ვაქცინაცია პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან დაცვის ეფექტური საშუალებაა 2017 წლის 1-ელი დეკემბრიდან თბილისსა და ქუთაისში, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკებში 2008-2009 წელს დაბადებული 9 წლის ასაკის გოგონების ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრა ყველასთვის უფასოა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ცნობით, ვაქცინაციისთვის საუკეთესო ასაკია 9-დან 14 წლამდე პერიოდი. სწორედ ამ ასაკში, სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე ჩატარებული ვაქცინაციის შედეგად ყალიბდება ძლიერი და ეფექტური იმუნური პასუხი.
„მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ვირუსით დაინფიცირება ძირითადად ხდება 25 წლამდე ასაკში და უმრავლესობა ინფიცირდება სქესობრივი ცხოვრების დაწყებიდან სულ მცირე დროში. ამ ასაკში ჩატარებული ვაქცინაცია ორდოზიანია აცრებს შორის მინიმალური ინტერვალით 6 თვე“, - აცხადებენ სპეციალისტები.
მათივე ინფორმაციით, აპვ ვაქცინა პრაქტიკულად უსაფრთხოა. აცრის შემდეგ, შესაძლებელია განვითარდეს ჩვეული გვერდითი მოვლენები (ინექციის ადგილის სიწითლე და მტკივნეულობა, ტემპერატურის მატება). ასეთი გვერდითი მოვლენები ხშირია და საშიში არ არის. აცრის შემდეგ რაიმე უჩვეულო მოვლენის განვითარების შესახებ უნდა აცნობოთ ექიმს.
სპეციალისტების განცხადებით, ვაქცინაცია პაპილომავირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის კიბოსაგან დაცვის ეფექტური საშუალებაა - ვაქცინირებულების თითქმის 95-100%-ს უვითარდება ანტისხეულების დამცველობითი ტიტრი. აპვ საწინააღმდეგო ვაქცინა ვირუსის იმ ტიპებს შეიცავს (ტიპი 16 და ტიპი 18), რომელიც ყველაზე მეტად არის გავრცელებული, ყველაზე ხშირად იწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს და გენიტალურ მეჭეჭებს. ვაქცინა ჯვარედინი მოქმედების მექანიზმით, ასევე უზრუნველყოფს დაცვას ვირუსის იმ ტიპებისაგან, რომელიც არ შედის ვაქცინის შემადგენლობაში.
ადამიანის პაპილომავირუსი წარმოადგენს რეპროდუქციული ტრაქტის ყველაზე გავრცელებული ვირუსული ინფექციისა და მთელი რიგი დაავადებების გამომწვევ მიზეზს, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ქალებს შორის მსოფლიოში ფიქსირდება:
- ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეული 630 000 კიბოს შემთხვევა, მათ შორის - 530 000 (84%) საშვილოსნოს ყელის კიბო.
- საშვილოსნოს ყელის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 266 000 შემთხვევა, რაც ქალებში კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 8%-ს შეადგენს.
- საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევათა 71% გამოწვეული იყო პაპილომავირუსის მე-16 და მე-18 ტიპებით.
- საშვილოსნოს ყელის კიბო სიმსივნურ დაავადებებს შორის სიხშირით მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში, ხოლო მეხუთე ადგილზე - ევროპის რეგიონში.
- ევროპის რეგიონში საშვილოსნოს ყელის კიბოს 67 000-ზე მეტი და 28 000 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.
რაც შეეხება საქართველოს, ექსპერტების განცხადებით, ონკოლოგიური დაავადებები კვლავაც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოს ჯანდაცვის სისტემისათვის, მიუხედავად საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინტერვენციებისა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ცალსახა პროგრესისა.
ბოლო წლების მონაცემებით, ქვეყანაში ყოველწლიურად საშუალოდ 200 ქალი იღუპება საშვილოსნოს ყელის კიბოთი, რაც კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის 2.7%-ს შეადგენს. საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა ქალთა შორის მესამე ადგილზეა ძუძუს და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს შემდეგ.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცნობიერებს, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო და ადამიანის პაპილომა ვირუსთან დაკავშირებული სხვა დაავადებები საერთაშორისო დონეზე მწვავე პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით და იძლევა რეკომენდაციას იმუნიზაციის ეროვნულ პროგრამებში ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩართვასთან დაკავშირებით.
ინტერპრესნიუსი