"ამაზე დიდი საქმე რა უნდა გავაკეთო? თუ უფლის ნება იქნება, პირადი ცხოვრება აუცილებლად მოვა" ნანა ჯინჭარაძე 22 წლის იყო, როცა მის უფროს ძმას მოულოდნელად მეუღლეს გარდაეცვალა. ერთი თვის ძმისშვილის აღზრდა ნანამ საკუთარ თავზე იტვირთა... მას შემდეგ 10 წელი გავიდა. ნოდიკო უკვე დიდია და გამზრდელ მამიდას დედას ეძახის, რადგან ყველაზე მეტად უყვარს. მამიდას და ძმიშვილს ერთმანეთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. ნანას გააზრებული აქვს, რომ ალბათ საკუთარი შვილებიც ეყოლება ოდესმე, მაგრამ მისი თქმით, შვილები ძმის შვილზე მეტად ნადვილად არ ეყვარება.
- 22 წლის ვიყავი, როცა ნოდიკო დაიბადა. მშობიარობიდან მეორმოცე დღეს დედამისს გაჟონვა დაემართა და საავადმყოფოში მოხვდა. ყველა მასთან იყო - დედამისი, დედაჩემი, ჩემი დები... ნოდიკო ჩემს ხელში აღმოჩნდა. დამიტოვეს, რომ მომევლო, სანამ დედა გამოჯანმრთელდებოდა. აქამდე დედამისს გაუკეთდა ოპერაცია, ხუთი თვე იწვალა, მაგრამ ვერ გადაიტანა და გარდაიცვალა... ყველა შოკში ვიყავით, არადა, ნორმალური ორსულობა და მშობიარობა ჰქონდა, არაფერი აწუხებდა... ასე დავრჩი მარტო ნოდოსთან. საერთოდ არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა ბავშვისთვის - პირველად აღმოვჩნდი ასე პატარასთან პირისპირ. ყოველდღიურად ჩემით ვსწავლობდი, რა უნდა გამეკეთებინა. მასთან ერთად ვისწავლე ბევრი რამ, უკვე წლებია, მასთან ერთად ვსწავლობ ცხოვრებას...
დედამისის გარდაცვალების მერე მივხვდი, რომ მის აღზრდაზე, განვითარებაზე უნდა ამეღო პასუხისმგებლობა...
- ოჯახის სხვა წევრებს არ ჰქონიათ მცდელობა, ბავშვის აღზრდა თავის თავზე აეღოთ?
- არა, იცით რა არის, ის ხუთი თვე, სანამ დედამისი იბრძოდა სიცოცხლისთვის და ყველა მასთან იყო, მე უკვე ისე მივეჩვიე ამ პატარას, იმდენი სითბო და სიყვარული ჩავდე მასში და ისე შემიყვარდა, თავადაც აღარ გამჩენია სურვილი, ვინმე სხვისთვის გადამებარებინა მისი მოვლა და აღზრდა. ძალიან შევეჩვიე. სხვას, თუნდაც ჩემს დას რომ მოეკიდა ხელი, არ მომწონდა და ვეჭვიანობდი. მეგონა, რომ მე სულ სხვანაირად მოუვლიდი. ჩემს დას ჰყავს შვილები, მაგრამ რომ ვუტოვებდი, მეგონა ისე ვერ გაუკეთებდა რაღაცას, როგორც მე ვუკეთებდი.
ასევე იხილეთ: ნამდვილი ამბავი ერთი ქართველი დედისა
- მე ვიცი, რომ ნოდიკომ თქვენი ცხოვრების მიმართულებაც შეცვალა და მთლიანად მასზე გადაერთეთ...
- მე არ ვთვლი, რომ რამე შევწირე მას მსხვერპლად ან დავთმე მის გამო პირადი ცხოვრება, როგორც ზოგიერთი მეუბნება. უბრალოდ, მან ცხოვრება სხვა თვალით დამანახა. რაც პატარა უსუსური ნოდიკო ავიყვანე ხელში, რაღაცები ჩემთვის მეორეხარისხოვანი გახდა. იმ დროს დიზაინის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, თუმცა სწავლასაც თავი დავანებე. დროც აღარ მქონდა და იმდენად აღარც მაინტერესებდა. ძალიან გადავერთე ბავშვზე. რაც ამას უხაროდა, მეც ის მახარებდა. დღესაც ასე ვარ...
- როგორც ვიცი, დედას გეძახით...
- კი, დედას მეძახის, მაგრამ იცის, რომ დედამისი არ ვარ. იცის, რომ დედა გარდაეცვალა და მე მამიდა ვარ. თუმცა აქვს ეს მოთხოვნილება, რომ დედა დამიძახოს. ყველას ეუბნება, ისე ძალიან მიყვარს მამიდა, მინდა დედა დავუძახოო. პირველად რომ დამიძახა დედა, გული ამიჩქარდა, ვერ წარმოიდგენთ, ისეთი რეაქცია მქონდა. რაღაც სხვანაირად ვიგრძენი თავი, შემრცხვა თუ რა იყო, არ ვიცი... 4-5 წლის იყო მაშინ... ვკითხე, დედა რატომ დამიძახე-თქო. დედასავით მიყვარხარ და მაგიტომო. სხვა ბავშვები ეძახიან დედას და მეც მინდა, რომ დაგიძახოო... იმის მერე დედას მეძახის. ჩემი მეგობრები ეხუმრებიან, დედას რომ ეძახი, ვეღარ გათხოვდებაო.
