"დედებს ვურჩევ, ბევრს ნუ ინერვიულებენ... ბავშვებს არ სჭირდებათ დანევროზებული დედები...“ "შვილის გამო გავხდი თხუთმეტგზის სისხლის დონორი. სისხლს ვაბარებდი სპეციალურად, ორ თვეში ერთხელ მაინც, რომ ჩამოვსულიყავი შვილის სანახავად... უნივერსიტეტში გაცდენებს არ გვპატიობდნენ და იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლს ვაბარებდი, სამ დღეს თავისუფალს მაძლევდნენ. იმ წუთშივე ბილეთს ვიღებდი და თბილისში შვილის სანახავად მოვფრინავდი. აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, თუ რამდენად უკიდეგანოა შვილის სიყვარული და ადამიანს ყველაფერს შეგაძლებინებს"... - ექიმი-პედიატრი ინგა მამუჩიშვილი შვილებსა და შვილიშვილებით გამოწვეულ ბედნიერებაზე გვესაუბრა...
- პირველ წელს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში რომ ვაბარებდი, ერთი ქულა დამაკლდა, ვერ მოვხვდი და შემდეგ მოსკოვში გავემგზავრე, სადაც მოსამზადებელი მიღება გამოცხადდა. იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, რომელთანაც 49 წლის ასაკამდე ვიცხოვრე... ოცი წლისას შემეძინა ბიჭი. წარმოიდგინეთ, მოსკოვში ვსწავლობდი და უმძიმესი პერიოდი იყო ჩემთვის. საუკეთესოდ მომზადებული ვიყავი სხვადასხვა საგანში და მოსკოვში გაკვირვებული იყვნენ, რატომ ვერ მოვხვდი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში, მაგრამ მოგეხსენებათ, საყოველთაოდაა ცნობილი, თუ რა კორუფცია იყო მაშინ თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში. მოსკოვში სწავლა ურთულესი გახლდათ, ძალიან ბევრ საგანს გავდიოდით და თან რუსულად, ინგლისურად, ლათინურად... მე რუსული ენა კარგად ვიცოდი, მაგრამ ვიცით, სამეცნიერო ენა რამდენად რთულია. ამ ყველაფრის პარალელურად შეყვარებული აღმოვჩნდი, იმ პერიოდში ჩემი მეუღლეც იქ სწავლობდა.
- ჩემი შვილი – დაჩი დვალიშვილი რომ დაიბადა და დავინახე, სამყარომ ჩემს ირგვლივ დაიწყო ტრიალი. ბავშვი 4 კილო და 400 გრამი იყო, საოცარი, ძალიან ლამაზი, სამშობიაროში შოთა რუსთაველს ეძახდნენ... ბავშვობიდან კარიერისტი ვიყავი, ძალიან დატვირთული, ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი, მაგრამ თითქოს ყველაფერი დამთავრდა და გაჩნდა ადამიანი, რომელზეც უნდა მეზრუნა... ძალიან დიდი როლი ითამაშა დედაჩემის ფაქტორმა. მოგეხსენებათ, მე სხვა ქვეყანაში ვიყავი, იმ დროს მოსკოვში სწავლა საზღვარგარეთ სწავლას უტოლდებოდა. აკადემიური რომ ამეღო, ჩემი სწავლის პროცესი დიდხანს გაგრძელდებოდა და ეს არ იყო სასურველი ჩემებისთვის, რადგან დედისერთა გახლდით. ისედაც მათი დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად გავემგზავრე მოსკოვში, რასაც ძალიან განიცდიდნენ... დედაჩემმა თქვა, სანამ ბუნებრივ კვებაზე იქნება ბავშვი, მეც აქ ვიქნები, აქ გავზარდოთ და მერე წავიყვან თბილისშიო...
მართლაც ისე მოხდა, რომ ბავშვი ოთხ თვემდე მოსკოვში იყო, შემდეგ ჩამოვიყვანეთ თბილისში და არდადეგების პერიოდი დაემთხვა. თბილისში გატარებული არდადეგების შემდეგ მოსკოვში გავემგზავრე და შვილის გამო გავხდი თხუთმეტგზის სისხლის დონორი. სისხლს ვაბარებდი სპეციალურად, ორ თვეში ერთხელ მაინც რომ ჩამოვსულიყავი შვილის სანახავად... უნივერსიტეტში გაცდენებს არ გვპატიობდნენ დ იმ შემთხვევაში, როდესაც სისხლს ვაბარებდი, სამ დღეს თავისუფალს მაძლევდნენ. იმ წუთშივე ბილეთს ვიღებდი და თბილისში შვილის სანახავად მოვფრინავდი. აქედან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, თუ რამდენად უკიდეგანოა შვილის სიყვარული და ადამიანს ყველაფერს შეგაძლებინებს. გოგონა, რომელსაც ალბათ სულ მაგდენი სისხლი მქონდა, რადგან ძალიან გამხდარი ვიყავი, ასე ვაბარებდი სისხლს, სამი დღე რომ თავისუფალი მქონოდა შვილის სანახავად... ჩემი შვილი ახლა დასრულებული ბიჭია, საიმედო კაცი, რომელიც ძალიან სერიოზული პიროვნებაა. ძალიან ძლიერი ფინანსისტია. ჰყავს არაჩვეულებრივი მეუღლე, რომელიც ჩემი კოლეგაა. ორი შვილი ჰყავთ. განსხვავება ბავშვებს შორის დიდია. ერთია 11 წლის და მეორე წლი-ნახევრის.
