ყველაზე მნიშვნელოვანი შეგონებები გოგონასთვის, რომ მის ცხოვრებაში ნაკლები იყოს იმედგაცრუება... - ყველა გოგოს დედის საკითხავი არა, არა, არ იღელვოთ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ყველა ცოცხალია. კეიტლინ მორანი ცნობილი ჟურნალისტი და მწერალია. მის კალამს ეკუთვნის წიგნები: „როგორ გავზარდოთ გოგონა“ და „რას ნიშნავს იყო ქალი“. აქვს არაჩვეულებრივი იუმორის გრძნობა, რაშიც თავადაც დარწმუნდებით.
ასეთი სახის წერილის დაწერა კი გადაწყვიტა კონკურსის გამო, რომელიც ეძღვნებოდა ეპისტოლარული ჟანრის აღორძინებას. კეიტლინს შეხვდა დავალება შემდეგი თემით: დაუწერეთ შვილს წერილი ისე, თითქოს მას მოუწია მისი წაკითხვა თქვენი გარდაცვალების შემდეგ. დავალება იყო რთული, დაუნდობელი, მაგრამ შემეცნებითი. კეიტლინმა წერილი უფროს შვილს დაუწერა, 13 წლის ლიზის (მას ორი გოგონა ჰყავს).
„ძვირფასო ლიზი, გამარჯობა. მე გარდავიცვალე და მაპატიე ამისთვის. იმედი მაქვს დაკრძალვამ კარგად ჩაიარა. იმედი მაქვს ყველაფერი ჩემი გეგმის მიხედვით გააკეთეთ, რომელიც 2008 წელს დავწერე (ავადმყოფობის დროს) და მაცივარზე მივაკარი. მინდა გითხრა ისეთი რამ, რაც უახლოეს წლებში გამოგადგება. ეს არის ამოუწურავი რჩევები, მაგრამ ამისთვის კარგი დასაწყისია. გარდა ამისა, მე დავაზღვიე ჩემი სიცოცხლე საკმაოდ სოლიდური თანხით და ანდერძით შენ დაგიტოვე. ასე რომ, დარეგისტრირდი eBay-ზე, შეიძინე ყველა ვინტაჟური კაბა, რომელიც მოგწონდა. შენ ყოველთვის ძალიან ლამაზი იყავი და გიხდებოდა კაბები.
მთავარია - იყო კარგი ადამიანი. შენ ისედაც არაჩვეულებრივი ხარ. უბრალოდ, მინდა ყოველთვის ასეთი კარგი იყო. თანდათან უმატე შენი მშვენიერების დონეს - წარმოიდგინე, თითქოს ხმის რეგულატორს ატრიალებ. შენი თავი დაარწმუნე იმაში, რომ მუდამ იბრწყინებ. მაშინ ადამიანებს გააბედნიერებს შენს გვერდით ყოფნა.
გახსოვდეს, რომ ათიდან ცხრა შემთხვევაში ნერვული აფეთქების თავიდან აცილება შეიძლება ფინჯანი ჩაითა და ორცხობილით. ოღონდაც ორცხობილა ცოტა მოზრდილი უნდა იყოს.
ისეთი მეგობრები შეარჩიე, რომლებთანაც თავს კომფორტულად იგრძნობ. ასეთ შემთხვევაში შენი ხუმრობა ადვილად აღიქმება მათ მიერ.
დაუმეგობრდი და მოუსმინე შენს სხეულს. არასოდეს იფიქრო, რომ არ გაგიმართლა მასში. მოეფერე და მადლობა უთხარი შენს ფეხებს იმისთვის, რომ შეუძლიათ სირბილი. დაიდე ხელები მუცელზე და ისიამოვნე იმით, რომ ის თბილი და რბილია.
აღფრთოვანებული იყავი იმ სამყაროთი, რაც შენშია და რაც საათის მექანიზმივით მუშაობს. ისე, როგორც მე გესაუბრებოდი, როდესაც ჩემს მუცელში იჯექი.
როდესაც საუბრისას არ იცი მოსაუბრეს რაზე ელაპარაკო, დაუსვი შეკითხვა და მოუსმინე მის პასუხს. ამ ყველაფრიდან შემდეგი დასკვნის გამოტანა შეიძლება: ცხოვრებაში თანდათან დაგიგროვდება გამოცდილება, რომელიც შემდეგ ანეკდოტივით შეგიძლია მოყვე.
ყველა სიძნელეს გადალახავ, თუ წარმოიდგენ, რომ შემდგომ ყველაფერს მოუყვები მეგობრებს.
საყვარელო, შეხვდი იმდენ აისსა და დაისს, რამდენსაც შეძლებ. ირბინე მინდორში, რათა შეიგრძნო ყვავილების სურნელი. გჯეროდეს, რომ შეძლებ სამყაროს შეცვლას.
ყოველდღე ესაუბრე მამას და ნენსის ჩემზე და არასოდეს დაიწყო მოწევა. ეს ემსგავსება პატარა საყვარელი დრაკონის შეძენას, რომელიც ნელ-ნელა გაიზრდება და დაანგრევს შენს სახლს.
მიყვარხარ. დედა."