტზე ვუშვებ. ჩემს საიტზე ვწერ ბლოგს თემებზე როგორიცაა: ჯანსაღი კვება, აქტიური ცხოვრება ბავშვებთან ერთად, ძუძუთი კვება, ეკოლოგია და ა. შ. მინდა, რომ „Ecobaby“ არ იყოს მხოლოდ მაღაზია, მინდა, რომ ეს გახდეს ადგილი, სადაც მშობლები იპოვიან შთაგონებას, გაუზიარებენ ერთამანეთს იდეებს და რჩევებს.
- მიიღეს ქართველმა დედებმა თქვენი ინოვაცია?
- იცით, ბევრი ინტერესდება, მეკითხებიან, მოსწონთ, მაგრამ ცოტამ გადაწყვიტა მისი შეძენა. როგორც ჩანს, პოპულარიზაციისთვის მეტი დროა საჭირო. მესმის, რომ ახალი ტიპის პროდუქციას შეჩვევა სჭირდება, ალბათ ჩემი მხრიდანაც უფრო აქტიური საინფორმაციო მუშაობაა საჭირო, რითიც მინდა დავკავდე უახლოეს პერიოდში. ასევე მინდა მომხმარებელს შევთავაზო მეტი ტანსაცმელი და აქსესუარი ბავშვებისთვის. ახლა ვმუშაობ ნატურალური ქსოვილების კოლექციაზე, ისეთი როგორიცაა ჩითი და ბამბუკი. ჩემი ოცნებაა გავხსნა მაღაზია კაფესთან ერთად, სადაც აუცილებლად იქნება საბავშვო კუთხე - ჯანსაღი საკვებით. ამავდროულად კაფე- მაღაზია იქნებოდა მშობლების თავშეყრის საყვარელი ადგილი.
ლელა ზურებიანი