"სკოლაში მუდამ პრობლემა მქონდა იმის გამო, რომ დედაჩემი მშობელთა კრებებს არ ესწრებოდა" "ბავშვობაში მეტი ახლობლობა ჩემს გამზრდელთან მქონდა, რომელსაც უჩიკას ვეძახდი. მასზე მშვენიერი, კეთილი, საყვარელი არავინ მეგონა"... - ამბობს მაგდა მჭედლიძე. იგი თავის ბავშვობაზე და დედის – ნანა მჭედლიძის შესახებ გვესაუბრა.
- ბავშვობა, ალბათ, სანუკვარი ხანა უნდა იყოს ყველასთვის თუ არა, უმრავლესობისათვის მაინც. რაც შემეხება მე, არა მგონია, ჩემი და დედაჩემის ურთიერთობა მაინცადამაინც სანიმუშო იყოს, მაგრამ, რაკი ინტერესი გაგიჩნდათ, მოგახსენებთ... ჩვენი ოჯახი, რაც თავი მახსოვს, სამი ადამიანისაგან შედგებოდა: დედა, მისი გამზრდელი, ვერა დანგაძე, რომელიც შემდეგ ჩემი გამზრდელიც გახლდათ და მე. იმის გამო, რომ დედა სამსახურში იყო დაკავებული, მე დღის განმავლობაში ჩემს გამზრდელთან ვიყავი. დედა იღებდა, ასე ვთქვათ, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, ჩემი გამზრდელი კი ასრულებდა: რომელ საბავშვო ბაღში მევლო, რომელ სკოლაში, რა სპექტაკლებს დავსწრებოდით, სად დაგვესვენა და ა. შ. თუმცა ადრეულ ასაკში, სკოლაში წასვლამდე, უფრო თვითონ მატარებდა ყველგან, თვითონ მასწავლა ცურვა სამი წლის ასაკში, მასწავლიდა ლექსებს...
სულ პატარა რომ ვიყავი, განსაკუთრებით მიყვარდა საღამოს სამსახურიდან დაბრუნებული წიგნს რომ მიკითხავდა ხოლმე. თუმცა, სკოლაში წასვლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ჩემს სწავლა-განათლებას აღარ აკონტროლებდა. ყიდულობდა ყველაფერს, რაც ბავშვის განსავითარებლად აუცილებელი იყო (მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი რამ საბჭოთა პერიოდში დეფიციტური და არც თუ მარტივად მოსაპოვებელი იყო) – უამრავ სათამაშოს, ფანქრებს, სახატავ რვეულებს, საღებავებს, ნოტებს, წიგნებს... და დარწმუნებული იყო, რომ დანარჩენი უკვე ჩემი საქმე იყო და ვერც კი წარმოედგინა, რატომ შეიძლებოდა, რომ არ გამეკეთებინა: არ დამეხატა, არ დამეკრა, წიგნი არ წამეკითხა, არ მესწავლა... სკოლაში მუდამ პრობლემა მქონდა იმის გამო, რომ დედაჩემი მშობელთა კრებებს არ ესწრებოდა და კლასის ჟურნალს მისი ხელმოწერა აკლდებოდა.
ამიტომაც, ბავშვობაში მეტი ახლობლობა ჩემს გამზრდელთან მქონდა, რომელსაც უჩიკას ვეძახდი. მასზე მშვენიერი, კეთილი, საყვარელი არავინ მეგონა.
ბუნებრივია, რომ ჩვენი გამზრდელი დედაჩემს განსაკუთრებულად უყვარდა და ემადლიერებოდა. როდესაც უჩიკა გარდაიცვალა, დედამ იგი ხონში დაკრძალა, დედის საფლავის მომიმაჯნავე ადგილას და დაიბარა, თავად სწორედ თავისი გამზრდელის გვერდით დაეკრძალათ.
- ბავშვობაში მეგონა, რომ მკაცრი იყო, რადგან სიცელქის გამო დასჯის ფუნქცია სწორედ მას ჰქონდა. მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, აბა, რა უნდა ექნა, როდესაც რამეს ვაშავებდი!? სხვათა შორის, ჩემს თანატოლებთან წაკინკლავება იქნებოდა თუ სხვებთან რამე უთანხმოება, არასოდეს გავუმართლებივარ, თუკი თვლიდა, რომ მე მართალი არ ვიყავი. მაშინ ეს ძალიან მწყინდა, რადგან მეჩვენებოდა, რომ სხვა მშობლები ყოველთვის თავიანთი შვილების მხარეს იყვნენ. სამაგიეროდ, აქტიურად, საკმაოდ აგრესიულადაც კი მიცავდა, ბავშვობაშიც და მერეც, როდესაც ჩათვლიდა, რომ უსამართლოდ მომექცნენ. შემიძლია ვთქვა, რომ ყოველგვარი მორალის კითხვის გარეშე, დედაჩემის ცხოვრება, მისი დამოკიდებულება საქმისადმი, ადამიანებისადმი, ზოგადად, სამყაროსადმი, მისი რეაქციები ამა თუ იმ მოვლენებსა და ქმედებებზე, იყო ჩემთვის მაგალითი, რომლის მიხედვითაც ყალიბდებობოდა ჩემი ზნეობრივი ღირებულებები.
- მე რომ დავიბადე, დედის და ბებიას სახლები ხონში უკვე გაყიდული იყო. მოგეხსენებათ, სახლს მოვლა სჭირდება, იქ კი აღარავინ ცხოვრობდა... ხონის სახლის გაყიდვას დედა მთელი ცხოვრება ნანობდა. ამასთან, ხონის მიმართ მას ორგვარი დამოკიდებულება ჰქონდა: ერთი მხრივ, ეს იყო სასიამოვნო მოგონებები დედასთან ერთად გატარებული თავისი ბედნიერი ბავშვობის შესახებ, მისი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში, რომელთაც მუდამ ახსენებდა, ხოლო, მეორე მხრივ, დედის დაპატიმრების და შემდგომი პერიოდის პერიპეტიების ხსოვნა, გულისტკივილი ამ მძიმე პერიოდის გამო... ამიტომ თუ იმიტომ, ბავშვობაში ხონში ერთადერთხელ ვყავდი და ისიც – გავლით. შეიძლება ითქვას, რომ პირველად ხონი "იმერული ესკიზების" გადაღების დროს გავიცანი.
ამავე დროს, ის ფაქტი, რომ მან ხონის მიწა მოინდომა სამუდამო განსასვენებლად, თავისი ძვირფასი ადამიანების გვერდით, ნათლად მეტყველებს, რომ ხონი მისთვის ყველაზე ძვირფას ადგილად დარჩა.
- არ ჩარეულა ჩემი პროფესიის არჩევაში. ერთადერთი, არ უნდოდა კონკრეტულად კინოსთან მქონოდა საქმე, რადგან თვლიდა, რომ მე ამ სფეროში საქმიანობისათვის აუცილებელი ხასიათი არ მქონდა. სარეჟისოროზე მინდოდა ჩაბარება, მაგრამ მირჩია, ჯერ რამე სხვა სპეციალობა შემესწავლა და შემდეგ, მოსკოვში, კინოსკოლის ორწლიან კურსებზე ჩამებარებინა. დავუჯერე, ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე და ისე მოხდა, რომ დღემდე ამ უნივერსიტეტში ვიმყოფები, ამჯერად როგორც ლექტორი.
მანანა გაბრიჭიძე