ნუ ჰკითხავთ ჩვენ შვილს, ვარდისფერი რომ აცვია, გოგო ხომ არ არის? მან იცის, რომ ფერები არ იყოფა სქესის მიხედვით გთხოვთ:
ნუ ეტყვით ჩვენ შვილს, რომ “აუა” მოვა და უკბენს. ჩვენ გვინდა, რომ მას ყველანაირი ცხოველი (ფრინველი, ქვეწარმავალი, ა.შ.) უყვარდეს. ნუ ეტყვით, რომ ბიჭია და რა ატირებს. ადამიანი, სქესის მიუხედავად, უფლებამოსილია, გამოხატოს ემოციები. ამასთან, ცრემლების ჩაქცევა ერთ-ერთი ყველაზე საშიში დიაგნოზია. ნუ ჰკითხავთ ჩვენ შვილს, ვარდისფერი რომ აცვია, გოგო ხომ არ არის? მან იცის, რომ ფერები არ იყოფა სქესის მიხედვით. ნუ შეაშინებთ ჩვენს შვილს ექიმებით და ნემსებით. ჩვენ მას ვუხსნით, რომ ექიმები ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნავენ და ცდილობენ, დიდხანს ვიცოცხლოთ. ნუ დააწყნარებთ ჩვენს შვილს სიტყვებით: “აი, დედა მოდის”, როცა დედა სამსახურშია. მან იცის, რომ როცა ეუბნებიან, დედა მოვა ხუთ წუთში, ე.ი. ის მართლა ძალიან მალე მოვა. ნუ ეტყვით, რომ მიქსერი რა ბიჭის სათამაშოა, მას უყვარს მიქსერები და ჩვენ გვჯერა, რომ ძალიან მალე მიეხმარება მამიდას “მაფინების” გამოცხობაში. ნუ ნერვიულობთ, როცა ის შუა “კარფურში” იატაკზე წვება და თამაშს იწყებს. ჩვენ მას ვაკონტროლებთ, ხომ არ უშლის ხელს ვინმეს გადაადგილებაში, ან ხომ არ ვნებს თავის თავს. ამ შემთხვევაში, ორივე ტესტი ჩაბარებული აქვს. ითამაშოს. დაიკიდეთ. ნუ “სცემთ” მაგიდას იმის გამო, რომ მან თავი მიარტყა. ასე ის ისწავლის სხვის უსამართლოდ დასჯას. ჩვენ ვეუბნებით, რომ მაგიდა ერთ ადგილას დგას და თავი თვითონ მიარტყა. თუ არ დაგეზარებათ, უბრალოდ მოეფერეთ და “მოურჩება”.
თუთა ჯგუშია