"ეს ვთქვი და მეხუთე ბავშვს გული გაუჩერდა... მეუღლე, რომ არა, მე ამ ტრავმას ვერ გადავიტანდი. მეუღლე უფლის გამოგზავნილია ჩემთან" მსოფლიოში წარმატებული ქართველი მხატვარი ეკა ფერაძე ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს... თავბრუდამხვევ წარმატებებთან ერთად მას პირადი ცხოვრებაც აწყობილი აქვს - ხუთი შვილის დედაა. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს, ვრცელ და გულახდილ ინტერვიუზე დაგვთანხმდა...
- ღმერთს ვთხოვდი, იმას გამაყოლე, ვისთანაც ბედნიერი ვიქნები-თქო და ამისრულდა კიდეც. ერთხელ ვუნახავვარ ჩემს მეუღლეს სანაპიროზე, სადაც მხატვრები არიან. ვსეირნობდი და ჩემი მომავალი მეუღლეც იქვე ყოფილა. თურმე თავის მეგობარს უთხრა, ეს გოგო ჩემი ცოლი გახდებაო. ერთი წლის შემდეგ ღმერთმა დაგვაკავშირა ერთმანეთს ზუსტად 30 დეკემბერს. სტუმრად მოვიდა ჩემთან დიდი ცოცხალი ნაძვის ხით და სუფრა გავშალეთ მე და დედამ სტუმრისთვის... მამა 13 წლისას გარდამეცვალა და ამიტომ მამამ ვერ გაიცნო. სამწუხაროდ, დღეს დედაც აღარ მყავს. დედა თანახმა იყო, ადრე გავთხოვილიყავი, რადგანაც გული აწუხებდა და სულ ნერვიულობდა, რომ მინდა მოვესწრო შენს ბედნიერებასო. მე რომ აღარ გეყოლები, არ ვიცი რა ბედში ჩავარდებიო, წუხდა და ეს იყო მიზეზიც, გადაწყვეტილება რომ ნაადრევ ასაკში მივიღე... იმ საღამოს ვისაუბრეთ, ყველა გავერთეთ და შემდეგ დაგვპატიჟა. 31 დეკემბერს ახალ წელს ჩემთან შევხვდეთო და ჩვენც დავთანხმდით. ახალ წელს მის სტუმრებთან ერთად შევხვდით, ვისიამოვნეთ და ღამის 2 საათზე ჩემს მომავალ მეუღლესთან ერთად გარეთ გამოვედით სასეირნოდ. მახსოვს რა ლამაზად თოვდა, გუშინდელი დღესავით გვახსოვს ორივეს ის წუთები. მითხრა, რომ არ ვიცნობდით ერთმანეთს, მაგრამ გული გვკარნახობდა, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვიყავით დაბადებული. ხელი იმ ღამესვე მთხოვა. მე ვუთხარი დანიშნული ვარ და არ შემიძლია-მეთქი, თუმცა ძალიან მომეწონა ყველანაირად. ბევრი არ გააგრძელა და დავბრუნდით სახლში. სახლის კარებთან უცხო ძაღლი დაგვხვდა. უცებ ვიგრძენი, რომ ეს რაღაც ნიშანი იყო. გათენდა პირველი იანვარი და დავიშალეთ. ორ იანვარს - ბედობას დაგვპატიჟეს, ისევ რომ გაგვეგრძელებინა საახალწლო ზეიმი... აი, აქ მოხდა ცვლილება ჩემს ცხოვრებაში,რომლის მსგავსი არ მგონია ვინმეს გადახდენოდეს... შევდივართ სახლის ეზოში და შემდეგ, სანამ ოთახში შევედით, კარებში თეფში იდო და გვითხრეს, გატეხეთო, ჩვენც გავტეხეთ... მე ვერ მივხვდი ამ დროს რა ხდებოდა. კარები რომ გავაღეთ, უამარავი ხალხი იჯდა. ჩვენც შევედით და დავსხედით, დედაც ჩემთან ერთად იყო. დაიწყეს ქეიფი და ხალხი გვილოცავდა მე და ჩემს მეუღლეს ოჯახის შექმნას. დედაჩემს გადავხედე და ვხედავ გული მისდიოს (ძალიან წყნარი ადამიანი იყო. ჩემი მეუღლე ამბობს ანგელოზი იყოო). ამ დროს ჩემმა მეუღლემ ბეჭედი ამოიღო და თითზე გამიკეთა. ისე სწრაფად ხდებოდა ყველაფერი, ანალიზს ვერ ვასწრებდი და არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა. ჩემთვის დრო გაჩერებული იყო და ჩემი მეუღლე აჩქარებული კადრივით იყო ჩემს ცხოვრებაში. არც არავინ მეკითხებოდა, თანახმა ვიყავი თუ არა. ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო. გულის სიღრმეში შემიყვარდა ჩემი მეუღლე და მინდოდა მასთან გამეტარებინა ჩემი დარჩენილი ცხოვრება. ასე დავრჩი იმ დღეს - 2 იანვარს, ბედობას ჩემს მეუღლესთან. უკვე 28 წელია ერთად ვართ და ყოველდღე უზომოდ გვიყვარდება ერთმანეთი.
