მომხდარის მიმართ უნდა შევცვალოთ საზოგადოებამ დამოკიდებულება! "ერთ საბედისწერო საღამოს, როცა სამსახურიდან სახლში ვბრუნდებოდი, ოთხი უცნობი ახალგაზრდა ბიჭი თავს დამესხა და გამაუპატიურა. მომხდარზე ყველაფერი არ მახსოვს, რადგან წინააღმდეგობის გაწევისას სასტიკად მცემეს. წიხლებს მირტყამდნენ, სახეში კი - მუშტებს... გონზე საავადმყოფოში მოვედი... მკურნალობის თვე-ნახევრის შემდეგ გავიგე, რომ ფეხმძიმედ ვიყავი. როცა ოჯახში გაიგეს, მშობლებმა და და-ძმამ საშინელი წინააღმდეგობა გამიწიეს. მლანძღავდნენ, მამცირებდნენ, თავი მოგვჭერი, შეგვარცხვინეო... მაძალებდნენ აბორტს. რომ ვერ დამითანხმეს, ბოლოს მოძებნეს ვიღაც, ვისზედაც ბავშვი უნდა მიეყიდათ. მე ჩემს შვილს ვერ დავთმობ. მართალია, ეს ბავშვი იმ საშინელ ღამეს ხშირად გამახსენებს, მაგრამ ბავშვმა რა დააშავა? მე ვერც მოვკლავ შვილს და ვერც გავყიდი!" - ესაა ამონარიდი სტატიიდან, სადაც ცოტა ხნის წინ ძალადობის მსხვერპლ გოგონაზე ვუამბეთ მკითხველს (იხილეთ სტატია სრულად - "ბავშვი გადაურჩა ორგანოების გაყიდვას!" - ქართველი გოგონას თავზარდამცემი ისტორია, რომელიც ოთხმა ბიჭმა სასტიკად გააუპატიურა).
იგი ოჯახის წევრებს დაუპირისპირდა და შვილზე უარი არ თქვა... სტატიამ მკითხველის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, ბევრი თვლიდა რომ გოგონა არასწორად მოიქცა, რადგან ბავშვი როცა სიმართლეს გაიგებს, ძალიან დაითრგუნება...
აღნიშნულ საკითხზე ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა გვესაუბრა, რომელიც ძლადობის მსხვერპლ ქალებს და საზოგადოებას რჩევებს აძლევს...
- ბუდას ცხოვრება არის ძალიან საინტერესო! 22 წლამდე ბუდას "გადაჭარბებული" მზრუნველობის გამო რეალურ ცხოვრებას უმალავდნენ. როდესაც მან გადააბიჯა სასახლის გალავანს და რეალურ ცხოვრებას ეზიარა, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ აღმოაჩინა... პირველი აღმოჩენა ის იყო, რომ - ცხოვრება ტანჯვაა. მეორე - მიიღო ტანჯვა და რომ ეს გაგათავისუფლებს ტანჯვისგან, რაც ეტაპობრივად მოხდება - ესაა ბუდას გზა! ქრისტემ აღმოაჩინა, რომ ადამიანები უმეტესწილად იმას აკეთებენ, რაც არ იციან... დანაშაული იქნება ეს თუ სხვა რამ. იმიტომ ამბობს "უფალო, შეუნდე, რამეთუ არ იციან რასა სჩადიან"...
რისი შედეგიც არ უნდა იყოს ადამიანის მოვლინება ამქვეყნად, მისი არსებობა გულისხმობს უკვე პასუხისმგებლობას პირველ რიგში საკუთარი თავის წინაშე! რა მოხდა, ის კი არ არის მთავარი, არამედ როგორია მომხდარის მიმართ დამოკიდებულება! ეს პასუხისმგებლობა ყველა იმ ადამიანზეა დამოკიდებული, ვინც ბავშვის ირგვლივ ტრიალებს! ბავშვი ღმერთის, სამყაროს, ადამიანების და ყველას მიმართ უცოდელია! თუ როგორი იქნება ბავშვი, იმაზეა დამოკიდებული, როგორ სააღმზრდელო გარემოში გაიზრდება, როგორი იქნება მისი მშობელი! ჩემს პრაქტიკაში ყოფილან ძალადობის მსხვერპლი ქალებიც და ბავშვებიც, რომლებიც ძალადობის შედეგად დაიბადნენ! ვიმეორებ, რომ მომხდარს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა! მომხდარის მიმართ უნდა შევცვალოთ საზოგადოებამ დამოკიდებულება! არსებულს და მომხდარს ვერ შევცვლით!
ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა, რასაკვირველია, უნდა გააჩინონ ბავშვები! ასე თუ ყველაფერს ჩავყვებით, ყველა სექსუალური აქტი ბიოლოგიურია! შემდეგ არის გასოციალურებული ქორწინებით, ჯვრისწერით და ასე შემდეგ... რა თქმა უნდა, ძალადობა დასაგმობია და ამას ყველა უნდა ვებრძოდეთ, მაგას გამართლება არ აქვს! მაგრამ ბავშვმა რა დააშავა - არ უნდა გავჩნდე ამ ქვეყანაზე, რადგან სხვებმა არ იციან, როგორ მომექცნენ? ასეთ ბავშვებს ღვთის შვილებს უწოდებენ!
მივესალმები იმ გოგონას ნაბიჯს და სხვებიც ასე უნდა იქცეოდნენ! აბორტი ყველაზე დიდი ცოდვაა რელიგიურად და სამოქალაქო ცხოვრებაში დანაშაული! ძალადობის მსხვერპლ ქალებს ვურჩევდი შინაგანად იყვნენ დედები, ჭეშმარიტი დედობა უპირობო სიყვარულს ნიშნავს და არ აქვს მნიშვნელობა ბავშვი როგორ გაჩნდა!
მანანა გაბრიჭიძე