იდეალური დედა ბავშვის თვალსაზრისით - მეტი სიყვარული და ყურადღება ბრიტანელმა სოციოლოგებმა საინტერესო გამოკითხვა ჩაატარეს – ექვსიდან თხუთმეტ წლამდე სამი ათასი ბავშვი გამოკითხეს და ჰკითხეს, როგორი უნდა იყოს იდეალური დედა. ბავშვების უმრავლესობამ თქვა, რომ იდეალურმა დედამ მათთან ბევრი დრო უნდა გაატაროს, სკოლაში უნდა ატაროს, არ გაუბრაზდეს ტანსაცმლის დაბინძურებისთვის, დღის ნებისმიერ დროს დართოს ტელევიზორის ყურება იმის მიუხედავად, როგორ მოიქცნენ ბავშვები.
კვლევის ინიციატორი სოციოლოგი კეტრინ კრაფვორდია. ის დარწმუნებულია, რომ თანამედროვე ქალებისთვის გაცილებით რთულია დედობა, რადგან ბევრი რამის შეთავსება უწევთ და ასევე ცდილობენ, გარკვეულ იდეალს მოერგონ, რომელსაც კინო და ტელევიზია ნერგავს.
"ამიტომ თანამედროვე დედას სულ ჰგონია, რომ რაღაცას ისე არ აკეთებს, - ამბობს კრაფვორდი, - სულ თავს იდანაშაულებს. იმისთვის, რომ დედებმა შეწყვიტონ ღელვა, კვლევა ჩავატარეთ და ბავშვებს ვთხოვეთ, იდეალური დედა აღწერათ. გაირკვა, რომ მათ მოთხოვნებთან მოსარგებად სულაც არ არის საჭირო რაიმე ზებუნებრივის კეთება".
რა სურთ ბავშვებს
აღმოჩნდა, რომ ბავშვებს სულაც არ სდომებიათ გვერდით ისეთი ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის ამქვეყნად, ყველაფერი შეუძლია, დილიდან საღამომდე მხიარულობს და კარგად ამზადებს კერძებს. სამაგიეროდ, ბავშვებს თურმე ძალიან სჭირდებათ ისეთი დედა, რომელიც მათ ყოველდღე უნაწილებს ბევრ დროს, სითბოსა და ყურადღებას, სულ გვერდით არის, როცა პატარებს პრობლემები აქვთ. ბავშვებს სურთ, დედამ მათ ნება დართოს, თმებზე მოეფერონ, სიამოვნებით უყუროს, როგორ ისვრიან ტანსაცმელს თამაშის დროს. არც გემრიელ კერძებზე ამბობენ უარს, თუმცა სურთ, იდეალურმა დედამ სადილისა და ვახშმის მომზადებას 30 წუთზე მეტი არ მოანდომოს, რომ ბავშვებისთვის დარჩეს მეტი დრო. ხშირად უნდა მოეფეროს შვილს, აკოცოს, ძილის წინ ესაუბროს, წაუკითხოს, შეაქოს, ისეირნოს მათთან ერთად, ეთამაშოს, მოირბინოს, როგორც კი დაუძახებენ, გამოაცხოს ნამცხვრები.
რასაკვირველია, პატარებს ისეთი სურვილებიც აქვთ, რომ დედამ არ აუკრძალოს ტელევიზორთან და კომპიუტერთან ჯდომა, სხვა რამეების ნებაც დართოს, მაგრამ ეს სურვილები არაფერია იმასთან შედარებით, რაც ბავშვებს თურმე ყველაზე მეტად სურთ დედისგან – მეტი სიყვარული და ყურადღება.