- ახლა რამდენი წლის არის?
- დეკემბერში 10 წლის გახდა. მთელი გულით გეუბნებით, ვერ წარმომიდგენია, ვინმე ამაზე მეტად მიყვარდეს. ღამეც ვერ ვრჩები ნოდოს გარეშე. მართალია, არ ვიცი, როგორია დედა-შვილური სიყვარული, მაგრამ ამაზე დიდი სიყვარული რა შეიძლება იყოს, არ ვიცი.
- პირადი ცხოვრების აწყობაზე გიფიქრიათ?
- იმედია არ გამიბრაზდებიან ჩემი მეგობრები ამ სიტყვებზე, მაგრამ ჩემი ცხოვრება მართლა მეორეხარისხოვანია ამ ეტაპზე. მომავალში რა მოხდება, არ ვიცი, წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი. აქამდე კიდევ რაღაცას ვფიქრობდი, მაგრამ რაც დრო გადის, ამაზე უფრო ნაკლებად ვფიქრობ.
- მამა ჩართულია ბავშვის აღზრდაში?
- დიახ, რა თქმა უნდა. მის გარეშე ჩვენ ნაბიჯსაც არ ვდგამთ. ძალიან დიდი რიდი აქვს მამის და ყველაფერს უჯერებს.
- ახლობლები რას გეუბნებიან, როცა ხედავენ, რომ თქვენს ცხოვრებას მთლიანად ძმის შვილს უძღვნით?
- პირველი კითხვაა, რომ კარგია ძმიშვილი, მაგრამ პირად ცხოვრებას როდის უნდა მივხედო? თავიდან ვბრაზდებოდი, ახლა აღარ ვაქცევ ყურადღებას. ჰგონიათ, რომ ამ გადაწყვეტილებას ნოდოს გამო არ ვიღებ, მაგრამ ასე არ არის. ნოდო არანაირ პრობლემას არ მიქმნის. მე რომ მინდოდეს, გავაკეთებ. უბრალოდ მე თვითონ მიხარია ის, რასაც ვაკეთებ. ვარ ბედნიერი, რადან ნოდო ჩემთან არის კარგად. ჰყავს ძალიან კარგი სამეგობრო წრე და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ გარემოში იზრდება. მან და მასთან ერთად ყოფნამ ბევრი რამ მასწავლა, ბევრი კარგი ადამიანი გამაცნო და ცხოვრება სხვანაირად დამანახა.
- დედას თუ ახსენებს?
- კი, როგორ არა. ყოველ დაბადების დღეზე, გარდაცვალების დღეს მივდივართ საფლავზე. ისეც, როცა დრო აქვს, ხშირად დამყავს დედამისის საფლავზე. სულ მეკითხება, როგორი იყო, რა უყვარდა. ვეუბნები, რომ გრძელი თმა ჰქონდა და ძალიან ლამაზი დედა ჰყავდა.
- ალბათ უცხო გარემოშიც გექმნებათ უხერხული მომენტები...
- პედიატრთან მივიყვანე ერთხელ და იქ შემოვიდა ფსიქოლოგი, რომელსაც დედა ვეგონე. პედიატრმა აუხსნა სიტუაცია და უთხრა, რომ მამიდა ვიყავი. გაკვირვებული თვალებით შემომხედა ფსიქოლოგმა: რა, დღეს ეგეთებიც ხდებაო? ზოგადად, ყველა დადებითად ხვდება ამ ფაქტს და უხარიათ.
- საჭიროების შემთხვევაში სიმკაცრის გამოჩენა ხომ არ გიჭირთ?
- არ მახსენდება შემთხვევა, რომ ძალიან მკაცრად მოვქცეოდი. გვაქვს შეთანხმება, რომ ვთხოვ, უფრო მიგონებს. ჩხუბით არაფერს არ გააკეთებს, მოფერებით და თხოვნით ყოველთვის ვიღებ სასურველ შედეგს.
- ალბათ გიფიქრიათ იმაზე, რომ თქვენი საკუთარი შვილიც გეყოლებათ...
- რა თქმა უნდა, მიფიქრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ერთმანეთისგან ვერ გავარჩევ. მთავარი არ არის, ბიოლოგიურადაა თუ არა ის შენი შვილი, მთავარია ამაგი და სიყვარული, რომელსაც მასში დებ.
ხშირად რაღაცეებსაც ვეკითხები და მისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობ. არ ვიცი, ნოდო რომ არ მყოლოდა, დღეს როგორი ვიქნებოდი. ამაზე დიდი საქმე რა უნდა გავაკეთო? თუ უფლის ნება იქნება, პირადი ცხოვრება აუცილებლად მოვა.
მერი ბლიაძე