- ჩემი გოგო – სოფო დვალიშვილი 28 წლის ასაკში შემეძინა და ამ ასაკში კიდევ უფრო შეიგრძნობ დედობის ბედნიერების სიმძაფრეს... იმ დროს კრწანისის რაიონის მთავარ პედიატრი ვიყავი. ბოლო წუთამდე სამსახურში დავდიოდი. თან უფროსმა კოლეგამ მირჩია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასპირანტურაზე მიღება გამოცხადდა და შენ აუცილებლად უნდა ჩააბაროო... ჩემი გოგონა ნოემბერში გაჩნდა და მე სექტემბერში წავედი და წარმატებით ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში. გავხდი ასპირანტი, შემდეგ იყო საკანდიდატო დისერტაცია, შემდეგ - სადოქტორო დისერტაცია... რაც შეეხება ჩემს გოგონას, 4 კილო და 600 გრამი დაიბადა, ძალიან ლამაზი, უზარმაზარი თვალებით. ყველა ეფერებოდა... ძალიან მინდოდა, გოგონა მყოლოდა და იგი უდიდესი გამართლებაა ჩემი ცხოვრების. წარმატებული გოგოა, დღეს სახელმწიფო მოხელეა... 27 წლისაა და თან მოსწრებული დედაა, უკვე 7 წლის ბიჭი ჰყავს.
- შვილიშვილებს რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ნეტავ შვილები საერთოდ მყვარებია-მეთქი?.. საოცრებაა, შვილიშვილები იმდენად გავიწყებს ყველაფერს... ალბათ ყველა ბებია ასეა და მეც შვლიშვილების გამო შემიძლია შვილი გვერდზე გადავწიო. მათ გამო შემიძლია შვილები სერიოზულად დავტუქსო და ვაწყენინო. შვილიშვილები ჩემ მეგობრები არიან. ერთი წლი-ნახევრისაა და მეუბნება, ბებე ბულშიო – გულში მიყვარხარო...
- გამოსადეგი იყო, მაგრამ ხელისშემშლელია ნერვიული სისტემისთვის... მე ზოგადად ყველა ბავშვზე ძალიან ბევრს ვფიქრობ. ბავშვით იწყება და მთავრდება ჩემი ცხოვრება... თითოეული ბავშვი ჩემი საკუთარია - ასეთი კრედო მაქვს ცხოვრებაში. ყველა ბავშვი ჩემს თვალწინ გადის...
ბევრ ნეგატივს ვხედავ ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით და არ ვამტყუნებ მშობლებს შეშფოთებული რომ მეკითხებიან, ბავშვი ფერმკრთალია, გამონაყარი აქვს და რამე ცუდი ხომ არ ექნებაო... ისეთი დრო დადგა, როდესაც უმძიმესი ეკოლოგიური მდგომარეობა გვაქვს და ჩვენი ახალგაზრდა მშობლები ძალიან შეშნებულები არიან, თუ როგორი იქნება მათი შვილების მომავალი... ეს შიში მეც გადმომედება ხოლმე. როდესაც პროფესიონალი და ღრმა ხარ, კიდევ უფრო მეტს ფიქრობ. ვცდლობ ყველაფერი ისე გადავიტანო, რომ ჩემი ოჯახის წევრები არ დავტვირთო და თავს არ მოვახვიო ბევრი რამ. როდესაც ექიმი ხარ და თითოეული ფაქტორის მავნეობის შესახებ იცი, ბუნებრივია, მეტად განიცდი. თან ცდილობ შვილს დელიკატურად მიუთითო, რაც მავნეა ბავშვისთვის. ტაქტიანად უნდა თქვა, რომ არ ეწყინოს, სიძეს, რძალს... მე ყველასთან ურთიერთობებს ძალიან ვუფრთხილდები.
ახალგაზრდა დედიკოებს განსაკუთრებით ვურჩევდი, არანაირი პანიკური განწყობა არ ჰქონდეთ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. თუ მცირე რამ შეამჩნიეს, ყველაფრიდან არის გამოსავალი, თუ დროული მიმართვიანობა იქნება. ძალიან ვთხოვ ტყუილად არ ინერვიულონ, რადგან შერჩებათ ტყული ნერვიულობა და ბავშვები გასაზრდელი ჰყავთ. ბავშვებს არ სჭირდებათ დანევროზებული დედები... თავისუფალი დრო მთლიანად შვილებს მიუძღვნან. დღეს თითოეული ბავშვი მშობლის დეფიციტს განიცდის. თუ მეგობრების წრეში მიდიან, შვილებიც თან წაიყვანონ. დღეს ბებია-ბაბუებთან არიან თითქმის ბავშვები, ენატრებათ მშობლები და აქედან გამომდინარე ვღებულობთ ჩვენ რთულ ბავშვს... მაქსიმალურად შეეცადონ მშობლები, ბაშვებს ჯანსაღი საკვები მიაწოდონ და შეძლებისდაგვარად დიდხანს ჰყავდეთ სუფთა ჰაერზე. არანაირი ინვესტიცია არ დაინანონ ბავშვის განათლებისთვის... ყველა ბავშვს ვუსურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს!
მანანა გაბრიჭიძე