"აბა რა გეგონა?!" - ერთი ქართველი დედის გულწრფელი ნაამბობი დედობის პირველ წელზე
"აბა რა გეგონა?!" - ერთი ქართველი დედის გულწრფელი ნაამბობი დედობის პირველ წელზე
1 / 2
Next
"აბა რა გეგონა?!"

როცა აუცილებლად სათქმელ სიტყვებს ვყლაპავდი, რადგან არ იყვნენ გარშემო ადამიანები, რომლებიც მომისმენდნენ, არ იყო დრო, და ენერგია საამისოდ. სულ ვფიქრობდი, რომ აუცილებლად დავწერდი იმ ერთ წელზე, რომელიც დაღმართზე მთელი ძალით სირბილს გავს. ყველა ემოცია რომ ერთმანეთში ითქვიფება და ისე სწრაფად ცვლის ერთი მეორეს, რომ აღქმას ვერ ასწრებ.

დავწერ მხოლოდ ცუდზე, რომელიც ბევრია, რომელზეც ლაპარაკი არ შეიძლება, რადგან "ღმერთს აწყენინებ", "ბავშვის გაჩენა აბა რა გეგონა", "ასეთი ბავშვი გყავდეს და წუწუნებდე", რადგან არ არსებობს "მაგრამ" და არ არსებობს "მე".
კარგზე კი ყველამ საკმარისად იცის. ამაზე ვლაპარაკობთ სტუმრებთან, უცხოებთან, ფეისბუქზე... კარგ ამბებს კაშკაშა ფოტო-ფილტრებით ვიღებთ და ვაქვეყნებთ. "ვიბანავეთოოო", "დავიძინეთოოო", "ბებო გვიყვარსოო"...
მძიმე და ძნელად ასატან ამბებზე ლაპარაკი მკრეხელობაა.

ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ალტრუისტული დამოკიდებულება ყველაზე არაჯანსაღი რამაა ნებისმიერ ურთიერთობაში, მაგრამ ორმაგად დამანგრეველია მშობლის და შვილის შემთხვევაში.მშობლები, რომლებმაც ბავშვის დაბადების წუთიდან საკუთარი თავი სადღაც შეჩურთეს, ყველაფერს უთხრეს უარი, შვილის კეთილდღეობის სანაცვლოდ ჩირგვში ჩავიდნენ (ზოგჯერ ამის საჭიროება არც არის), ბოლოს აღმოჩნდნენ სრული ბანკროტის წინაშე.
არავის ჭირდება ასეთი ზღვარგადასული თავგანწირვა, მით უფრო ბავშვებს, რომლებისთვისაც ეს აუცილებლად იქცევა ტვირთად."მე შენ გამო ყველაფერზე უარი ვთქვი. "მე შენი გულისთვის
სამსახურს დავანებე თავი, მეგობრებს დავშორდი, სახლში დავჯექი." "რაც მე ღამეები მითენებია, სკამზე ჩამძინებია, ქათმის ფრთას ვჭამდი, რომ ბარკალი შენ შეგხვედროდა". ეს "მესიჯები" უთქმელადაც მუდმივად იგრძნობა, ან უარეს შემთხვევაში, ჩაესმით ბავშვებს და წლობით ილექება მათ გონებაში. ეს ტვირთია, ცალსახად.

მამაჩემის შემყურე, რომელიც დილის რვიდან ღამის პირველ საათამდე შეუსვენებლად მუშაობდა, აუტანელ სიცხესა თუ ყინვაში გამომუშავებული ფულით იხდიდა ჩემი სწავლა-განათლების თუ მეგობრების დაბადების დღეებისთვის სავალდებულო საჩუქრების ფულს, და არასდროს საკუთარი ნებით არ უყიდია თბილი პალტო კი არა, საყვარელი ლუდიც კი. ამიტომაც, მე მთელი ცხოვრება მქონდა ურყევი ვალდებულების განცდა, რომ აუცილებლად უნდა ვყოფილიყავი კარგი გოგო.
კარგი გოგოობის კომპლექსი მშობლების თავდაუზოგავი შრომის რაღაც დოზით კომპენსირების სურვილია. მძიმეა.


”ვეჩვევი დედობას… ანუ სულ ღია მაქვს თვალები, მაშინაც, როცა მძინავს” - ანუ დედის ლექსიკონი


ისევ იმ ერთ წელს მივუბრუნდები, დედობის პირველ წელს და აუცილებლად დავიწყებ იმით, რომ როცა ები დაიბადა და პირველად დავინახე, ციდან სინათლის სვეტი არ დაშვებულა და როგორც ამბობენ, მაშინ არ მისცემია ჩემ ცხოვრებას აზრი. ჰქონდა მანამდეც. და არასდროს არავის დავუჯერებ, რომ ერთ წამში იცვლება სამყარო. ეჭვგარეშე, ეს იყო ძალიან დიდი სიხარული, მაგრამ ადამიანის აღქმა და შეყვარება ხდება ნელ-ნელა, გააზრებულად, ურთიერთობით. - ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში.
თან, მაშინ თავში მქონდა სრული ქაოსი - შიშები, ახალი შეგრძნებები, ცხოვრების ძველი წესის დათმობის სევდა, ბონუსად - ფიზიკური ტკივილი.

