"ქუდს და კაშნეს რომ ვუკეთებთ და ვუფრთხილდებით არ გაგვიცივდნენ, ამ დროს საათობით პლანშეტთან ურთიერთობის უფლებას ვაძლევთ, რა ჰქვია ამ ჩვენს საქციელს?" იმაზე, თუ რა უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვის ფსიქიკასა და ფიზიკურ განვითარებაზე გაჯეტებსა და კომპიუტერზე დამოკიდებულებას, არაერთხელ დაგვიწერია. პრობლემა კვლავ აქტუალურია და არაერთი მშობელი ჩივის, რომ ვერ აცილებს ბავშვს კომპიუტერს, პლანშეტს თუ აიფონს და ეს სერიოზულ დაბრკოლებად ექცა. ბევრ მშობელს იმის აღიარებაც უჭირს, რომ ამ პრობლემის თავი და თავი თვითონ არის. ჯერ კიდევ მცირე ასაკში ბავშვის გასაჩუმებლად თუ რაღაცეებზე დასაყოლიებლად, თუნდაც ჭამაზე, ხშირად ვაჩეჩებთ ხელში მობილურ ტელეფონს თუ ვურთავთ კომპიუტერს.
ამჯერად ამ თემას ვრცელი პოსტი მიუძღვნა ბევრისთვის ცნობილმა, აქტიურმა დედიკომ მაია შერვაშიძემ, რომელსაც საკუთარი გვერდი აქვს - "მოდი ვითამაშოთ" - და მშობლებს ბევრ სხვადასხვა საშუალებას სთავაზობს, თუ როგორ გაართონ პატარები გაჯეტების გარეშე, როგორ გაატარონ მათთან ერთად დრო შინაარსიანად და მხიარულად.
ახლა კი მაიას პოსტი-მიმართვა:
"სამწუხაროა, რომ დღეს ამ თემაზე ამდენი ახსნაა საჭირო... ამას არც დიდი განათლება, არც ფილოსოფოსობა არ სჭირდება. ბუნებრივი, დედობრივი ინტუიციაც უნდა გვკარნახობდეს, სხვა თუ არაფერი, რომ კომპიუტერი, პლანშეტი თუ ტელეფონი მავნეა ბავშვის ჯანმრთელობისთვის. ვიცი, ძალიან ძნელია თავის დაღწევა, როცა უკვე ჩვევად იქცა ოჯახში, მაგრამ არ არის შეუძლებელი.
მე პირველ ბავშვზე შეცდომა მომივიდა, ვაღიარებ, სწორედ 3 წლამდე ვურთავდი ხშირად კომპიუტერს. ძალიან ვნანობ და მრცხვენია. თუმცა მალევე მივხვდი, მივიღე ინფორმაცია, რჩევა, დავინტერესდი, ჩავეძიე ამ თემას და შევცვალე დამოკიდებულება, ავკრძალე და მხოლოდ გარკვეული დოზით დავტოვე. დღემდე ვიბრძვი, არ ვნებდები. ბავშვს ყოველთვის უნდა, ეს ბუნებრივია, მაგრამ მშობელმა უნდა იყოჩაღოს და არ დანებდეს. უდიდესი ძალისხმევა მჭირდება, რომ გავარიდო ტვ-ს, კომპს და ტელეფონს, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვანად არაფერი მიმაჩნია. ქუდს და კაშნეს რომ ვუკეთებთ და ვუფრთხილდებით არ გაგვიცივდნენ, ამ დროს კი საათობით პლანშეტთან ურთიერთობის უფლებას ვაძლევთ, რა ჰქვია ამ ჩვენს საქციელს? დაფიქრდით, დაყარეთ და მიატოვეთ ყველა საოჯახო საქმე, გაიყვანეთ ბავშვები გარეთ, ეთამაშეთ, წაუკითხეთ, ატარეთ სპორტსა თუ წრეებზე, ნუ ვიმარტივებთ საქმეს, ვიფიქროთ ბავშვის ჯანმრთელობაზე!
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
{{ArticleSplitCont}}
აქვე ავღნიშნავ, რომ სამწუხაროდ სრულიად აკრძალული ვერ მაქვს, წლების მანძილზე შეთანხმებულები ვიყავით მე და ლეგა, რომ მხოლოდ ვიქენდზე ჰქონდა უფლება ყურების, ამ ვიქენდზეც მაქსიმალურად ვტვირთავდი და დავატარებდი აქეთ-იქით, ვეთამაშებოდი, ვიგონებდი ათას გასართობს, რომ დრო ამით გაეყვანა. ამ ბოლო დროს თვითონ მთხოვა წესების შეცვლა. ყოველდღე, მაგრამ სამაგიეროდ 15 წუთიო. დავთანხმდი და, როგორც წესი, ვიცავთ ამ პირობას, გამონაკლისების გარდა.
უმცროსთან, ნანასთან, იგივე შეცდომა აღარ დავუშვი. 3 წლის არის, ტელეფონში თამაში გამორიცხულია!!! კომპიუტერი ძალიან იშვიათად, როცა საგანგებო რამ ხდება. ტელევიზორს უყურებს ბებოსა და პაპას ოთახში (ჩვენ არ გვაქვს)! მულტფილმებს უყურებს და როგორც კი შევამჩნიე, რომ ცოტა შემოგვეჩვია ეს სენი და ზომაზე მეტ ხანს უყურა ამ ბოლო დროს, მაშინვე გამოვაცხადე ოჯახში, რომ ნანას მინიმალურზე დავუყვანოთ ტვ-ს ყურება.ხან დღეები ისე გავა, არ ვურთავთ, ხან - მეტ ხანს. მაგრამ ძალიან განვიცდი და სულ ვაკონტროლებ, სულ, მუდამ. ეს სულ ერთი არ არის ჩემთვის. ვისურვებდი, საერთოდ არ უყუროს არც ის ცოტა ხანი.
როცა მარტო არ ცხოვრობ, ძნელია, ბავშვის გარდა მთელი ოჯახიც რომ აღსაზრდელი და სახვეწარია და ყველა გებრძვის, ასე გამოდის. ბავშვებისთვის ცუდი ხარ, სხვებისთვის - უცნაური... არა უშავს, ვიყო, მე ხომ ვიცი, რომ ამით მათ ყველაზე ძვირფას რამეს, ჯანმრთელობას ვუფრთხილდები".
ასევე იხილეთ: 9 მიზეზი, რის გამოც ბავშვს პლანშეტი უნდა წაართვათ