"ადამიანს უნდა გქონდეს ამის ძალა და დრო, მთლიანად ბავშვისთვის გადადო თავი. დრო არ უნდა გენანებოდეს!" "ირგვლივ ძალიან ბევრი მზრუნველობამოკლებული ბავშვია და თუ მაინცდამაინც ადამიანს ბავშვი გინდა და არა შენი ეგოსიტური მხარის დაკმაყოფილება, რომ აუცილებლად მშობელი გახდე, შეგიძლია ისედაც დაეხმარო ბავშვებს, აიყვანო და მასზე იზრუნო"... - ამბობს მსოფლიოში წარმატებული ქართველი მხატვარი რუსუდან ფეტვიაშვილი. იგი თავის ბავშვობაზე, დედის როლსა და ოჯახურ დეტალებზე გვესაუბრა.
- დედის როლი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში! ყოველთვის ძალიან ვიყავი დედაზე მიბმული და ახლაც ისე ვარ! ალბათ იმიტომ, რომ მას ყოველთვის კარგად ესმოდა, რომ ხელოვანს თუნდაც პატარა, მაგრამ მყუდრო გარემოს შექმნა სჭირდება. ყოველთვის ახერხებდა, ვყოფილიყავი თავისუფალი და დამოუკიდებელი... დედას რომ ვთხოვდი, ოთახში ჩაკეტვა და მარტო მუშაობა მსურს-მეთქი, ვინც არ უნდა მოსულიყო სტუმრად, ჩემს ოთახში არ შემოუშვებდა. ხუთი და-ძმა ვიყავით, მილიონერები არასოდეს ვყოფილვართ. კერძო სახლი გვქონდა, გაურემონტებელი, დიდი ეზო გვქონდა და მთელი ნათესაობა ჩვენს ეზოში ხშირად იკრიბებოდა. მამაც მოქანდაკე იყო, რომლის ნამუშევრებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე იდგმებოდა. დედას მსგავსად მამაც ძალიან ხელს მიწყობდა: როდესაც ყველაფერი დეფიციტი იყო, მამა სულ ცდილობდა, კარგი ხარისხის ქაღალდები და მასალები ეშოვა.
- თქვენთან ძალიან ადრე მოვიდა პოპულარობა და გითქვამთ, რომ დედა გიცავდათ ბავშვი ამას არ დაეზარალებინეთ...
- დიახ... 6 წლის ასაკში პერსონალური გამოფენა მაქონდა. ქალბატონმა ელენე ახვლედიანმა გახსნა გამოფენა, კურატორი იყო თენგიზ მირზაშვილი... უზარმაზარი აფიშები იყო გამოკრული ფილარმონიის გარშემო. დედაჩემი სხვა გზით მატარებდა ხოლმე, ეს აფიშები რომ არ დამენახა. ამ გამოფენას მედიის მხრიდან ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მხოლოდ თბილისიდან კი არა, მოსკოვიდან და ლენინგრადიდანაც კი. დედაჩემი ძალიან მიცავდა, რომ ჩემს ყურამდე არ მოსულიყო ყველა ინფორმაცია. ამიტომაც ბევრი სტატია მოზრდილ ასაკში ვნახე... 12 წლის ასაკში უკვე პარიზშიც მქონდა გამოფენა. ძალიან დიდი ყურადღება იყო ჩემკენ მოპყრობილი. უამრავ სტატიასთან ერთად დაახლოებით 7-8 შთაბეჭდილების წიგნი ივსებოდა ხოლმე თითეულ გამოფენაზე. არასოდეს ამ შთაბეჭდილებების წიგნს არ მაკითხებდა, ტვირთი რომ არ ყოფილიყო ჩემთვის. ძალიან ძნელია ბავშვს ესმოდეს სიტყვა "გენიოსი" და ასეთები. შეიძლება ბავშვი გაიჭყლიტოს! რასაკვირველია, რაღაცები მესმოდა და დედაჩემი მეუბნებოდა, სულ გახსოვდეს, რომ არავისზე მეტი არ ხარ, არავისზე მაღლა და დაბლაო... თუ რამე ჯილდო გეძლევა, ის შეიძლება სასჯელადაც გადაიქცეს იმ შემთხვევაში, თუ სწორად არ მოეპყრობიო... დედის ასეთი დამოკიდებულება ძალიან გამომადგა! ადამიანი ძალიან ადვილად ვარდება ხიბლში ნებისმიერ ასაკში და ეს ძალიან ცუდია! ამიტომ ძალიან ფხიზლად ყოფნაა საჭირო, კალაპოტიდან არ ამოვარდე და ფეხქვეშ მიწა არ გამოგეცალოს!