- როგორ იხსენებთ იმ ემოციებს, პირველი შვილი რომ შეგეძინათ?
- პირველივე წელს შეგვეძინა ვაჟიშვილი - ჯაბა. ეს საოცრება იყო ჩემთვის. მეც თითქმის ბავშვი ვიყავი, მაგრამ ტკივილით გავლილი გზა მქონდა... მამა რომ დამეღუპა, 13 წლის ვიყავი, დედა სულ ცუდად იყო და საავადმყოფოში ხშირად ხვდებოდა. მას 13 წლიდან ვუვლიდი. თან სკოლაში დავდიოდი და წარჩინებული მოსწავლე ვიყავი. კერამიკის ქარხნები იყო მაშინ და ცოტას ვმუშაობდი კიდეც, თავი რომ შეგვენახა. ყოველთვის მსურდა დამოუკიდებელი ვყოფილიყავი. ძალიან ვწუხვარ და მეტირება, ის ყველაფერი რომ მახსენდება. 13 წლის ბავშვი მამას საფლავზე მუხათგვერდში ყოველდღე ფეხით დავდიოდი. ამიტომ ვეღარ ჩამოვდივარ საქართველოში. ტკივილი უფრო მეტი მახსოვს...
იხილეთ ეკა ფერაძის ნახატები, რომლებმაც მსოფლიოში გაუთქვეს სახელი
90-იანი წლები იყო და ქვეყანაში არაეულობა დაიწყო, ჩვენ მალევე შეგვეძინა მეორე ვაჟი - გიორგი. დღეს გიორგი საკმაოდ წარმატებული სპორტსმენია გერმანიაში და შესაძლოა საქართველოს სახელით 2020 წელს ოლიმპიადაზეც გავიდეს. ეს მისი სურვილი იყო. ჩემი მეუღლე საოცარი ადამიანია. იმ დღიდან, როცა გავყევი, არ მახსოვს ჩვენზე არ ზრუნავდეს.არასოდეს ისვენებს, სულ მუშაობს და ოჯახს სულ გვერდით უდგას! მეორე ბავშვი რომ შეგვეძინა, აღარ იყო წყნარი ცხოვრება საქართველოში და მეუღლემ მითხრა, უცხოეთში წავიდეთ, შენი ხელოვნება რომ განავითარო და ბავშვებს წყნარი მომავალი მოვუმზადოთო... 1995 წელს წამოვედით გერმანიაში. ჩემი შვილები ძალიან თბილი ბავშვები არიან, აგრესია არ იციან რა არის... 3 ვაჟი გვყავდა და ამასობაში წლებიც მიდიოდა. 15 წლის შემდეგ დავითის დაბადების დღიდან, გადავწყვიტეთ ბავშვი კიდევ გაგვეჩინა. ღმერთს გოგოს ვთხოვდი, ძალიან მინდოდა, ქალიშვილი მყოლოდა და დაიბადა - ამადეუს-სალვადორე… ქართული სახელები ჩვენს სამ ვაჟს ერქვა, მეუღლემ თქვა, მოდი, ამ ბავშვის სახელი ხელოვნებას დაუკავშიროთო და ასეთი სახელი შევურჩიეთ...
