"თუ ქალები მინდორში მშობიარობენ და კარგად არიან, მე კი სამშობიაროში გამიჭირდა - ე.ი. სუსტი ვარ?" საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ქალი ცხოვრობდა სრულიად ჩაკეტილ სამყაროში, სადაც ის თავის პრობლემებთან იყო მარტო, ვერავის ანდობდა დარდს, რადგან ეს არ იყო მიღებული და მეტიც, პრაქტიკულად აკრძალული გახლდათ. იმის თქმა, რომ რთული პერიოდი გქონდა - სირცხვილი იყო. დუმდნენ ქალები, რადგან სხვებიც დუმდნენ. ეს არ განიხილებოდა. ამის შესახებ არ იწერებოდა გაზეთებში, არ საუბრობდნენ რადიოში, არ აფრთხილებდნენ ექიმები... დედებს კი ამ სიჩუმით თავისი თავისთვის განაჩენი გამოჰქონდათ: თუ სხვები უმკლავდებიან და მე ვერა - ე.ი. პრობლემა ჩემშია. თუ ქალები მინდორში მშობიარობენ და კარგად არიან, მე კი სამშობიაროში გამიჭირდა - ე.ი. სუსტი ვარ? თუ სხვები ასწრებენ ბავშვების კარგად აღზრდას და საოჯახო საქმიანობას, ჩემთვის კი ეს ყველაფერი სირთულეს წარმოადგენს, ეს ნიშნავს იმას, რომ ცუდი დედა ვარ?
თაობები იცვლებოდა, მოხუცები მიდიოდნენ, მათ ადგილას მოდიოდნენ ახალგაზრდები. უცებ სამყაროში რაღაც შეიცვალა: ერთმანეთის მიყოლებით დაიწყო გამოცემები, რომლებიც ამბობდნენ: "საყვარელო ქალებო, ყველაფერი კარგადაა! დიახ, მშობიარობა საშიში და მტკივნეულია! მშობიარობის შემდგომი დეპრესია - სერიოზული აშლილობაა და ამის იგნორირება არ შეიძლება, რომ აღელვება და ტირილი - ჩვეული მდგომარეობაა". გაჩნდა ახალი შეხედულება "ბედნიერი დედა უდრის ბედნიერ ბავშვს".
მაგრამ მეორე უკიდურესობაში გადავვარდით. ესეც თითქოს ტრენდად იქცა. ახლა ახალგაზრდა დედები ლამის ეჯიბრებიან ერთმანეთს, ვინ როგორ მიაბარა თავისი პატარები ძიძებს, ნათესავებს... ის, რაც ადრე ანონიმურად, მორიდებულად, დახურულ ჯგუფებში განიხილებოდა, ახლა ღიად განიხილება და მიღწევად ითვლება. ათასობით თანადგომის კომენტარით ამხნევებენ დედებს სოციალურ ქსელებში.
"არ უნდა მეშინოდეს, ვერავინ მაიძულებს გაჩუმებას, მე თავისუფალი ვარ, ჩემი ცხოვრება, კარიერა და ინტერესები არ უნდა შევწირო არავის მსხვერპლად (თუნდაც ჩემს შვილებს)". გასაგებია, მაგრამ არა ასე კატეგორიულად. "ნორმალურია - არ გიყვარდეს საკუთარი შვილები" - რა თქმა უნდა, არა. ეს ნორმალურია მშობიარობის შემდგომი დეპრესიის პირობებში (რაც მკურნალობას საჭიროებს). "ნორმალურია სინანულის გამოთქმა უკვე მიღებულ გადაწყვეტილებაზე" - დიახ, ნორმალურია, მაგრამ თუ თქვენ უკვე გააკეთეთ არჩვანი, შეჩერდით, არ გაიქცეთ და მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიც ის გახდა ბავშვებთან ერთად. "არ მინდა გადავიქცე დიასახლისად!" - არც არის საჭირო, შეგიძლია დარჩე ისეთივე აქტიურ, მხიარულ ადამიანად - როგორიც იყავი, ოღონდ უკვე ბავშვთან ერთად.
თქვენ არ შეგიყვარდებათ თქვენი შვილი მხოლოდ იმიტომ, რომ მისი დედა ხართ, საჭიროა გაიაროთ ყველაფერი - მშობიარობა, პირველი კვირები, პირველი წელი, სამი წლის კრიზისი, ბაღის და სკოლის სირთულეები, უძილობა, სინანული - აი ამის შემდეგ გაიღვიძებს ნამდვილი სიყვარული.
უკვე მოზარდობის ასაკში ვხვდებით, რომ ერთადერთი, რაც გვაკლია ამ ცხოვრებაში - სიყვარულია. მთავარი სიყვარული, რომლის გარეშეც ნებისმიერი რამ კარგავს აზრს - დედობრივი სიყვარულია. იყავით ის, ვინც ხართ, არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში, გიყვარდეთ თქვენი შვილები, იზრუნეთ მათზე, მაგრამ ნუ დაივიწყებთ საკუთარ თავს, თქვენ გაქვთ უფლება შეინარჩუნოთ თქვენი "მე" და იყოთ ბედნიერი! დედობა არ უნდა ნიშნავდეს მსხვერპლად შეწირვას და არც მეორე უკიდურესობას - ყველა თქვენი უფლება-მოვალეობა სხვებს გადააბაროთ. მიყევით თქვენს დედობრივ ინსტინქტებს, თქვენს გულს, თქვენს უნიკალურ ურთიერთობას თქვენს შვილთან, თქვენს ყოველდღიურ რეალობას და არა სხვათა "ტრენდებს" და "გამოცდილებებს". გიყვარდეთ თქვენი პატარა და მიუძღვენით მას თქვენი დრო, სიყვარული და ყურადღება იმ რაოდენობით, როგორც თქვენ შეგიძლიათ, გესმით, მოგწონთ და როგორც ფიქრობთ, რომ სჭირდება თქვენს შვილს.
”ვეჩვევი დედობას… ანუ სულ ღია მაქვს თვალები, მაშინაც, როცა მძინავს” - ანუ დედის ლექსიკონი