იხილეთ რუსუდან ფეტვიაშვილის სახლი
- გაგიმართლათ და მეუღლეც ისეთი შეგხვდათ, რომელიც თქვენი ნიჭის დიდი დამფასებელია და ყოველმხრივ გეხმარებათ... როგორც ვიცი თქვენი იმეილების გაგზავნასაც კი თავის თავზე იღებს...
- დიახ, ნამდვილად ასეა... ღიმილის მომგვრელია ის ფაქტი, რომ იმეილების წერა ორივეს ძალიან გვეზარება. ძალიან დიდი ომია ზოგჯერ თუ რომელმა დავწეროთ და ხანდახან წლობით დევს წერილები, რომლებზეც აუცილებელია პასუხის გაცემა! მე კომპიუტერთან ძალიან იშვიათად ვარ, მეუღლესაც თავის სამე აქვს, მაგრამ ნამდვილად მეხმარება შეძლებისდაგვარად. ძალიან მხარში მიდგას, მას ვეყრდნობი და ჩემი იმედი არასოდეს გაუცურებია. იმედი მაქვს მრეც ასე ვარ მის მიმართ...
- ვიცი, რომ გსურთ გყავდეთ შვილი, თუმცა პირადად თქვენ არ გსურთ სუროგაცია და მსგავსი მეთოდები...
- ეს ცოტა რთული საკითხია ჩემთვის... ირგვლივ ძალიან ბევრი მზრუნველობამოკლებული ბავშვია და თუ მაინცდამაინც ადამიანს ბავშვი გინდა და არა შენი ეგოსიტური მხარის დაკმაყოფილება, რომ აუცილებლად მშობელი გახდე. შეგიძლია ისედაც დაეხმარო ბავშვებს, აიყვანო და მასზე იზრუნო... თუმცა ბავშვის აყვანაც ადვილი არ ყოფილა. ერთი პერიოდი მაინტერესებდა და აღმოჩნდა, რომ უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული. გასაგებია, რომ ყველა ბავშვის უფლება დაცული უნდა იყოს... ჩემი დამოკიდებულებაა ასეთი სუროგაციის მიმართ, თორემ სხვებს არ განვიკითხავ. ვისაც როგორ უნდა, ისე უნდა მოიქცეს! მე არ გამაჩნია ის ამბიცია, რომ მე უნდა ვიყო აუცილებლად დედა!
- ირინა სარიშვილმა თქვა რომ რთულია ჯანმრთელი ბავშვის აყვანა, მაგრამ უამრავი ბავშვია რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და მათი შვილად აყვანა ადვილად ხდება...
- მაშინ ადამიანს უნდა გქონდეს ამის ძალა და დრო, მთლიანად ბავშვისთვის გადადო თავი. დრო არ უნდა გენანებოდეს! სანახევროდ ვერ იქნები მშობელი! ზოგს შეუძლია, ასეთი საპასუხისმგებლო ტვირთი აიღოს და ზოგს არა... მე ამჯერად იმდენად ბევრი პრობლემები დამატყდა თავს, რომ არ მგონია, მაგის ძალა მქონდეს! ჩემს ძალებს აღემატება, ბავშვები მოსავლელად ავიყვანო!
მანანა გაბრიჭიძე