როგორც მოგახსენეთ, ქალიშვილი ძალიან მსურდა.. დავფეხმძიმდი მეხუთე ბავშვზე და ღმერთს სიტყვა მივეცით, სქესი წინასწარ არ გაგვეგო. ღმერთს მივენდეთ და თანახმა ვიყავით, მთავარი იყო ჯანმრთელი ბავშვი ყოფილიყო... ერთი პერიოდი გოგონას აყვანაზე ვსაუბრობდით. გაჭირვებული ბავშვის აფრიკიდან წამოყვანა მსურდა, მაგრამ საკმაოდ რთული პროცედურები იყო გასავლელი. სანამ ბავშვს ავიყვანდით, შესაძლოა დავბერებულიყავით კიდეც... სამი თვის ფეხმძიმე რაღაცაზე ვიყავი ნაწყენი და გაბრაზებულმა ვთქვი, თუ ბიჭი იქნება, არ მინდა, ამდენ კაცებს გივლიდეთ-მეთქი. ეს ვთქვი და, მეხუთე ბავშვს, რომელიც უნდა დაბადებულიყო, გული გაუჩერდა... ძალიან ვწუხვარ, არ ვიცი ვინ იყო. მეუღლე, რომ არა, მე ამ ტრავმას ვერ გადავიტანდი. მეუღლე უფლის გამოგზავნილია ჩემთან და სულ მეუბნება, მე შენს მოსავლელად გამომაგზავნეს, მონა ვარ შენი და სამყაროსიო... საბედნიეროდ, ძალიან მალე ისევ დავფეხმძიმდი. როცა შემოწმებაზე მივედი, ექიმმმა მითხრა, ქალბატონო ეკა, შეძლებია თქვენს მეუღლე ქალიშვილებიცო... იმ წამს დამიბნელდა ყველაფერი, თვალებიდან ცრემლების ტალღები წამომივიდა და ყურებში ჩამდიოდა. ეს იყო რაღაც საოცრება, ათჯერ გავამეორებინე, ხომ არ გეშლებათ რამე-მეთქი... ასე დაიბადა კიდევ ჩემი ერთი ძვირფასი - მატილდა. ეს ის ადამიანია, რომელსაც მთელი ცხოვრება ველოდი. ასეთი წყნარი და მშვიდი არც ერთი ბავშვი არ მყოლია... მეუღლემ დამანახა ასეთი სურათი: ხომ წარმოგიდგენიათ, მილიონობით სპერმატოზოიდები დარბიან და იბრძვიან გამოსვლაზე. ეს ეტყობა კარებთან იდგა, როცა კარები გაიღო და ვიღაცა შემთხვევით დაეჯახა და შემოვარდაო, თორე არ მგონია, ებრძლაო იმ ბიჭებზე მაგრადო. ეს სურათი დამანახა და ძალიან მინდა დავხატო. ახლა რომ ვუყურებთ ხოლმე მატილდას, ერთმანეთს ვეუბნებით, ეს ის არის, კარებთან რომ იდგა? - მოკლედ, ბევრი ვერსია განვიხილეთ, თუ როგორ მოხვდა მატილდა ამ სამყაროში. რადგანაც ჩემი მეუღლე თვლის თავის თავს ოჯახის მონად და სამყაროს მონად, გადაწყვიტა, ბოლომდე იბრძოლოს ბავშვებისთვის და სამყაროში დავტოვოთ ბევრი ბავშვი. ძალიან მინდა და ვისურვებდი კიდევ 2 ტყუპ ქალიშვილს. ჩვენ ამაზე არ ვჩერდებით და კიდევ ვგეგმავთ რამდენიმეს. შევქმენით ჩვენი სამყარო და ძალიან ბედნიერები ვართ...
- როგორ ახერხებდით წარმატებულ მოღვაწეობას და ოჯახის მიხედვას უცხო ქვეყანაში?
- ეს რთულია, მაგრამ სასიამოვნო. მე დიდი ოჯახი მაქვს და ამის შესაძლებლობას ყველა ოჯახის წევრი მაძლევს. ხელის გულზე მატარებენ. ჩვენ აღარ ვსაუბრობთ თუ რა უნდა გავაკეთოთ, უკვე გონებით ვურთიერთობთ. თვითონ ვგეგმავთ მომავალს, ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ერთი ორგანიზმი გავხდით ყველა... ბიჭები ხელის გულზე გვატარებენ. მეუბნებიან, შენ რომ სიცოცხლე გვაჩუქე, ჩვენ - ჩვენს დროს გაჩუქებთო. ეს საოცრებაა. მოდით და ამ სიტყვების მერე მომავალ შვილებზე არ ვიფიქრო. ვიცი, რომ დიდი ვიქნები მომავალი ჩემი შვილებისთვის და ცოდოებიც არიან, მაგრამ მინდა სიცოცხლე ვაჩუქო ადამიანებს. არაუშავს გადაიტანენ როგორმე და მაინც მადლობას გვეტყვიან. მე ხომ მათ მომავალს მაინც დავინახავ ჩემს აზრებში, სანამ ცოცხალი ვიქნები.