არიან ადამიანები, რაღაცნაირად, დიდი ხნით ადრე, შინაგანად რომ მზად არიან დედობისთვის. ოთხი საათით გაბმულად მტირალი ბავშვის დაშოშმინება რომ წარბშეუხრელად შეუძლიათ. ზოგისთვის ერს ბედნიერებაც კია. მე სხვაგან ვიყავი. სადღაც ტყე-ღრეში, კარვით და დიდი ბათინკებით მოხეტიალე გოგო უცებ აღმოვჩნდი ბავშვის საწოლთან. უამრავი ჭრელი ნაჭრის, საწოვარების, ტაშტების და ჟღარუნების ალყაში.
ეს იყო ზღვიდან ბასეინში თავის ამოყოფის ეფექტი.

და ძალიან მჭირდებოდა დღეში თუნდაც ნახევარი საათი იმისთვის, რომ ჩამოვმჯდარიყავი სადმე უბავშვებო, უადამიანებო სკვერში, ან ცარიელ, სრულიად უავეჯო ოთახში. ეს იყო ძალიან აუცილებელი ნახევარი საათი, პირადი სივრცის შესათვალიერებლად, შემოსახაზად. ძალიან მჭირდებოდა ხუთი წინადადების ბოლომდე, წყვეტის გარეშე ამოთქმა, ან მიწერა, რადგან რაღაც სიტყვები აუცილებლად, აუცილებლად უნდა გაიტანო შენგან. მერე ყარს.
და ამ სიტყვების ჩაქცევის გამო, სხვების სრულიად ზედმეტი რჩევების, საკუთარი თავის გაქრობამდე დაპატარავების და უსუსურობის, მარტოობის განცდის გამო ვტიროდი ძალიან ბევრს. ბევრს და ჩუმად.
იმის გამოც, რომ არ აღმოვჩნდი ისეთი კარგი დედა, როგორებიც მინახავს.

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
25516
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (21)
ლიკა
0
ბატონ გელა ჩარკვიანს დავესესხები,სიყვარული იმით იზომება,რა მსხვერპლის გაღებისთვის ხარ მზად შენი სიყვარულის ობიექტისთვისო და ვფიქრობ დედა-შვლობაც ასევეა...ამ განზომილებით იზომება ნებისმიერი ტიპის სიყვარული...სხვაგვარად ცაშია გამოკიდებული,ცარიელი სიტყვაა...ყალბია იმ დედის მომდევნო სიტყვები,დაუჯერებელია რომ იმ რული პერიოდის ჩავლის შემდეგაც ასე საუბრობს და სრულად ვეთანხმები "მამუკას",ეს არაა რეალური ტექსტი...ეს ფსიქოლოგის მიერაა შედგენილი და ვაი საცოდაო თაობავ,ასეთმა გულგაცივებულმა დედებმა რომ უნდა გაგზარდოთ და ბავვობიდანაც ვერ წაიღებთ სითბოს საგზლად
14:04 / 17-01-2018
ლიკა
9
იცით როდის დაინახავდა ამ წერილის ავტორი(ვუშვებ დიდ ალბათობას,რომ ეს არაა კონკრეტული პირის მიერ მონათხრობი და ეს წერილი რომელიმე,მასებთან მომუშავე ფფსიქოლოგის შედგენილი ტექსტია და მასზე გამოხმაურებები თავისი საკუთარი კონკრეტული კვლევისთვის სჭირდებ)რამდენიმე წლიანი მკურნალობის,უიმედო მოლოდინის შემდეგ რომ გახდიდა უფალი ღირსი და აჩუქებდა შვილს,თანაც ჯანმრთელს...დასანანია,დედობის პირველი წელი და იმედია შემდგომი წლები აღარ,ტანჯვად რომ ექცა,მაგრამ მეტად შესაბრალი ის პატარაა,რომელსაც დედის მტანჯველად მოვლენა არგუნა უფალმა...არც ერთი პატარას ცხოვრება არ მემეტება იმისთვის,ასეთ უგუნურ დედას ჭკუა ასწავლოს და ყველა დღე და წამი ანანებინოს თითების დაკვნეტამდე,როცა მის პატარაზე თავის აგრესიას ანთხევდა...
16:03 / 16-01-2018
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?