ამ თემაზე მე და ჩემი მეუღლე ძალიან ბევრს ვმუშაობთ, ჩანაწერებს ვაკეთებთ და სურვილი გვაქვს მომავალში წიგნიც გამოვუშვათ. თუ როგორ შეიძლება დროის გაჩერება... ძალიან ადვილია და მერწმუნეთ, შესაძლებელია თქვენში 10 ადამიანი იყოს. დროს წერა უნდა. წინასწარ უნდა დაგეგმოთ მომავალი. თუნდაც ერთი დღე. უნდა დაინახოთ თქვენი მომავალი, უნდა იმოგზაუროთ მომავალში. აუცილებლად განსაზღვრავს წარსული თქვენს მომავალს. 17 წლის ვიყავი, როცა პირველი შვილი შემეძინა. 42 წლის ვარ და მე-5 შემეძინა. მე ისევ 17 წელში დავბრუნდი. ისევ იმას ვიმეორებ ანალოგიურად, რასაც 17 წლისას ვაკეთებდი. ეს ძალიან მარტივი მაგალითია. მე ჩემებურ დროს ვადგენ. წარსულს ძალიან ვიყენებ მომავლის დაგეგმარებაში. ჯერ უნდა გავერკვიო მომავალში რა მინდა. მე ზუსტად იმ 50% ვის ვმოქმედებ რომელიც შეიძლება იყოს ჩემთვის ან იმ წამში გავჩერდე, სადაც ვარ და სადაც მსიამოვნებს ყოფნა. იმედია მინიმალურად ავხსენი ჩემი პირადი დრო. დროს უბრალოდ არ ვკარგავ და ესეც ადვილია ძალიან.
- რამდენად იცნობენ თქვენი უცხოეთში აღზრდილი შვილები საქართველოს, ქართული კარგად იციან?
- ეს ძალიან მტკივნეული თემაა ჩემს ოჯახში. სიმართლეს გეტყვით, ჩემმა უფროსმა შვილმა ჩემზე მეტი იცის საქართველოს ისტორია, ვიდრე მე. სამწუხაროდ, ძალიან პატარამ დავტოვე საქართველო და ბევრი არაფერი მინახავს. მხოლოდ საქართველოზე კითხულობს ჩემი ვაჟიშვილი და იღებს განათლებას. ყველას ძალიან უყვარს საქართველო და იმაზეც მიდის ოჯახში საუბარი, რომ ყველა ჩამოვა საქართველოში, ცოტა ასაკში რომ შევლენ. სიამრთლე გითხრათ, ეს მამის დამსახურებაა. 25 წელია გერმანიაში ვართ და არ შეუძლია აქ ცხოვრება. ყოველთვის იძახის, ეს ჩემი არ არის, არც იქნება და მადლობა უფალს, არც მინდაო. მე დღეს ეს უნდა ავიტანო თქვენი გულისთვის, ეს არის ჩემი ჯვარიო - ასეთი პასუხები აქვს ყოველთვის. ყოველთვის ვაწვდით ბავშვებს შედარებას ქართული სულის ადამიანებსა და სხვა ერებს შორის. დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენი ერი დედამიწაზე ყველაზე ძვირფასი და კარგია. ჩვენ ოჯახში მხოლოდ ქართულად ვსაუბრობთ. ქართული ტრადიციებით ვზრდით, ქრთულ სიყვარულს ვუნერგავთ, რადგანაც სხვა სიყვარული არ ვიცით ჩვენ და არც არსებობს უკეთესი. ასევე დაოჯახებას აპირებენ მხოლოდ ქართველ მანდილოსნებზე. სხვა ერის არ სურთ. როცა ჩამოდიან საქართველოში ისინი გრძნობენ იმ დიდ სიყვარულს, რასაც იღებენ საქართველოში...
- თქვენ თუ გსურთ, რომ დაბრუნდეთ სსაქართველოში ოჯახით?
- სიმართლეს გეტყვით. პატარამ დავტოვე საქართველო, ვარ საკმაოდ წყნარი და მიყვარს სიწყნარე. აქ სტაბილური ცხოვრებაა და შიში არაფრის არ მაქვს. შიშზე ფიქრით დროს არ ვხარჯავ. მე მომწონს ასეთი წყობა, დალაგებული. თუ იქნება საქართველო ასე, სიამოვნებით დავბრუნდებოდი, მაგრამ ჯერ ის არ არის, სადაც მე შევძლებდი ცხოვრებას. თუმცა ყველა გამოფენაზე, ყველა სამხატვრო ბაზაში ვაფიქსირებ მხოლოდ საქართველოს და საქართველოს სახელით გავდივარ ყოველთვის. იშვიათად, რომ გავიდე გერმანიის სახელით... აუცილებლად გეწვევით საქართველოში ძალიან ძვირფასი გამოფენით. უკვე დაგეგმილია, ზუსტი რიცხვი ჯერ არ არის დადგენილი, მაგრამ გაზაფხულამდე 3 გამოფენა არის დაგეგმილი. უახლოეს გეგმებში იანვარში - ავსტრია, თებერვალში ლონდონი და აპრილში ამერიკაა. გაზაფხულს მინდა თქვენთან ერთად შევხვდე. ძალიან გვიყვარხართ ჩემს ოჯახს საქართველო და თითოეული თქვენგანი, ჩვენთვის ძვირფასი ბრძანდებით.
მანანა გაბრიჭიძე